ბს-780-754(გ-10) 8 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ოზურგეთის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის დავა გურიის პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების განსჯადობის თაობაზე კ. ჯ-ძის მიმართ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 აგვისტოს განაჩენით კ. ჯ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, არ იქნა სისრულეში მოყვანილი და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
მსჯავრდებულ კ. ჯ-ძეს ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის ,,ა” პუნქტის საფუძველზე, დაეკისრა პრობაციის ბიუროში თვეში ერთხელ – ყოველი თვის მეოთხე კვირის პარასკევ დღეს გამოცხადება. როგორც საქმის მასალებით დგინდება, კ. ჯ-ძემ დაარღვია მასზე დაკისრებული მოვალეობა და სათანადო ნებართვის გარეშე გადაკვეთა საქართველოს ტერიტორია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გურიის პრობაციის ბიუროს უფროსმა ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მოითხოვა მსჯავრდებულ კ. ჯ-ძეს შეფარდებოდა 30 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის დადგენილებით პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს გურიის პრობაციის ბიუროდან შემოსული წარდგინება და სააღსრულებო საქმე მსჯავრდებულ კ. ჯ-ძის მიმართ განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განმარტებით, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის მიერ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრების გადაკვეთა ან გადაკვეთის მცდელობა გამოიწვევდა მსჯავრდებულის დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან/და ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით. ადმინისტრაციული პატიმრობის წესი განისაზღვრებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილებოდა მისი ჩადენის ადგილას. ვინაიდან მსჯავრდებულმა კ. ჯ-ძემ სათანადო ნებართვის გარეშე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი სასაზღვრო გამტარ პუნქტში – თბილისის აეროპორტში, შესაბამისად, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს გურიის პრობაციის ბიუროდან შემოსული წარდგინება და სააღსრულებო საქმე მსჯავრდებულ კ. ჯ-ძის მიმართ განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 მაისის დადგენილებით გურიის პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინება კ. ჯ-ძის მიმართ 30 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე უნდა განხილულიყო მისი ჩადენის ადგილას, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ”, საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წარდგინება შეიტანება სასამართლოში მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით. როგორც სასამართლომ განმარტა, ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონი სპეციალური კანონია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან შედარებით, შესაბამისად, თუ კოლიზიურ ნორმებს თანაბარი იურიდიული ძალა აქვთ, მაშინ სპეციალურ ნორმებს საერთო ნორმების მიმართ ენიჭება უპირატესობა. ამდენად, გურიის პრობაციის ბიუროს წარდგინება განხილული უნდა ყოფილიყო კ. ჯ-ძის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ კ. ჯ-ძის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ოზურგეთის რაიონი, სოფ. ....
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ოზურგეთის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს ოზურგეთის რაიონული სასამართლო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე უნდა განხილულიყო მისი ჩადენის ადგილას. ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წარდგინება შეიტანება სასამართლოში მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით. ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონი სპეციალური კანონია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან შედარებით, შესაბამისად, თუ კოლიზიურ ნორმებს თანაბარი იურიდიული ძალა აქვთ, მაშინ სპეციალურ ნორმებს საერთო ნორმების მიმართ ენიჭება უპირატესობა. ამდენად, გურიის პრობაციის ბიუროს წარდგინება განხილული უნდა ყოფილიყო კ. ჯ-ძის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ კ. ჯ-ძის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ოზურგეთის რაიონი, სოფ. ....
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, ასევე რომ მსჯავრდებულმა კ. ჯ-ძემ სათანადო ნებართვის გარეშე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი სასაზღვრო პუნქტში – თბილისის აეროპორტში, შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას. ასევე საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლით (ს.ფ. 48) დასტურდება, რომ მსჯავრდებული კ. ჯ-ძის საცხოვრებელი ადგილი, ოზურგეთის რაიონის, სოფ. .... ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად კი, წარდგინება შეიტანება სასამართლოში მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლის ზოგადი პრინციპების თანახმად, ერთი და იმავე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი, ამასთანავე, გათვალისწინებულ ზოგად ნორმებს და სპეციალურ ნორმებს შორის კოლიზიისას გამოიყენება სპეციალური ნორმები. კონკრეტულ შემთხვევაში კოლიზია წარმოიშვა ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს შორის, ვინაიდან ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონი წარმოადგენს სპეციალურ კანონს, შედგება სპეციალური ნორმებისგან, ამიტომ სწორედ მას ენიჭება უპირატესი მნიშვნელობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე განეკუთვნება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განსჯად საქმეს, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გურიის პრობაციის ბიუროს უფროსის სარჩელის გამო, მოპასუხის – კ. ჯ-ძის მიმართ, 30 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.