Facebook Twitter

ბს-959-932(გ-10) 6 ოქტომბერი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს “...” სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “...” 06.07.09წ. გადახდის ბრძანების მიღების შესახებ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიმართ. შპს “...” მოითხოვდა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 117862.25 ლარის დაკისრებას. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა შპს “...” და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (ყოფილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი) შორის 02.08.04წ. ¹09/267, 17.03.06წ. ¹09/173, 16.03.07წ. ¹243, 26.02.07წ. ¹206, 17.02.07წ. ¹178, 13.02.07წ. ¹164, 15.01.07წ. ¹67 და 09.01.07წ. ¹50 ხელშეკრულებებიდან. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამინისტრომ, რომელსაც ევალებოდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მედიკამენტების ღირებულების გადახდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, არ შეასრულა ვალდებულება, კერძოდ, სრულად არ გადაიხადა მიწოდებული მედიკამენტების ღირებულება, რის შედეგადაც მოპასუხეს შპს “...” მიმართ დაუგროვდა დავალიანება, ჯამში 117862,25 ლარი. აღნიშნული დავალიანება დასტურდება მხარეთა შორის 03.01.06წ. გაფორმებული ¹1 შედარების აქტითა და სასაქონლო ზედნადებებით. შპს “...” განცხადებით ასევე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის – 3535.87 ლარისა და საქმის მასალების მომზადების ხარჯების – 500 ლარის სამინისტროსათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 28.07.09წ. გასცა გადახდის ბრძანება, რომლითაც საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შპს “...” სასარგებლოდ დაეკისრა 117862.25 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 3535.87 ლარის ანაზღაურება; შპს “...” უარი ეთქვა საქმის მასალების მომზადების ხარჯების – 500 ლარის სამინისტროსათვის დაკისრებაზე.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ არ სცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 28.07.09წ. შპს “...” სახელზე გაცემული გადახდის ბრძანება და აღნიშნულთან დაკავშირებით წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გადახდის ბრძანების გაუქმება და დავალიანების გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნის სასარჩელო წარმოების საერთო წესით განხილვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.08.09წ. განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.07.09წ. გადახდის ბრძანება; მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოდგენის გამო შპს “...” მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნა განხილული და გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო სასარჩელო წარმოების საერთო წესით.

შპს “...” 15.09.09წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარადგინა განცხადება, რომლითაც მოპასუხეებად განსაზღვრა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.10.09წ. საოქმო განჩინებით მოსარჩელე შპს “...” შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა; შპს “...” სარჩელი მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე დარჩა განუხილველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.06.2010წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთაA სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.11.09წ. განჩინებით შპს “...” სარჩელი მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ დავალიანების დაკისრების თაობაზე განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების ადმინიტსრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია მისი მიზანი. შპს “...” შეძენილი მედიკამენტები განკუთვნილი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებისათვის. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 06.12.06წ. ¹464 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება მსჯავრდებულთათვის დადგენილი საყოფაცხოვრებო, კომუნალური, სანიტარულ-ჰიგიენური, სამედიცინო და სხვა პირობების უზრუნველყოფა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, მსჯავრდებულთათვის დადგენილი სამედიცინო უზრუნველყოფა კვლავაც დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებით, აშკარად იკვეთება აღნიშნული ხელშეკრულებების საჯარო სამართლებრივი მიზანი, რის გამოც დავა განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2010წ. საოქმო განჩინებით შპს “...” სარჩელი მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ, მესამე პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსულებლობისათვის თანხის დაკისრების თაობაზე განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, მართალია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოებია, თუმცა მხოლოდ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძვლად. სასამართლომ მიუთითა, რომ სასკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითადი კრიტერიუმია დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობებიდან, რომელიც გამომდინარეობს საჯარო, კერძოდ, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ერთის მხრივ “...” და მეორეს მხრივ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დადოს, როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულება და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ხასიათის განმსაზღვრელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი, ისე სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც სუბიექტის, სამართლებრივი სტატუსი. სზაკ-ის 651.1 მუხლი განსაზღვრავს, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი და ამ პირობებში მასზე არ ვრცელდება სზაკ-ით გათვალისწინებული მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, ხელშეკრულების მხარეები არ არიან აღჭურვილი საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულებას, რომლის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის საფუძველზე, განსახილველად ექვემდებარება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საგნობრივი განსჯადობის გათვალისწინებით არ წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადს და შპს “...” სარჩელი მოპასუხეების – საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ, საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, დავის საგნობრივი განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული და შესაბამისად განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ნოვაციის შედეგად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის შემოღებით, ერთმანეთისგან გაიმიჯნა საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება, რომლის პრაქტიკული მნიშვნელობა ვლინდება ამ ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი დავების სამართალწარმოების წესის დადგენაში. კერძო-სამართლებრივი დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ხოლო საჯარო-სამართლებრივი დავების განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მიმდინარეობს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, განსჯადობის დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება შპს “...” და ადმინისტრაციულ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულებების სამართლებრივ ბუნებას.

