ბს-1147-1115 (უს-10) 11 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე. კ-ოვისა და გ. ყ-ელის (ო. კ-ოვის უფლებამონაცვლეების) საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2001 წლის 14 აგვისტოს ო. კ-ოვმა სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და მესამე პირის _ ვ. კ-ძის მიმართ.
მოსარჩელემ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1993 წლის 7 ივლისის ¹11.149.11 გადაწყვეტილებისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2001 წლის 29 ივნისის ¹7/2-119 დადგენილების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 20 ივლისის ¹17.404.25 გადაწყვეტილების კანონიერად ცნობა მოითხოვა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. კ-ოვის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. კ-ოვმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით ო. კ-ოვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. კ-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1993 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება და დიდუბე_ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2001 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება; დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესითYგაასაჩივრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 23 აპრილის განჩინებით დიდუბე_ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 25 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება გ. კ-შვილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ო. კ-ოვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. კ-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2001 წლის 29 ივნისის ¹7/2-119 დადგენილება და მოპასუხეს _ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ს. ნ-ოვის სახლთმფლობელობის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სასარჩელო მოთხოვნა ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1993 წლის 7 ივლისის ¹ 11.149.11 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 20 ივლისის ¹ 17.404.25 გადაწყვეტილების კანონიერად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. კ-ოვმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ო. კ-ოვის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2001 წლის 29 ივნისის ¹7/2-119 დადგენილების ბათილად ცნობისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისთვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში და საქმე აღნიშნულ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, ო. კ-ოვის გარდაცვალების გამო, უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ივლისის განჩინებით განახლდა მოცემული საქმის წარმოება; ო. კ-ოვის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მისი შვილები _ ე. კ-ოვი და გ. ყ-ელი.
2010 წლის 19 ივლისს ე. კ-ოვმა და გ. ყ-ელმა (ო. კ-ოვის უფლებამონაცვლეებმა) განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს. განმცხადებლებმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში, ... ქ. ¹3/ ... ქ. ¹54-ში მდებარე, ს. ნ-იანის სახელზე რიცხული ქონების შემდგომი რეგისტრაციის აკრძალვა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში ს. ნ-იანის მესამე პირად ჩაბმა მოითხოვეს.
განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ სადავო აქტით აღდგენილ სახლთმფლობელობაზე, 2010 წლის 28 მაისიდან საჯარო რეესტრში მესაკუთრის უფლებით აღრიცხული იყო ს. ნ-იანი, როგორც კანონისმიერი მემკვიდრე. განმცხადებლების განმარტებით, ვინაიდან, ს. ნ-იანმა მიიღო სამართლებრივი სიკეთე _ სადავო აქტით აღდგენილი ქონების 2/5 წილი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იგი მოცემულ საქმეში მესამე პირად უნდა ჩაბმულიყო და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მას სადავო ადმინისტრაციული აქტით მიღებული ქონების შემდგომი რეგისტრაცია უნდა აკრძალვოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განჩინებით ე. კ-ოვისა და გ. ყ-ელის (ო. კ-ოვის უფლებამონაცვლეების) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქ. თბილისში, ... ქ. ¹3/ ... ქ. ¹54-ში მდებარე, ს. ნ-იანის სახელზე რიცხული ქონების შემდგომი რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო ს. ნ-იანის სავალდებულო მესამე პირად საქმეში ჩაბმაზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტზე და განმარტა, რომ აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მხოლოდ მოპასუხის მიმართ იყო მიმართული და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაუბრკოლებელი აღსრულების მიზანს ემსახურებოდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს _ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა წარმოადგენდა, შესაბამისად, სასამართლოსათვის გაურკვეველი იყო თუ რა სახის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდნენ განმცხადებლები დაU ვის უნდა აკრძალვოდა სადავო ქონების შემდგომი რეგისტრაცია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის გაზრდა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელი იყო, შესაბამისად, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში იყო შესაძლებელი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ წარდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 192-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, მასში არ იყო მითითებული ის გარემოებები, რომელთა გამო სარჩელის უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ან დაბრკოლდებოდა მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განჩინებაზე იმავე სასამართლოში საჩივარი წარადგინეს ე. კ-ოვმა და გ. ყ-ელმა. საჩივრის ავტორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საჩივრის ავტორების განმარტებით, ს. ნ-იანის მიერ სადავო ქონების სხვა პირზე გასხვისების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდებოდა. