ბს-73-72 (უს-10) 3 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
საჩივრის ავტორი – გ. ო-იანის წარმომადგენლები _ თ. ჭ-ძე და რ. ბ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 11 ივნისს გ. ო-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და სპს ,,...” მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1995 წლის 29 მარტის ¹407 გადაწყვეტილების და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობაში შემოტანილი მომართვის შესწავლასთან დაკავშირებით შემოწმების აქტისა და დასკვნის ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება, გაეუქმებინა სპს ,,...” სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი.
2009 წლის 18 აგვისტოს გ. ო-იანმა კიდევ ერთი სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სპს ,,...” მიმართ და მოითხოვა 2009 წლის 24 ივლისის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ¹23 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ხსენებული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
მოსარჩელე _ გ. ო-იანი თავის სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ სპს ,,...” უკანონოდ აქვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლება რეგისტრირებული, რადგან ტექ-ბიუროს მიერ 2002 წლის 24 მაისს გაცემული ¹109 ცნობა არ წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ო-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს გ. ო-იანის წარმომადგენლებმა _ რ. ბ-ძემ და თ. ჭ-ძემ, რომლითაც მოითხოვეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ. ო-იანის სარჩელის დაკმაყოფილება.
2009 წლის 18 დეკემბერს გ. ო-იანის წარმომადგენლებმა რ. ბ-ძემ და თ. ჭ-ძემ განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვეს, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სპს ,,...” აეკრძალოს უძრავი ქონების გასხვისება, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში სპს ,,...” სახელზე არსებული ჩანაწერის 120 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობის 16,6 კვ.მ. ფართზე, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს განჩინებით გ. ო-იანის წარმომადგენლების რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. სპს ,,...” აეკრძალა უძრავი ქონების გასხვისება, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში სპს ,,...” სახელზე არსებული ჩანაწერის 120 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობის 16,6 კვ.მ. ფართზე, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე; განემარტა განმცხადებელს, რომ თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ ამ განჩინებით უზრუნველყოფილ სარჩელზე მოსარჩელეს უარი ეთქვა მის დაკმყოფილებაზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ განმცხადებელი ვალდებული იქნება აუნაზღაუროს მოწინააღმდეგე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად.
2009 წლის 26 აგვისტოს ,,...” დირექტორმა გ. ს-ძემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რიონულ სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით მოსარჩელე გ. ო-იანის მიერ სასამართლო დეპოზიტზე 1450 (ათასოთხასორმოცდაათი) ლარის დადება.
ხელვაჩაურის რიონული სასამართლოს 2009 წლის 26 აგვისტოს განჩინებით ,,...” დირექტორ გ. ს-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმყოფილდა; მოსარჩელე გ. ო-იანს დაევალა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე, სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით განათავსოს 1450 (ათასოთხასორმოცდაათი) ლარი; განემარტა გ. ო-იანს, რომ თუ მის მიერ აღნიშნული თანხის განთავსება არ მოხდებოდა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, მაშინ გაუქმდებოდა ხელვაჩურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც დაკმაყოფილდა გ. ო-იანის წარმომადგენლების რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
2009 წლის 10 სექტემბერს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ,,...” დირექტორმა გ. ს-ძემ, რომელმაც მოითხოვა 2009 წლის 19 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გ. ო-იანის მიერ არ მომხდარა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში თანხის განთავსება სასამართლო დეპოზიტზე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის განჩინებით მოპასუხე ,,...” დირექტორის გ. ს-ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და გაუქმდა სპს ,,...” აკრძალვა უძრავი ქონების გასხვისებაზე, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში სპს ,,...” სახელზე არსებული ჩანაწერი 120 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და და შენობა-ნაგებობის 16,6 კვ.მ ფართზე.
2009 წლის 18 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს გ. ო-იანის წარმომადგენლებმა რ. ბა-ძემ და თ. ჭ-ძემ, რომლებმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე მითითებით მოითხოვეს აეკრძალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში სპს ,,...” სახელზე არსებული ჩანაწერი 120 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და 16,6 კვ.მ შენობა_ნაგებობასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო მოქმედების განხორციელება დავის საბოლოო გადაწყვეტამდე ან/და დაედოს ყადაღა სპს ,,...” საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში.
