Facebook Twitter

ბს-956-930 (გ-10) 8 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ქ. ტ-ძე

მოპასუხე _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 28 იანვარს ქ. ტ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2010 წლის იანვარში მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2007 წლის 3 აგვისტოს ¹1207/05 ბრძანებით აკადემიური დავალიანების გამო, იგი გაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.

მოსარჩელის განმარტებით, ოჯახური პირობების გამო ვერ ახერხებდა ლექციებსა და სემინარებზე დასწრებას, რის შესახებაც აცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, მაგრამ მათ არ გაიზიარეს მოსარჩელის მდგომარეობა და იგი გაირიცხეს უნივერსიტეტიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2007 წლის 3 აგვისტოს ¹1207/05 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 მაისის საოქმო განჩინებით ქ. ტ-ძის სარჩელი, მოპასუხის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველ ნაწილზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას არ გააჩნდა დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის აუცილებელი საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი, კანონით განსაზღვრული პირობები, რის გამოც მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა, საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა, ვინაიდან, ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსახვავდებოდა სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ივნისის განჩინებით ქ. ტ-ძის სარჩელი მოპასუხე _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, განსჯადობის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონიდან ანუ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული კანონი აწესრიგებდა საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო – კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენდა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და აკრედიტაციის წესს.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმარტებით, მოცემული დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ დავათა კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე ამ ეტაპზე განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი კი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტზე, რომლითაც რეგლამენტირებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნება, კერძოდ, ხსენებული ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტში მოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2007 წლის 3 აგვისტოს ¹1207/05 ბრძანების ბათილად ცნობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ18” ქვეპუნქტის თანახმად, უნივერსიტეტი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოს მიეკუთვნება, ვინაიდან, იგი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომელშიც მოცემულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნება. აღნიშნული მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავე კანონის მე-9 მუხლის (საქმიანობა) პირველი პუნქტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში. ხსენებული კანონის მე-10 მუხლის (მართვა და წარმომადგენლობა) მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მართავს ხელმძღვანელი, რომელიც შესაბამისი კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტის), წესდების (დებულების) და წევრთა გადაწყვეტილებების (თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული) ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დავაში მხოლოდ მონაწილეობა არ შეიძლება გახდეს, დავის ადმინისტრაციული სამართალწაროების წესით განხილვის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ის ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, კერძოდ : 1) სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე იყოს ადმინისტრაციული ორგანო; 2) სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეში არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2007 წლის 3 აგვისტოს ¹1207/05 ბრძანება, შესაბამისად, გაურკვეველია სადავო აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის, თუ კერძო სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე. ამდენად, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ უნდა დაადგინოს სადავო აქტი კონკრეტულად რომელი კანონმდებლობის საფუძველზე არის გამოცემული.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია დაადგენს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2007 წლის 3 აგვისტოს ¹1207/05 ბრძანება გამოცემულია საჯარო კანონმდებლობის, კერძოდ, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, მაშინ აღნიშნული საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას დაექვემდებარება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ამ ეტაპზე უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ტ-ძის სარჩელი, მოპასუხის _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ 2007 წლის 3 აგვისტოს ¹1207/05 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, ამ ეტაპზე განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.