Facebook Twitter

ბს-1614-1542(უს-09) 13 იანვარი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ხ-ძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.09წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ხ-ძემ 27.02.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის წინააღმდეგ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურისათვის, საჯარო რეესტრში მის სახელზე ახალციხის რაიონ სოფ. ... მდებარე ავტოგასამართი სადგურისა და 2440 კვ.მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების დავალება მოითხოვა. ახალციხის რაიონული სასამართლოს 04.04.06წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე თ. ხ-ძის მოთხოვნა და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მეშვეობით მოეხდინა მოსარჩელის მიერ შესყიდული კოოპერატივ ,,...”, მდებარე ახალციხის რაიონის სოფ. ..., ქონების _ დაუმთავრებელი ავტოგასამართი სადგურისა და 2440 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.08წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 04.04.06წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ხ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გ. კ-ძესა და თ. ხ-ძეს შორის 06.03.98წ. სანოტარო წესით დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არ იძლევა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას, ვინაიდან წარმოდგენილი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ქსეროასლი შეიცავს ჩამატებებს, მათ შორის მითითებას 6600 კვ.მ. მიწის ფართობზე. სწორედ ეს გარემოება-ჩამატებები ხელშეკრულებაში გახდა მის რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრის უარის მიზეზი. რაც შეეხება საქმეში დაცულ ყველა რეკვიზიტის მქონე ხელშეკრულების ასლს, მასში სადავო 2440 კვ.მ. მიწის ნაკვეთი არ ფიგურირებს. აღნიშნულის გამო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს არ გააჩნდა სათანადო რეესტრის ჩანაწერის შესრულებისათვის საჯარო რეესტრის სამსახურის დავალდებულების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.05.09წ განჩინებით თ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.08წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თ. ხ-ძემ 12.11.09წ. უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურისათვის დავის საგნის შინაარსში მითითებული უძრავი ქონების, ახალციხის რაიონში სოფ. ... მდებარე ავტოგასამართი სადგურის, საზკვების ობიექტის და მიწის ნაკვეთის 6600 კვ.მ ფართის მიმართ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელების აკრძალვა მოითხოვა. განმცხადებლის მითითებით, დავის საგნის ყოფილი მეპატრონის გ. კ-ძის მხრიდან მოსალოდნელი იყო მის ხელთ არსებული დოკუმენტების გამოყენებით სადავო ქონების დარეგისტრირება, რაც ხელს შეუშლიდა მოსარჩელის მოთხოვნის შემდგომ დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.09წ. განჩინებით თ. ხ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განმცხადებელს ევალებოდა მიეთითებინა და წარმოედგინა მტკიცებულება იმ კონკრეტულ გარემოებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას. ასეთ გარემოებაზე მხოლოდ მითითება მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, საკმარისი არ იყო უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებისათვის. განმცხადებელს ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოება,რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. მოთხოვნის იურიდიულ მართებულობას მნიშვნელობა აქვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მისაღებად, ვინაიდან თუ არ არსებობს უფლება, არც იმის საშიშროებაა, რომ იგი დაირღვევა სარჩელის უზრუნველყოფის მიუღებლობით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სარჩელში ითხოვდა ახალციხის რაიონის სოფ. ... მდებარე ავტოგასამართი სადგურის და 2440 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღრიცხვას მის საკუთრებაში, ხოლო სარჩელის უზუნველყოფის შესახებ განცხადებაში მოითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის და მისი ტერიტორიული სამსახურისათვის სარეგისტრაციო მოქმედების განხორციელების აკრძალვას 6600 კვ.მ მიწის ფართობზე და საზკვების ობიექტზე, ანუ იმაზე მეტს ვიდრე ეს ეხებოდა დავის საგანს.