განმცხადებლის აზრით, არსებობს დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა დავის დასრულებამდე მოახდინოს სადაო მიწის ნაკვეთზე სარეგისტრაციო ჩანაწერის განხორციელება, დატვირთოს უძრავი ქონება ან მოახდინოს მესაკუთრის შეცვლა, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გ. ო-იანის სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის განჩნებით გ. ო-იანის წარმომადგენლების რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში განმარტავდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადების დაუკმყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლოსათვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც საჩივრდება საჩივრით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს განჩინებით გ. ო-იანის წარმომადგენლების რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა.
მოგვიანებით, 2009 წლის 11 სექტემბრის გნჩინებით, გაუქმდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მიღებული 2009 წლის 19 აგვისტოს განჩინება. აღნიშნული საპროცესო დოკუმენტების სამართლებრივი შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ო-იანს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარი აქვს მიღებული. 2009 წლის 18 დეკემბერს შემოტანილი განცხადებით, გ. ო-იანის წარმომადგენლებმა კვლავ მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დავის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც დაუშვებელია.
აღნიშნული განჩინება 2010 წლის 5 ინვარს საჩივრით გაასაჩივრეს გ. ო-იანის წარმომადგენლებმა რ. ბ-ძემ და თ. ჭ-ძემ, რომლითაც მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის განჩნების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით გ. ო-იანის წარმომადგენლების რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის განჩნებაზე, როგორც დაუსაბუთებელი, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ო-იანის წარმომადგენლების რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლს, რომლითაც გათვალისწინებულია მოსარჩელის უფლება მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ამავე მუხლით განსაზღვრულია მითითებული საპროცესო უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ.
სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ინსტიტუტს, რომლის გამოყენებაც სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში იძლევა სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის გარანტიას. სარჩელის უზრუნველყოფა ესაა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება.
საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ გ. ო-იანმა ისარგებლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებით და სასამართლოს მიმართა განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოპასუხისათვის უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვის გამოყენების შესახებ, რაც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა.
იმავე სასამართლოს განჩინებით მოსარჩელე გ. ო-იანს დაევალა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე, სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით, 1450 (ათასოთხასორმოცდაათი) ლარის განთავსება.
საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლს, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია 7 დღის ვადაში განახორციელოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.
დადგენილია, რომ გ. ო-იანმა 2009 წლის 26 აგვისტოს განჩინების ჩაბარებიდან შვიდი დღის ვადაში არ მოახდინა 1450 ლარის განთავსება სასამართლოს დეპოზიტზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა უზრუნველყოფის გარანტია, მაგრამ ვინაიდან სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში მხარემ არ მოახდინა მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, გაუქმდა განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილთან მიმართებაში, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადების დაუკმყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლოსათვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც საჩივრდება საჩივრით.
როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, გ. ო-იანის წარმომადგენლებმა რ. ბ-ძემ და თ. ჭ-ძემ 2009 წლის 18 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოში შეტანილი განცხადებით განმეორებით მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, ითხოვეს, სარჩელის უზრუნველყოფის სახით ყადაღა დაედოს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მათი ამჟამინდელი მოთხოვნა არ ემყარება იმავე საფუძველს. როგორც განცხადებიდან იკვეთება, გ. ო-იანი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს დავის იმავე საგანზე (120კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 16.6 კვ.მ ფართის შენობასთან დაკავშირებით) და იმავე საფუძვლით (შესაძლებელია მოპასუხე მხარემ გაასხვისოს სადაო ქონება, რაც შეუძლებეს გახდის სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას), რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ის გარემოება, რომ გ. ო-იანი სააპელაციო სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ითხოვს ყადაღის დადებას მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ვერ გახდება საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, ფაქტიურად სახეზეა მოთხოვნა იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ო-იანის წარმომადგენლების _ რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ო-იანის წარმომადგენლების _ რ. ბ-ძისა და თ. ჭ-ძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 დეკემბრის განჩნება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.