ბს-958-931(გ-10) 13 სექტემბერი, 2010 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გორის რაიონულ სასამართლოს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2010 წლის 14 მაისს მ. ც-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხეების _ ნოტარიუს მ. კ-ძისა და რ. მ-ძის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ნოტარიუს მ. კ-ძის მიერ 2005 წლის 21 აპრილს გამოცემული ¹2-39 სანოტარო აქტის _ სამკვიდრო მოწმობისა და 2009 წლის 4 აგვისტოს სანოტარო აქტის _ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის განმარტებით 1974 წლის 4 სექტემბრიდან ქორწინებაში იმყოფებოდა თ. მ-ძესთან და ცხოვრობდა ქ. თბილისში ... ქ. ¹43ა-ში. მისი მეუღლე გარდაიცვალა 2002 წელს. აღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი ¹1, ¹2, ¹3, ¹4 (დაზუსტებული ფართობი _ 232.00 კვ.მ) ირიცხებოდა მოსარჩელის მეუღლის მეუღლის დედაზე _ ვ. მ-ძეზე, ხოლო ქ. გორში ... ქ. ¹2-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (დაზუსტებული ფართობი 181.00 კვ.მ) ირიცხებოდა მოსარჩელის მეუღლის მამაზე _ გ. მ-ძეზე.
მოსარჩელის მითითებით მისი მეუღლის ერთადერთმა ძმამ _ რ. მ-ძემ მისგან დამოუკიდებლად ნოტარიუს მ. კ-ძის დახმარებით და მისი მიერ გამოცემული სანოტარო აქტით _ სამკვიდრო მოწმობით მიიღო მემკვიდრეობა როგორც ქ. გორი, ... ¹2-ში მდებარე შენობა-ნაგებობებზე, ასევე ქ. თბილისში მდებარე შენობა-ნაგებობებზე. აღნიშნული სანოტარო აქტების თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2010 წლის 30 აპრილსა და 2010 წლის 3 მაისს.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მას, როგორც თ. მ-ძის მეუღლეს და მის შვილს ხ. მ-ძეს, როგორც თ. მ-ძის პირველი რიგის მემკვიდრეს ეკუთვნის ნახევარი წილი იმ ქონებიდან, რომელიც ეკუთვნოდა მისი მეუღლის თ. მ-ძის მშობლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა ნოტარიუს მ. კ-ძის მიერ 2005 წლის 21 აპრილს გამოცემული ¹2-39 სანოტარო აქტის _ სამკვიდრო მოწმობისა და 2009 წლის 4 აგვისტოს სანოტარო აქტის _ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2010 წლის 20 მაისის განჩინებით მ. ც-შვილის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
მოცემულ საქმეში ადგილი აქვს სსსკ-ის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ განსჯადობას, რის გამოც მ. ც-შვილის სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, ხოლო განსახილველ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონება მდებარეობს გორის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე (იხ. ს.ფ. 29-31).
გორის რაინული სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის საფუძველზე წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგი მოტივით:
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 18-ე, 20-ე მუხლები და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის როგორც თბილისში, ასევე გორში მდებარე უძრავ ნივთებზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობებს და მისი მოთხოვნა მიმართული იყო ამ ქონებაზე მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე, საკუთრების აღიარებისკენ. ამასთან მოსარჩელის მიერ მითითებულ მოპასუხეთაგან ერთის ადგილსამყოფელი იყო ქალაქი გორი, ხოლო მეორეს ქალაქი თბილისი, შესაბამისად სახეზე იყო ვითარება, როდესაც შეიძლება აღიძრას სარჩელი სასამართლოში როგორც მოპასუხის, ასევე უძრავი ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით (ტერიტორიული განსჯადობა).
რაიონული სასამართლოს დასკვნით მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანით გამოხატა ნება და განახორციელა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება _ აერჩია ორი განსჯადი სასამართლოდან ერთი _ თბილისის საქალაქო სასამართლო. ამდენად, საქალაქო სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობდა საქმის მასალების სრულყოფილი შესწავლიდან. ასევე, სასამართლომ ჩათვალა, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობის თაობაზე წამოჭრილი დავა გამომდინარეობდა კერძოსამართლებრივი კანონმდებლობიდან, ამდენად, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო წამოიწყებდა დავას განსჯადობის თაობაზე, მას სარჩელი განსჯადობით უნდა გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს და გორის რაიონულ სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ მ. ც-შვილის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას მოცემული საქმის გორის რაიონულ სასამართლოს განსჯად საქმედ მიჩნევასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე იყო სსსკ-ის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა _ როცა სარჩელი შეიძლება აღიძრას სასამართლოში უძრავი ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს არა განსაკუთრებული, არამედ სსსკ-ის მე-15 მუხლის საფუძველზე დადგენილი საერთო განსჯადობის წესები. ამასთან, სსსკ-ის მე-20 მუხლის მიხედვით, მოსარჩელე რამდენიმე მოპასუხის მიმართ აღძრული მოთხოვნების პირობებში აღჭურვილია პროცესუალური უფლებით – აირჩიოს სასამართლო, თუკი საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადი შეიძლება იყოს.
განსახილველ შემთხვევაში სწორედ ამგვარი ვითარებაა სახეზე, კერძოდ, სარჩელზე მოპასუხეებს წარმოადგენენ, როგორც ნოტარიუსი, რომლის ადგილსამყოფელია ქ. გორი, ასევე ფიზიკური პირი, რომლის საცხოვრებელი ადგილი ქ. თბილისია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ გამოიყენა საპროცესო კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს მიმართა ერთ-ერთი მოპასუხის – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსჯად – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ასევე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ Yთბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დასკვნა დავის ადმინისტრაციულად მიჩნევის თაობაზე არასწორია და ვერ იქნება გაზიარებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლოს ასევე აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნაა _ ნოტარიუს მ. კ-ძის მიერ 2005 წლის 21 აპრილს გამოცემული ¹2-39 სანოტარო აქტის _ სამკვიდრო მოწმობისა და 2009 წლის 4 აგვისტოს სანოტარო აქტის _ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმის განხილვისას უნდა იმსჯელოს, თუ რამდენად განეკუთვნება განსახილველი დავის საგანი ადმინისტრაციული წესით განსჯად დავათა კატეგორიას.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ თვით განსაკუთრებული განსჯადობის (რომლის გამოყენება მოცემულ შემთხვევაში არასწორია) პირობებშიც კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმის განსჯადობის თაობაზე დასკვნა არასწორია, რაც დასაბუთებულად არის გადმოცემული გორის რაიონული სასამართლოს მიერ. შესაბამისად, საქმის განხილვისას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიამ უნდა იმსჯელოს დავის საგნობრივ განსჯადობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ც-შვილის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოს მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.