Facebook Twitter
ბს-631-609(გ-10) 24 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელეები _ ც. ს-ძე, ე. შ-შვილი, ზ.ს-შვილი და თ. ს-შვილი

მოპასუხე _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო

მესამე პირები _ ნ. ჩ-შვილი; თ. ს-შვილი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 20 იანვარს ც. ს-ძემ, ე. ს-შვილმა, ზ. ს-შვილმა და თ. ს-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, 2003 წლის 12 დეკემბერს ნ. ჩ-შვილსა და თ. ს-შვილს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ. ს-შვილის თანასაკუთრებაში არსებული მცხეთის რაიონში, სოფ. ... მდებარე 0.31 ჰა მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით. აღნიშნული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს წარმოადგენდნენ თ. ს-შვილი, ც. ს-ძე, ე. ს-შვილი, ზ. ს-შვილი და თ. ს-შვილი, შესაბამისად, თ. ს-შვილის საკუთრების უფლება შეადგენდა 1/5-ს.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ თ. ს-შვილის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ნ. ჩ-შვილმა საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანა თანხის დაკისრების მოთხოვნით. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით თ. ს-შვილს ნ. ჩ-შვილის სასარგებლოდ 27 803.76 ლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის 667.30 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
მოსარჩელეების განმარტებით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2009 წლის 2 ნოემბერს მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ განმეორებით იძულებით საჯარო აუქციონზე გაიყიდა თ. ს-შვილის თანასაკუთრებაში არსებული მცხეთის რაიონში, სოფელ ... მდებარე უძრავი ქონება, რომლის თანამესაკუთრეებს ასევე წარმოადგენდნენ ც. ს-ძე, ე. ს-შვილი, თ. ს-შვილი და ზ. ს-შვილი.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2009 წლის 2 ნოემბრის ¹10/10-04/9-1016 განკარგულების შესაბამისად, ნ. ჩ-შვილმა თ. ს-შვილის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შეიძინა, ხოლო ¹10/10-04/9-1021 განკარგულების თანახმად, ნ. ჩ-შვილმა შეიძინა როგორც თ. ს-შვილის, ისე ც. ს-ძის, ე. ს-შვილის, თ. ს-შვილისა და ზ. ს-შვილის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 2 ნოემბრის ¹10/10-04/09-1016 და ¹10/10-04/09-21 განკარგულებების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. ჩ-შვილი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება თ. ს-შვილი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით საქმე ც. ს-ძის, ე. ს-შვილის, თ. ს-შვილისა და ზ. ს-შვილის სარჩელისა გამო, მოპასუხის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს და მესამე პირების _ ნ. ჩ-შვილისა და თ. ს-შვილის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს განმარტებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2009 წლის 29 დეკემბრის ¹.... ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოები, მათ შორის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს დებულების მე-6 მუხლის საფუძველზე განისაზღვრა აღნიშნული ბიუროს სამოქმედო ტერიტორია, რომელიც მოიცავდა მცხეთის მუნიციპალიტეტსაც, ხოლო ამავე დებულების მე-8 მუხლის თანახმად კი, აღნიშნული ბიუროს მისამართად მიეთითა ქ. გორი, ... ქ. ¹52.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე და განმარტა, რომ ვინაიდან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მისამართს ქ. გორი, ... ქ. ¹52 წარმოადგენდა, აღნიშნული საქმე განსჯადობით განსახილველად გორის რაიონულ სასამართლოს ექვემდებარებოდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 მაისის განჩინებით საქმე ც. ს-ძის, ე. ს-შვილის, თ. ს-შვილისა და ზ. ს-შვილის სარჩელისა გამო, მოპასუხის _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს და მესამე პირების _ ნ. ჩ-შვილისა და თ. ს-შვილის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, რაიონულ სასამართლოებს შორის ტერიტორიული განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
გორის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სახეზე იყო განსაკუთრებული განსჯადობა, ვინაიდან, მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ მცხეთის რაიონის, სოფ. ... მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დაკარგვას, რასაც საფუძვლად დაედო სააღსრულებო ბიუროს განკარგულებები.
გორის რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს უფლება ჰქონდათ თავად აერჩიათ ორი განსჯადი სასამართლოდან ერთ-ერთი განსჯადი სასამართლო.
გორის რაიონული სასამართლოს განმარტებით, 2010 წლის 20 იანვარს ც. ს-ძემ, ე. ს-შვილმა, თ. ს-შვილმა და ზ. ს-შვილმა სარჩელი სასამართლოს განსჯადობის წესების სრული დაცვით წარუდგინეს, ხოლო მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროების გაერთიანება 2010 წლის 29 იანვარს განხორციელდა.
გორის რაიონულმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ საქმე განსჯადობით მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა განხილულიყო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ადგილსამყოფელს არა გორი, არამედ თბილისი წარმოადგენდა და შესაბამისად, საქმე განსჯადობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა დაქვემდებარებოდა.
ამდენად, გორის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ უძრავი ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯად სასამართლოს მცხეთის რაიონული სასამართლო, ხოლო მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯად სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლო წარმოადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და გორის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მოპასუხეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო წარმოადგენს, ხოლო დავის საგანს _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, სასამართლოს არჩევის უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეებმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით გამოხატეს ნება და ორი განსჯადი სასამართლოდან აირჩიეს ერთი _ მცხეთის რაიონული სასამართლო. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2010 წლის 8 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეები არ დაეთანხმნენ მოცემული საქმის განსჯადობით განსახილველად გორის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნის საკითხს (ს.ფ. 198).
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის საფუძველზეც ქონების უფლებრივი დატვირთვის, ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რომ დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები სადავოდ ხდიან სოფელ ... მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დაკარგვას, რასაც საფუძვლად დაედო მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 2 ნოემბრის ¹.... და ¹.... განკარგულებები (ს.ფ. 26-28). ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული სადავო უძრავი ქონება მცხეთის რაიონის სარეგისტრაციო ზონას მიეკუთვნება (ს.ფ. 11-12).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სადავო უძრავი ქონება მცხეთის რაიონში მდებარეობს, წარმოდგენილი სასარჩელო განცხადება ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. ს-ძის, ე. ს-შვილის, თ. ს-შვილისა და ზ. ს-შვილის სარჩელი, მოპასუხის _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს და მესამე პირების _ ნ. ჩ-შვილისა და თ. ს-შვილის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, განსახილველად დაექვემდებაროს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.