18.11.09წ. თ. ხ-ძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განმეორებით მიმართა უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების შესახებ განცხადებით და ამჯერად ახალციხის რაიონის სოფ. ... მდებარე ნაკვეთებისათვის, ,,ავტოგასამართ სადგურთან” 4071 კვ.მ და ,,ბაღი ქარხანასთან” 2097 კვ.მ, ყადაღის დადება მოითხოვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ძველმა მეპატრონემ, გ. კ-ძემ 1995წ. გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით 16.11.09წ. საკუთრებაში დაირეგისტრირა განმცხადებლის მიერ ნასყიდობით შეძენილი მიწის ნაკვეთი ორ ნაკვეთად. თ. ხ-ძის განცხადებით, რეალურად არსებობდა საშიშროება, რომ გ. კ-ძის მიერ მოხდებოდა ამ მიწის ნაკვეთების გასხვისება, რაც შემდგომში შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას, თუ ის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.09წ. განჩინებით თ. ხ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. ხ-ძის მიერ დასახელებული გარემოება _ გ. კ-ძის მიერ სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, მესაკუთრის კანონიერი უფლების რეალიზაცია იყო და მხოლოდ აბსტრაქტულად წარმოადგენდა ქონების შესაძლებელი გასხვისების წანამძღვარს. სსკ-ის 191.1 მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს წარმოადგენს სასამართლოს არამხოლოდ ვარაუდი, არამედ დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. სააპელაციო პალატამ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია იმის გამო, რომ მოსარჩელის განცხადებაში არ იყო მოყვანილი მისი ვარაუდის რეალურობის დამადასტურებელი სხვა გარემოებანი. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თ. ხ-ძეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ გ. კ-ძის მიერ 16.11.09წ. საკუთრების უფლება აღირიცხა სწორედ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მოცემული საქმის დავის საგანს წარმოადგენდნენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.09წ. განჩინებაზე იმავე სასამართლოში საჩივარი წარადგინა თ. ხ-ძემ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება.

საჩივრის ავტორის განმარტებით, რეალურად არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უკვე მესაკუთრე, მესამე პირი გ. კ-ძე გაასხვისებდა აღნიშნულ ქონებას და სასამართლოს მხრიდან წახალისებული იქნებოდა შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელის შეშლაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.09წ. განჩინებით თ. ხ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.09წ. განჩინება. აღნიშნული განჩინება, საქმის მასალებთან ერთად, 5 დღის ვადაში გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თ. ხ-ძის 18.11.09წ. განცხადებაში არ იყო დასაბუთებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობა, არ იყო წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გ. კ-ძის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღირიცხა სწორედ დავის საგანთან დაკავშირებულ მიწის ნაკვეთებზე. ამასთან, გ. კ-ძე, რომლის მიმართაც განმცხადებელი ითხოვდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, არ წარმოადგენდა მოპასუხეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ხ-ძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. იმავე კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ყადაღის დადება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, შეიძლება ისეთ უძრავ ქონებაზე, რომელიც ეკუთვნის მოპასუხეს და იმყოფება მასთან ან სხვა პირთან, ხოლო განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორი ითხოვს საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით გ. კ-ძის საკუთრებაში მყოფ ორ ნაკვეთზე ყადაღის დადებას, ამასთანავე, გ. კ-ძე საქმეში არ არის ჩართული მოპასუხედ. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიუთითებს, რომ თ. ხ-ძე სარჩელში ითხოვდა ახალციხის რაიონის სოფ. ... მდებარე ავტოგასამართი სადგურის და 2440 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღრიცხვას მის საკუთრებაში, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებას ითხოვს 6600 კვ.მ მიწის ფართობზე და საზკვების ობიექტზე, რაც აღემატება დავის საგნის ოდენობას.

მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ სასარჩელო განცხადების მიხედვით დავის საგანს წარმოადგენს ერთი მიწის ნაკვეთი, ხოლო განმცხადებელი ითხოვს ყადაღის დადებას ორ მიწის ნაკვეთზე, ამასთანავე, საქმეში დაცული ხელშეკრულების ერთ-ერთ ასლში სადავო მიწის ნაკვეთი საერთოდ არ არის აღნიშნული. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის ამონაწერებში მიწის ნაკვეთების გ. კ-ძის საკუთრებაში რეგისტრაციის საფუძველი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (მიღება-ჩაბარების აქტი 05.05.95წ., ¹66), არ ემთხვევა სანოტარო წესით დამოწმებულ ყიდვა-გაყიდვის 16.03.98წ. ხელშეკრულებებში გ. კ-ძის საკუთრებაში გადაცემის საფუძვლებს (ახალციხის რაიონის გამგეობის 17.08.95წ. რ. 60/2 განკარგულება და ფერსის თემის საკრებულოს 21.08.95წ. გადაწყვეტილება), რის გამოც საქმის მასალებით ვერ ხერხდება საჯარო რეესტრში გ. კ-ძის სახელზე საკუთრებაში რეგისტრირებული ნაკვეთის იმ მიწის ნაკვეთთან იდენტიფიკაცია, რომელიც დავის საგანს წარმოადგენს. შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ხ-ძის საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 1971-ე, 198-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ხ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.09წ. და 11.12.09წ. განჩინებები;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.