ბს-530-510 (უს-10) 17 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა “...” საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 6 აგვისტოს “...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 7 ივლისის ¹882009193300-03, ¹882009193329-03 და ¹882009193317-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ახალციხის რაიონში კომპანიისათვის აღნაგობის უფლებით გამოყოფილი მიწის იმ ნაკვეთებზე საჯარო რეესტრში მოპასუხისათვის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის დავალება მოითხოვა, რომლებზეც სადავო გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ იქნა კერძო საკუთრების უფლება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის _ “...” უარი ეთქვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 7 ივლისის ¹882009193300-03, ¹882009193329-03 და ¹882009193317-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის დავალდებულების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა “...”.
2010 წლის 19 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა “...”, რომელმაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა ყადაღა დაედოს ო. ბ-იანის, ე. ბ-იანისა და ტ. ს-ოვის საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთებს (საკადასტრო კოდები ¹62.16.51.005, ¹62.16.51.007 და ¹62.16.51.006). ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალოს სასამართლო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე ო. ბ-იანის, ე. ბ-იანისა და ტ. ს-ოვის საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთებს (საკადასტრო კოდები ¹62.16.51.005, ¹62.16.51.007 და ¹62.16.51.006) მიმართ განახორციელოს ნებისმიერი სახის უფლების რეგისტრაცია/რეგისტრაციის ცვლილება.
განმცხადებელმა განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთებზე რეგსიტრირებულია მესამე პირების საკუთრების უფლება და მათ გააჩნიათ მიწის ნაკვეთების განკარგვა-გამოყენების შეუზღუდავი უფლებამოსილება. ამასთან, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე უკვე განთავსებულია და ფუნქციონირებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტები, რომელთაც სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნიათ მილსადენების ფუნქციონირებისა და უსაფრთხოებისათვის. ამდენად, სადავო მიწის ნაკვეთების მესამე პირების საკუთრებაში არსებობით არამარტო მილსადენ პროექტს ექმნება სამართლებრივი და ფიზიკური ხელყოფის საფრთხე, არამედ საფრთხეში აგდებს ქვეყნის საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთების მესამე პირების მიერ შესაძლო გასხვისების შემთხვევაში შეუძლებელი გახდება მოცემულ საქმეზე მილსადენის კომპანიის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან შეუძლებელი იქნება საჯარო რეესტრის ამჟამინდელი ჩანაწერის გაუქმება და აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებით “...” განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განცხადებაზე თანდართული საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) 4474,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი _ ზონა ახალციხე 62, სექტორი; ..., კვარტალი 51 ნაკვეთის ¹005, მდებარე ახალციხის რაიონში, სოფ. ... (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ¹62.16.51.005; განცხადების რეგისტრაცია: ¹882009193300, თარიღი 07/07/2009) საკუთრების უფლებით ეკუთვნის ო. ბ-იანს. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) 4182,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი _ ზონა ახალციხე 62, სექტორი; ..., კვარტალი 51 ნაკვეთის ¹006, მდებარე ახალციხის რაიონში, სოფ. ... (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ¹62.16.51.006; განცხადების რეგისტრაცია: ¹882009193317, თარიღი 07/07/2009) საკუთრების უფლებით ეკუთვნის ტ. ს-ოვს. ასევე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) 2980,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი _ ზონა ახალციხე 62, სექტორი; ..., კვარტალი 51 ნაკვეთის ¹007, მდებარე მისამართზე ახალციხის რაიონში, სოფ. ... (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ¹62.16.51.007; განცხადების რეგისტრაცია: ¹88200919329, თარიღი 07/07/2009) საკუთრების უფლებით ეკუთვნის ე. ბ-იანს.
სააპელაციო სასამართლომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველ დავაში ო. ბ-იანი, ე. ბ-იანი, ტ. ს-ოვი არ წარმოადგენენ მოპასუხე მხარეებს და საქმეში მონაწილეობენ, როგორც მესამე პირები, მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ იმ ქონების მიმართ, რომელიც საკუთრების უფლებით არ ეკუთვნის მოპასუხეს და წარმოადგენს მესამე პირების კუთვნილებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიჩნია კანონშეუსაბამოდ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “...” განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო.
2010 წლის 1 აპრილს “...” წარადგინა საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებაზე, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ო. ბ-იანის, ე. ბ-იანისა და ტ. ს-ოვის საკუთრებაში დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები ¹62.16.51.005, ¹62.16.51.007 და ¹62.16.51.006) ნებისმიერი სახის უფლების რეგისტრაციის/რეგისტრაციის ცვლილების აკრძალვა მოითხოვა.
საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მას განცხადებით მოთხოვნილი ჰქონდა ორი სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. სააპელაციო პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინებით კი არ დაკმაყოფილდა კომპანიის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ისე, რომ განჩინება შეიცავს მსჯელობას კომპანიის მხოლოდ პირველ მოთხოვნაზე. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ო. ბ-იანის, ე. ბ-იანისა და ტ. ს-ოვის საკუთრებაში დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები ¹62.16.51.005, ¹62.16.51.007 და ¹62.16.51.006) ნებისმიერი სახის უფლების რეგისტრაციის/რეგისტრაციის ცვლილების აკრძალვის თაობაზე, მიმართული იყო არა მესამე პირების, არამედ უშუალოდ მოპასუხისადმი, რაც სრულად აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნას.
