Facebook Twitter

ბს-860-834(გ-10) 27 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მცხეთის რაიონულ სასამართლოს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2010 წლის 12 აპრილს ნ. ყ-ელმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების:

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 06.01.2010წ. ¹882009422425-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შესახებ;

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010წ. 01.08 ¹5307 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010წ. 10.02 ¹882009422425-05 გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ _ ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-11).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2010წ. 18 მაისის განჩინებით ნ. ყ-ელის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:

მოცემულ საქმეში ადგილი აქვს სსსკ-ის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ განსჯადობას, რის გამოც ნ. ყ-ელის სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, ხოლო, განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონება მდებარეობს მცხეთის რაიონის სოფელ ... (იხ. ს.ფ. 34-37).

მცხეთის რაინული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის საფუძველზე წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგი მოტივით:

“ქ. თბილისის გარდაბნის მუნიციპალიტეტის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ” 2005 წლის 27 დეკემბრის ¹24173-რს დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა “ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის განხილვის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹574 განკარგულებით მოწონებული ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის მიხედვით.

,,მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი ტერიტორიული ორგანოების შექმნის შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 18 თებერვლის ¹9 დადგენილების შესაბამისად ჩამოყალიბდა მცხეთის მუნიციპალიტეტში შემავალი ტერიტორიული ორგანოები. სასამართლოს დასკვნით ზემოთმითითებულ ნორმატიული აქტებით დასტურდება, რომ სოფელი ... არ შედის მცხეთის მუნიციპალიტეტში, არამედ მოქცეულია ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში, ამდენად, რაკი სადავო უძრავი ნივთის ადგილსამყოფელი არის თბილისში, საქმე განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (იხ. ს.ფ. 52-54).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს და მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ ნ. ყ-ელის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას მოცემული საქმის მცხეთის რაიონულ სასამართლოს განსჯად საქმედ მიჩნევასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლოს საერთოდ არ დაუსაბუთებია, თუ რატომ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო უძრავი ქონების ადგილსამყოფელი _ სოფელი ..., მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად.

აღნიშნულის გამო, გამოყენებულ უნდა იქნეს არა განსაკუთრებული, არამედ სსსკ-ის მე-15 მუხლის საფუძველზე დადგენილი საერთო განსჯადობის წესები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცემა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობები კი ცხოვრების მრავალ სფეროს მოიცავს: მიწის, ბინათმშენებლობის, ეკოლოგიის, პრივატიზაციის, სოციალურ სუბსიდიების, განათლების, კულტურის, საპოლიციო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების და ა.შ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოებმა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სასამართლო წესით განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დაადგინონ არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გამოცემული აქტები, არამედ, აქტების ავტორი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გამოარკვიონ, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად.

წინამდებარე საქმეში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს წარმოადგენენ ზემდგომი _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანო – მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური.

ამდენად, სსსკ-ის მე-20 მუხლის მიხედვით, მოსარჩელე რამდენიმე მოპასუხის მიმართ აღძრული მოთხოვნების პირობებში აღჭურვილია პროცესუალური პრივილიგირებული უფლებით – აირჩიოს სასამართლო, თუკი საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადი შეიძლება იყოს.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ გამოიყენა საპროცესო კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს მიმართა ერთ-ერთი მოპასუხის – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯად – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო დამატებით დასძენს, რომ თვით განსაკუთრებული განსჯადობის (რომლის გამოყენება მოცემულ შემთხვევაში არასწორია) პირობებშიც კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმის განსჯადობის თაობაზე დასკვნა არასწორია, რაც დასაბუთებულად არის გადმოცემული მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ყ-ელის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოს მხარეებს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.