ბს-726-702(გ-10) 23 ივნისი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო კოლეგიებს შორის დავა ნ. ჯ-ძის, მ. ო-შვილის, ნ. გ-ძის, ც. ჩ-ულისა და რ. ა-შვილის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 21 დეკემბერს ნ. ჯ-ძემ, მ. ო-შვილმა, ნ. გ-ძემ, ც. ჩ-ულმა და რ. ა-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ ქ. თბილისის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქ. თბილისის ¹143-ე, 59-ე 62-ე, 90-ე და 145-ე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორების კონკურსის გამოცხადების ნაწილში, ქ. თბილისის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.1654 დადგენილების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ქ. თბილისის ¹143-ე, 59-ე, 62-ე, 90-ე და 145-ე საბავშვო ბაგა-ბაღების შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნაწილში ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 მაისის განჩინებით ნ. ჯ-ძის, მ. ო-შვილის, ნ. გ-ძის, ც. ჩ-ულისა და რ. ა-შვილის სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განჩინებაში მიუთითებდა, რომ ასკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოში დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაცული ორგანოს – თბილისის მერიის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილება, რომლითაც ცვლილება შევიდა თბილისის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების საბავშვო ბაგა-ბაღის დაფუძნების შესახებ თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹16.15.449 დადგენილებაში არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რადგან იგი არ შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,დ” პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის დეფინიციის განმსაზღვრელ აუცილებელ ელემენტს, კერძოდ, სადავო ურთიერთობა გამომდინარეობს არა საჯარო არამედ კერძო სამართლის კანონმდებლობიდან და სწორედ კერძო სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე ღებულობს ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას არასამეწარმეო პირის დირექტორის დანიშვნის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის თაობაზე და საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას
შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჟ-ძის, მ. O-შვილის, ნ. გ-ძის, ც. ჩ-ულისა და რ. ა-შვილის სარჩელი ქ. თბილისის მერიის მიმართ განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.
საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაცვას, რათა გამოირიცხოს საქმის განსხვავებულ პრინციპებზე აგებული სამართალწარმოების წესით განხილვა. სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის სწორად გადაწყვეტისათვის საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს თავად სადავო სამართალურთიერთობის ხასიათის განსაზღვრას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ საქმეებს იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.59 დადგენილება, რომლითაც არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, კერძოდ, 59-ე, 62-ე, 90-ე, 143-ე და 145-ე ბაგა-ბაღებში დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადდა კონკურსი და იმავე ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილება, რომლითაც მოსარჩელეებს შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულება და მათ ადგილზე დაინიშნენ სხვა პირები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებები არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და შესაბამისად, დავა თავისი შინაარსით არ ატარებს ადმინისტრაციულ სამართლებრივ ხასიათს.
განსახილველი სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთი მხარე, მოპასუხე _ ქ. თბილისის მთავრობა უდავოდ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ, როგორც არაერთხელ აღინიშნა ადმინისტრაციული პალატის მიერ, დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა დავას თავისთავად ვერ აქცევს ადმინისტრაციული სასამართლოს ქვემდებარედ. სამართალსუბიექტურობასთან ერთად სავალდებულოა, რომ დავა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტი ემყარებოდეს სწორედ ამ უკანასკნელს და თავისი შინაარსით პასუხობდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი. ამდენად, განსჯადობის თაობაზე დავის მართებულად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ქ. თბილისის მთავრობის მიერ გამოცემული აქტები ემყარება და გამომდინარეობს თუ არა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. ერთ შემთხვევაში ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით გამოცხადდა კონკურსი კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად, ხოლო მეორე შემთხვევაში მოხდა მითითებული იურიდიული პირების არსებულ დირექტორებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და ახალი დირექტორების დანიშვნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24.5 მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობა, აგრეთვე მისი ფილიალი უნდა შეიქმნას ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველის კანონის შესაბამისად, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
უდავოა, რომ ბაგა-ბაღები ჩამოყალიბდა არასამეწარმეო იურიდიულ პირებად, რომლის დამფუძნებელსაც წინამდებარე შემთხვევაში წარმოადგენს ქ. თბილისის მთავრობა. ამდენად არსებულ პირობებში ქ. თბილისის მთავრობა საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს როგორც დამფუძნებელი, რომელსაც წესდების საფუძველზე მინიჭებული აქვს არასამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორის დანიშვნის უფლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, მითითება იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მთავრობა გასაჩივრებული დადგენილებების მიღებისას მოქმედებდა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,პ” ქვეპუნქტით, ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231 მუხლის ,,ზ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით, თბილისის მერიის დებულებით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ,,კ1” ქვეპუნქტით და საქართველოს მთავრობის ¹126 დადგენილებით, ვერ იმოქმედებს განსახილველი დავის საგნობრივ განსჯადობაზე, ვინაიდან ყველა ზემოაღნიშნულ ნორმაში საუბარია თვითმმართველი ერთეულისათვის მინიჭებულ უფლებაზე შექმნას სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფორმით და დაამტკიცოს მათი წესდებები.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავენ თვითმმართველი ერთეულის შესაძლებლობას შექმნან სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირები, მიიღონ არსებული სკოლამდელი დაწასებულებების ქონება, მოახდინონ მათი ლიკვიდაცია თუ რეორგანიზაცია. აღნიშნული, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის აქტი, რომელიც მიღებული იქნება თვითმმართველი ორგანოს, როგორც დამფუძნებელის და მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს შორის წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ან მათ შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს.
საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზების სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას აწესრიგებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი. მითითებული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელში სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში არაკომერციული იურიდიული პირები გათვალისწინებული არ არის. ამასთან მოსარჩელეთა თანამდებობა მითითებული არ არის საქართველოს პრეზიდენტის 21.07.01 წლის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში. მოსარჩელეთა სამსახურებრივი უფლებამოსილება არ უტოლდება საჯარო მოსამსახურის უფლებამოსილებას და არ წესრიგდება ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით. ამდენად, კონკურსი, რომელიც გამოცხადდა ბაგა-ბაღის დირექტორთა თანამდებობის დასაკავებლად, ვერ დაეყრდნობა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე _ 36-ე მუხლებს და არ შეიძლება მოექცეს მითითებული ნორმების რეგულაციებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, არ შეეხება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას, რის გამოც წინამდებარე სარჩელი ვერ დაექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჯ-ძის, მ. O-შვილის, ნ. გ-ძის, ც. ჩ-ულის და რ. ა-შვილის სარჩელი ქ. თბილისის მერიის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
2. განჩინება გადაეგზავნოთ მხარეებს.
3. განჩინება განსჯადობის თაობაზე საბოლოოა და არ საჩივრდება.