ბს-237-228(უს-10) 25 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. გ-ძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლისა და 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინებებზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 10 და 15 დეკემბერს გ. გ-ძემ განცხადებით მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, კერძოდ, 2009 წლის 10 დეკემბრის განცხადებით გ. გ-ძე ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტარციული სამართლისა და საგადასახადიო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების შედეგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უძრავი ქონების _ ბინის, მდებარე, ქ. თბილისი, ... ქ. ¹3-ში მის სახელზე დარეგისტრირებას.
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გ. გ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დარჩა განუხილველი, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსიტიტუტი გამოიყენება მხოლოდ სარჩელთან მიმართებაში და არა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფის ინსიტუტი, რომლის გამოყენების წინაპირობაა აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმა, საქმის წარმოების შეწყვეტა ან სარჩელის განუხილველად დატოვება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინებით გ. გ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებთა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განცხადების დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 194.5. მუხლი და გ. გ-ძის განცხადება დარჩა განუხილველი /ხის.ფ. 51-54/.
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე საჩივარი შეიტანა გ. გ-ძემ, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და 2009 წლის 10 და 15 დეკემბრის განცხადებების დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 58/.
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საჩივრის ავტორის _ გ. გ-ძის საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, შემდეგი საფუძვლით: საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ხარვეზის შევსების მიზნით საჩივრის ავტორს მიეცა ვადა _ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღე /იხ.ს.ფ. 59-60/.
სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული განჩინება გ. გ-ძეს ჩაბარდა ხელზე 2009 წლის 24 დეკემბერს /იხ.ს.ფ. 61/.
2009 წლის 24 დეკემბერს გ. გ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ ვერ ავსებდა ხარვზს, კერძოდ, ვერ იხდიდა სახელმწიფო ბაჟს. ამასთან, განმცხადებელმა მოითხოვა საქმის საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაგზავნა /იხ.ს.ფ. 62/.
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 თებერვლის განჩინებით გ. გ-ძის საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საკასაციო სასამართლოში, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 59.2, მე-60, 61-ე მუხლები და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი მხარის _ გ. გ-ძის მიერ არ იქნა შესრულებული საპროცესო ვადაში, კერძოდ, საჩივრის ავტორს შეეძლო ხარვეზი შეევსო 2009 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, რაც მის მიერ არ შესრულებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე გ. გ-ძის საჩივარი სსსკ-ის 197.1. მუხლის საფუძველზე დაუშვებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში /იხ.ს.ფ. 121-123/
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. გ-ძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრისა და 2010 წლის 12 თებერვლის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი, კერძო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ არის წამოყენებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინება (საჩივარში ხარვეზის მითითების თაობაზე) გ. გ-ძეს ჩაჰბარდა 2009 წლის 24 დეკემბერს /იხ.ს.ფ. 61/. 2009 წლის 24 დეკემბერს გ. გ-ძემ განცხადებით მიმართ სააპელაციო სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ ვერ ავსებდა ხარვეზს, კერძოდ, ვერ იხდიდა სახელმწიფო ბაჟს /იხ.ს.ფ. 62/. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საპროცესო ვადაში _ 2009 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით, გ. გ-ძის მიერ ხარვეზი შევსებული არ იქნა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად გ. გ-ძის საჩივარი მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი, საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ საჩივრის წარდგენის თაობაზე შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, საჩივარი წარადგინოს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დაცვით.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 59.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამასთან, საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას, რისთვისაც დაადგინა ეს ვადა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ.გ-ძეს სასამართლოსათვის საპროცესო ვადის გაგრძელების, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადახდის ვალდებულების გადავადების მოთხოვნით არ მიუმართავს, ამგვარი საქმის მასალებით არ დასტურდება, მეტიც 2009 წლის 24 დეკემბერს გ. გ-ძემ განცხადებით მიმართ სააპელაციო სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ ვერ ავსებდა ხარვეზს, კერძოდ, ვერ იხდიდა სახელმწიფო ბაჟს /იხ.ს.ფ. 62/. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს და გ. გ-ძის საჩივარი ხარვეზის შეუსვებლობის მოტივით პროცესუალურად სწორად დარჩა განუხილველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. გ-ძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 თებერვლისა და 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 12 თებერვლისა და 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.