სახელმწიფოს ადმინისტრაციული ორგანოების მეშვეობით, აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს საქმიანობის კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად დადოს კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულებები. სასკ-ის 251 მუხლის მე-2 ნაწილის, სზაკ-ის 651 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება. ის გარემოება, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 06.12.2001წ. ¹464 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება მსჯავრდებულთათვის დადგენილი საყოფაცხოვრებო, კომუნალური, სანიტარულ-ჰიგიენური, სამედიცინო და სხვა პირობების უზრუნვეოყოფა, აგრეთვე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, მსჯავრდებულთათვის დადგენილი სამედიცინო უზრუნველყოფა კვლავაც დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება, საკასაციო პალატის აზრით არ ცვლის მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების კერძო-სამათლებრივ ბუნებას, ვინაიდან სადავო ურთიერთობის მონაწილეები არიან არა ადმინისტრაცია და მსჯავრდებული, არამედ ფარმაცევტული ფირმა და ადმინისტრაციული ორგანო, უკანასკნელის მონაწილეობა სამართალურთიერთობაში არ ცვლის მის ბუნებას, ხელშეკრულება არ აღჭურავს მის მონაწილე მხარეებს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია სახელისუფლებო უფლებამოსილება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ, ხელშეკრულების მხარეთა შორის არ არსებობს ვერტიკალური, საჯაროსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მოწესრიგდებოდა, ხელშეკრულების დადებით კონტრაჰენტი არ აღჭურვილა საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს “...” მოპასუხეებთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც შპს “...” იკისრა ვალდებულება, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ, მიეწოდებინა მედიკამენტები მოპასუხეთათვის. შპს “...” ითხოვს მოპასუხეების მიერ აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, კერძოდ მედიკამენტების დარჩენილი საფასურის - 117862,25 ლარის ანაზღაურებას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. სზაკ-ის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი შეიცავს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციას, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების გარკვევის შესაძლებლობას იძლევა ხელშეკრულების საგნის და მიზნის ანალიზი. საგნობრივი განსჯადობის დადგენისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ან განსაზღვრული მოთხოვნების სამართლებრივი ბუნების დადგენას. ხელშეკრულების ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის უპირველეს, თუმცა არასაკმარის, პირობას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელშეკრულების მხარედ გამოსვლა. საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს და ხელშეკრულების მიზანს, რომელიც მისი შინაარსიდან დგინდება. მხარეთა შორის ხელშეკრულებები დაიდო მედიკამენტების შესყიდვის მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოს მოტივი _ ხელშეკრულების დადება მსჯავრდებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა და შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების შესრულება, არ განაპირობებს ხელშეკრულების ადმინისტრაციულად მიჩნევას. ადმინისტრაციული ხელშეკრულება სახეზეა მაშინ, როდესაც ის ადმინისტრაციული სამართლის ნორმების შესრულებას ემსახურება და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას ან სხვა მმართველობით ღონისძიების განხორციელებას ითვალისწინებს. ამგვარად, ხელშეკრულების საგნის სპეციფიურობის გათვალისწინებით ადმინისტრაციულია ხელშეკრულება თუ იგი დადებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობლობის საფუძველზე, შეიცავს ვალდებულებას ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა საჯარო მოქმედების შესრულების შესახებ, კანონმდებლობის საფუძველზე აწესრიგებს კერძო პირთა საჯარო-სამართლებრივ უფლებებსა და ვალდებულებებს.

მოცემულ შემთხვევაში, იმის მიუხედავად რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა, ხელშეკრულება არ აღჭურავს მხარეს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას. ხელშეკრულების მხარეთა შორის არ არსებობს საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგდებოდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, შპს “...” მოთხოვნას საფუძვლად უდევს სამოქალაქო კანონმდებლობა, განსახილველი დავის საგანი დაკავშირებულია იმ სამართალურთიერთობასთან, რომელიც სამოქალაქო სამართლის ნორმებიდან გამომდინარეობს, ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 24.4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო უფლებამოსილებების განმხორციელებელი ორგანოები სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ცხადია, რომ დავა კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რაც სასკ-ის 2.3 მუხლის თანახმად საქმის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების სავალდებულო პირობას წარმოადგენს. სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებათა რიცხვს განეკუთვნება, სასკ-ის 251 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება. შესაბამისად, მის შესრულებასთან დაკავშირებული დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის საფუძველზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლის თანახმად ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარეობა მისი საქმე. სასკ-ის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. შესაბამისად, შპს “...” სასარჩელო მოთხოვნა, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულის თანახმად, უნდა განიხილოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...” სარჩელი მოპასუხე საქართევლოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.