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთებზე კერძო პირთა საკუთრების უფლება წარმოიშვა ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედების _ რეგისტრაციის საფუძველზე. კერძოდ, “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურმა განახორციელა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომლის კანონიერებაც გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში. ამდენად, აღნიშნულ დავაზე მოპასუხე არის მხოლოდ ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური და მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება მიმართულია მის მიმართ, რათა აეკრძალოს სადავო მიწის ნაკვეთებთან მიმართებით ახალი რეგისტრაციის ან რეგისტრაციაში ცვლილების განხორციელება. ვინაიდან, “საჯარო რესტრის შესახებ” კანონის 26-ე მუხლის თანახმად, რეგისტრაცია გაუქმდება, თუკი ძალადაკარგულად ან ბათილად იქნება ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. ამდენად, თუკი მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნება მილსადენის კომპანიის სასარგებლო გადაწყვეტილება, ამასთან ამ დროისათვის მესამე პირების მიერ მოხდება სადავო მიწის ნაკვეთების გასხვისების გამო საჯარო რეესტრში აღარ იარსებებს სადავო მიწის ნაკვეთებზე ამჟამინდელი ჩანაწერი, შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ე.ი. ამჟამად არსებული რეგისტრაციის ჩანაწერების გაუქმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორს მილსადენის კომპანიის მოთხოვნა ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მიაჩნია სრულიად დასაბუთებულად და აუცილებელ ღონისძიებად.
საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინება და სასამართლო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის ო. ბ-იანის, ე. ბ-იანისა და ტ. ს-ოვის საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდები ¹62.16.51.005, ¹62.16.51.007 და ¹62.16.51.006) მიმართ განახორციელოს ნებისმიერი სახის უფლების რეგისტრაციის/რეგისტრაციის ცვლილება.
სააპელაციო პალატამ 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით მიიჩნია, რომ “...” საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. რაც შეეხებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გამოყენების მოთხოვნას, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ო. ბ-იანი, ე. ბ-იანი, ტ. ს-ოვი არ წარმოადგენენ მოპასუხე მხარეებს და საქმეში მონაწილეობენ, როგორც მესამე პირები. შესაბამისად, მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ იმ ქონების მიმართ, რომელიც საკუთრების უფლებით არ ეკუთვნოდა მოპასუხეს და წარმოადგენდა მესამე პირების კუთვნილებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მიიჩნია კანონშეუსაბამოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით “...” საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 მაისის განჩინებით “...” საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ “...” საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნაა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინება და სასამართლო დავის საბოლოო გადაწყვეტამდე აეკრძალოს ქმედების განხორციელება. მოცემულ საქმეზე დავის საგანია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების განხორციელების დავალება, კერძოდ ახალციხის რაიონში მდებარე ო. ბ-იანის, ე. ბ-იანსა და ტ. ს-ოვის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაცია. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის საგანს, საჩივრის მოთხოვნიდან გამომდინარე, წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ო. ბ-იანის, ე. ბ-იანისა და ტ. ს-ოვის საკუთრებაში დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები ¹62.16.51.005, ¹62.16.51.007 და ¹62.16.51.006) ნებისმიერი სახის უფლების რეგისტრაციის/რეგისტრაციის ცვლილების აკრძალვა. აღნიშნული მოთხოვნა ემყარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. იმავე კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. საჩივრის ავტორი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ “...” სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში, თუ საჯარო რეესტრის ამჟამინდელი ჩანაწერები _ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მისი მოსაზრებით სახელმწიფოს მიერ გადაცემული აქვს აღნაგობის უფლებით, კერძო პირებზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის თაობაზე აღარ იარსებებს მათში უკვე განხორციელებული შესაძლო ცვლილებების გამო, შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. ამდენად, განმცხადებლის მოთხოვნა ემყარება მხოლოდ მოსაზრებას, რომ მის მიერ საჯარო რეესტრში განხორციელებული ცვლილება სადავოდ არის გამხდარი და გამოთქვამს ვარაუდს, რომ შემდგომში შეუძლებელი გახდება საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა – ესაა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის რაიმე მოქმედების განხორციელების შეზღუდვის გზით. მოსარჩელეს ევალება მიუთითოს თავის განცხადებაში იმ კონკრეტულ გარემოებებზე (ფაქტებზე), რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს მის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, მხოლოდ ვარაუდი იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესაძლოა განხორციელდეს რაიმე სახის ცვლილება, ვერ დაედება საფუძვლად მოპასუხისათვის მოქმედების _ რეგისტრაციის/რეგისტრაციის ცვლილების აკრძალვას. თავად ნორმის ზოგად დანაწესზე მითითება, რომ შემდგომში შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება არ ქმნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. განმცხადებელი ვალდებულია დაასაბუთოს ის მოსალოდნელი რეალური საშიშროება, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში გამორიცხავს გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც ვერ სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი განცხადებითა და ვერც საჩივრით ვერ იქნა უზრუნველყოფილი. საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე საფუძვლიანი არგუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა გასაჩივრებული განჩინების საპროცესო ნორმების დარღვევით მიღება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ “...” განცხადების განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა და მიიღო იურიდიულად სწორი განჩინება, ვინაიდან “...” მოთხოვნა უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მარეგისტრირებელი ორგანოსათვის გარკვეული მოქმედებების აკრძალვის თაობაზე იყო საფუძველს მოკლებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ “...” საჩივარი არის დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. “...” საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 მარტის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.