Facebook Twitter

ბს-656-634(გ-10) 24 ივნისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება –

სატყეო დეპარტამენტი

მოპასუხე _ ზ.Aა-ძე

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 3 დეკემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - სატყეო დეპარტამენტმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – ზ. ა-ძის მიმართ და მოპასუხისათვის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სატყეო დეპარტამენტის სასარგებლოდ 504 000 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სატყეო დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის საოქმო განჩინებით აღნიშნული საქმე განსახილველად, განსჯადობით გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებით, მოცემული დავა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მიხედვით, ამ კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახილველ საქმეთა რიგს არ მიეკუთვნებოდა და იგი განხილული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის წესებით. სასამართლოს განმარტებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამეტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კი განისაზღვრება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიები და დგინდება, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს, ანუ რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ვინადიან საქმეში მხარედ წარმოდგენილი იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტი, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოა, განსახილველი დავა წარმაოდგენდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დავას.

ამასთანავე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - სატყეო დეპარტამენტმა ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითა ,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის ¹538 ბრძანებაზე, რომელიც უდავოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნაწილს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 იანვრის განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაზე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30_ე მუხლის თანახმად, პირს რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგებოდა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება ჰქონდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარედგინა სამოქალაქო სარჩელი. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იურიდიულ პირს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლება ჰქონდა მოეთხოვა ქონებრივი ზიანი. ამასთანავე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, პირს რომელსაც არ წარმოუდგენია სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე უფლება ჰქონდა წარმოედგინა სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც გამომდინარეობდა დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობიდან და აღნიშნული დავა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი კი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი მიზანი და არა – სამართალურთიერთობაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა. ამდენად, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობების ბუნებას და არა – სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ის, რომ დავის ერთ-ერთი მხარე საჯარო სამართლის სუბიექტია, ვინაიდან შესაძლებელია საჯარო სამართლის სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ დავაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო დეპარტამენტი, ხოლო დავის საგანი არის ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის სამოქალაქო-სამართლებრივად მიჩნევისათვის უპირველესი, უმთავრესი და აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს კერძო სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან კერძო სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას იმის თობაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული უფლების, ასევე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთოებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის. როგორც სააპელაციო სასამართლომ განმარტა, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც გამომდინარეობს დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობიდან, ამდენად აღნიშნული დავა განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას იმის თობაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30_ე მუხლის თანახმად პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იურიდიულ პირს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლება ჰქონდა მოეთხოვა ქონებრივი ზიანი. ამასთანავე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, პირს რომელსაც არ წარმოუდგენია სამოქალაქო სარჩელი სისხლის სამართლის საქმეზე უფლება აქვს წარმოადგინოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მოთხოვნის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ წინამდებარე სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რის გამოც მოცემული საქმე არ განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს, მიუხედავად იმისა რომ მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო დეპარტამენტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო დეპარტამენტი სარჩელის გამო, მოპასუხე ზ. ა-ძის მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.