ბს-823-796 (გ-10) 28 ივლისი, 2010 წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა დავა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე – დ. ბ-შვილის მიმართ, რომლითაც მხარეებს შორის არსებული კონტრაქტის დარღვევისათვის დ. ბ-შვილისათვის ჯარიმის, პირგასამტეხლოსა და ზიანის თანხის დაკისრება მოითხოვა.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 19.05.2010წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინიტროს სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს. ლაგოდეხის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სსკ-ის მე-15 და სკ-ის მე-20 მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოპასუხის დ. ბ-შვილის შესაგებლის თანახმად, მის საცხოვრებელ ადგილს წარმოდგენს ქ. რუსთავი, რის გამოც საქმე მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით უნდა დაექვემდებაროს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 01.06.2010წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელი მოპასუხე დ. ბ-შვილის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის წესსა და პირობებს განსაზღვრავს “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონი, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი 14 წლის მიღწევიდან არა უგვიანეს 6 თვისა ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ აქვთ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი _ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მიიღონ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიუთითა მოცემული კანონის მე-4 მუხლის I ნაწილზე, რომლის მიხედვით საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგისტრაციის გასავლელად და პირადობის მოწმობის ასაღებად ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ დ. ბ-შვილი 2 წლის მანძილზე ცხოვრობს ახალ მისამართზე და მას არ შეუსრულებია კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნა-გაევლო ხელახალი რეგისტრაცია ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ვინაიდან პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საცხოვრებელ ადგილს და დ. ბ-შვილს პირადობის მოწმობა ახალი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით არ აქვს აღებული, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველო თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დ. ბ-შვილის მიმართ განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს დ. ბ-შვილის პირადობის მოწმობაში მითითებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ლაგოდეხის რაიონი, სოფ. ცოდნისკარი)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ლაგოდეხის საქალაქო სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია მხოლოდ სარჩელის საგნობრივი განსჯადობა და შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის საკითხი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. სსკ-ის მე-15 მუხლი ადგენს ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესს, მის შესაბამისად ხდება საქმის მიბმა საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი კონკრეტული სასამართლოსადმი. ხსენებულ ნორმას განაპირობებს ინტერესი იმისა, რომ პირი თავისი უფლების და კანონიერი ინტერესის დასაცავად მიმართავს იმ სასამართლოს, რომლის იურისდიქციის სფეროშიც იმყოფება მოპასუხე, ანუ ნორმა ითვალისწინებს პრინციპს, რომლის მიხედვით “სარჩელი მისდევს მოპასუხეს”. აღნიშნულის შესაბამისად, სსკ-ის 23-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმეს განსახილველად სხვა სასამართლოს გადასცემს თუ მოპასუხე, რომლის საცხოვრებელი ადგილიც წინათ არ იყო ცნობილი, მოითხოვს, რომ საქმე გადაეცეს სასამართლოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმის გამოყენების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან პირის საცხოვრებელი ადგილი ცნობილია, მოპასუხის მიმართ სარჩელი აღიძრა მისი სარეგისტრაციო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, რომელიც ხსენებული კანონის თანახმად საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს. მოპასუხის არა საცხოვრებელი ადგილის, არამედ ადგილსამყოფელის მიხედვით სარჩელის აღძვრას საპროცესო კანონმდებლობა იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, უკეთუ პირს არ აქვს საცხოვრებელი ადგილი (სსკ-ის 15-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება (საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი), დაცულია პირის უფლება სახელმწიფოს ნებართვის გარეშე დატოვოს თავისი საცხოვრებელი ადგილი და მუდმივ საცხოვრებლად სხვა ადგილი აირჩიოს, პირს შეუძლია რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილი ჰქონდეს. სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს, საქართველოს კონსტიტუციის 22 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” კანონით, ჩაწერის სისტემისაგან განსხვავებით, რეგისტრაცია განიხილება არა სანებართვო სისტემად, არამედ რეჟიმათ, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას, ახალ ადგილას რეგისტრაციის შედეგად პირი იხსნება წინამორბედი რეგისტრაციიდან (4 მუხ.). მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რეგისტრაცია, რომელიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით წარმოებს, წარმოადგენს პირის იდენტიფიკაციის მნიშვნელოვან კრიტერიუმს, რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის საცხოვრებელი ადგილის დადგენის საშუალება, მისი შეცვლისას პირს ეკისრება კანონისმიერი ვალდებულების შესრულება, _ რეგისტრაციიდან მოხსნა და ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციაში გატარება, მოსარჩელის მხრიდან ამ ვალდებულების შეუსრულებლობა არ ადასტურებს ახალ საცხოვრებელ ადგილას მისი დაფუძნების ნებას და არ იძლევა ქ. რუსთავის მისი საცხოვრებელ ადგილად მიჩნევის საფუძველს, რადგანაც ვიდრე ახალი საცხოვრებელი ადგილი არ დაფუძნებულა ძალაში მყოფად მიიჩნევა ძველი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, არ არსებობს განსახილველი დავის ქ. რუსთავის სასამართლოსათვის განსჯადობით გადაცემის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) საფუძველზე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავა განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.