Facebook Twitter

ბს-707-684(გ-10) 8 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელეები _ ს. და პ. ვ-ძეები

მოპასუხეები _ პ. ვ-ძე, პ. ვ-ძე, საჩხერის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საჩხერის რაიონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახური

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 9 დეკემბერს ს. და პ. ვ-ძეებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს საჩხერის რაიონის სასამართლოს, მოპასუხეების - პ. ვ-ძის, პ. ვ-ძის, საჩხერის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საჩხერის რაიონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელეებმა 2007 წლის 26 ივლისს პ. ვ-ძის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციული აქტით სავალი გზის დადგენა, ასევე პ. და პ. ვ-ძეების მიერ ჩამდგარი ჭიშკრის აღება და სასაზღვრე მიჯნების საერთო სარგებლობის გზებთან შესაბამისობაში მოყვანა მოითხოვეს.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით პ. და ს. ვ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 26 ივლისის რეგისტრაციის შედეგად გამოცემული ¹35/07/01454 საკადასტრო ზომა 35, სექტორი 10, კვარტალი 15, ნაკვეთი 102, სოფ. ..., ფართობი 1980 კვ.მ. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში, ამასთან ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ მოპასუხეებს დაევალათ შესაბამისობაში მოეყვანათ სასაზღვრე მიჯნები საერთო სარგებლობის გზებთან მიმართებაში საჯარო რეესტრის ახალი საკადასტრო გეგმით დაფიქსირებული საზღვრების გათვალიწინებით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განჩინებით საქმე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრის გამო ს. და პ. ვ-ძეების მიმართ, განსჯადობის წესით გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ფიზიკურ პირებს შორის ძირითად დავის საგანს წარმოადგენდა საზღვრების გამიჯვნა, რომელსაც საფუძვლად არ ედო ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან არარა აქტად აღიარება, არამედ მიმართული იყო მათი ქონებრივი გამიჯვნისაკენ საზღვრების დადგენით. მხარეთა მოთხოვნას წარმოადგენდა უკანონოდ დაკავებული მიწის ნაკვეთიდან მოპასუხის გამოსახლება და წყაროსთან მისასვლელი გზის გახსნა, რომელიც რაიმე ადმინისტრაციული აქტით არ ყოფილა მოწესრიგებული და არ იყო მიმართული ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, ამიტომ სასამართლოს მითითებით, აღნიშნული დავა წარმოადგენდა კერძოსამართლებრივ ურთიერთობას, ხოლო საკადასტრო გეგმის ბათილად ცნობის საკითხი განხილული და გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რადგან საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებელი იყო უძრავი ნივთის მესაკუთრე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული დავა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონდებლობიდან, შესაბამისად, იგი არ უნდა განხილულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის განჩინებით აღნიშნული საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცა საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებით, იმ ფაქტომბრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა და შესული იყო კანონიერ ძალაში, ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივრის დავის საგანი იყო ქმედების განხორციელების დავალდებულება, საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა ყოფილიყო განხილული და განსჯადობით ადმინისტრაციულ პალატას უნდა დაქვემდებარებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს – ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

მოცემულ დავაში მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო _ საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახური, ხოლო დავის საგანი არის - ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საქმეების განსჯადობის მთავარ ფაქტორს გარდა იმ ფაქტისა, რომ ერთ-ერთ მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების საჯარო-სამართლებრივი მიზანი. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება სადავო სამართალურთიერთობების ბუნებას და არა მხოლოდ სუბიექტურ შემადგენლობას. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის ის, რომ დავის ერთ-ერთი მხარე საჯარო სამართლის სუბიექტია, ვინაიდან შესაძლებელია საჯარო სამართლის სუბიექტი მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის სახელმწიფოს, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელი და ურთიერთობა საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს, სახეზეა საჯარო სამართლებრივი ურთიერთობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, რომელიც გადაწყვეტილებას ედავებოდა ქმედების განხორციელების დავალდებულების გამო, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა ყოფილიყო განხილული და განსჯადობით ადმინისტრაციულ პალატას უნდა დაქვემდებარებოდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გარდა იმ ფაქტისა, რომ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახური, ასევე საქმის მასალებით დგინდება რომ დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალდებულება, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და მოცემული საქმე განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს, ამიტომ იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის სარჩელის გამო, მოპასუხის – ს. და პ. ვ-ძეების მიმართ, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.