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ს. ნ-იანისათვის სადავო ქონების შემდგომი რეგისტრაციის აკრძალვა აუცილებლობას წარმოადგენდა. საჩივრის ავტორებმა ასევე აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არაფერი იყო ნათქვამი ს. ნ-იანის სავალდებულო მესამე პირად საქმეში ჩაბმაზე, მაშინ როდესაც, მათ განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნაც იყო დაყენებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინებით ე. კ-ოვისა და გ. ყ-ელის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების მიზანს იმ საფრთხის თავიდან აცილება წარმოადგენდა, რომელიც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შედეგად საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების თვალსაზრისით შეიძლება შექმნილიყო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ე. კ-ოვისა და გ. ყ-ელის განცხადება არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 192-ე მუხლის მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. კ-ოვისა და გ. ყ-ელის საჩივარი იყო დაუსაბუთებელი და არ არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმების საფუძველი, რის გამოც საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს _ საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-ოვისა და გ. ყ-ელის (ო. კ-ოვის უფლებამონაცვლეების) საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქ. თბილისში, ... ქ. ¹3/... ქ. ¹54-ში მდებარე, ს. ნ-იანის სახელზე რიცხული ქონების შემდგომი რეგისტრაციის აკრძალვის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ს. ნ-იანის სავალდებულო მესამე პირად საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორებმა ქ. თბილისში, ... ქ. ¹3/... ქ. ¹54-ში მდებარე, ს. ნ-იანის სახელზე რიცხული ქონების შემდგომი რეგისტრაციის აკრძალვა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში ს. ნ-იანის სავალდებულო მესამე პირად ჩაბმა მოითხოვეს (ტ. II, ს.ფ. 78-79).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა თავად არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს და ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ორ ღონისძიებას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჩივრის ავტორების მოთხოვნა, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით, ს. ნ-იანის სახელზე რიცხული ქონების შემდგომი რეგისტრაციის აკრძალვის თაობაზე, თავისი შინაარსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით განსაზღვრულ უზრუნველყოფის ღონისძიებას მიეკუთვნება, ვინაიდან, აღნიშნული განჩინების, როგორც უფლებრივი დაცვის დროებითი საშუალების მიზანი _ დავის საგანზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი (დროებითი განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ) ითვალისწინებს მხარის უფლებას სარჩელის აღძვრამდე, ან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით, რათა დავის საგანთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღოს დროებითი განჩინება, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლით ხელი შეეშლება განმცხადებლის უფლების რეალიზაციას ან აღნიშნული მნიშვნელოვნად გართულდება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია, მხოლოდ დავის საგანთან დაკავშირებით და მხოლოდ არსებული მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმის დავის საგანს დიდუბე_ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2001 წლის 29 ივნისის ¹7/2-119 დადგენილების ბათილად ცნობა წარმოადგენს, ხოლო 2010 წლის 28 მაისს საჯარო რეესტრში სადავო ქონების ს. ნ-იანის სახელზე, საკუთრების უფლებით რეგისტრაციის ფაქტი, საჩივრის ავტორებს სადავოდ არ გაუხდიათ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით განსაზღვრული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალების გამოყენება, იმ შემთხვევაში, თუ პირს შეუძლია აღძრას სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრული შეცილებითი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 29-ე მუხლით, რომელიც გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას უკავშირდება.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჩივრის ავტორთა მოთხოვნა მიმართულია იმ პირის მიმართ, რომელიც მოცემულ საქმეში არც მხარეს და ამ ეტაპზე არც სავალდებულო მესამე პირს არ წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჩივრის ავტორებმა, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში, ისე საჩივარში სარჩელის უზრუნველყოფასთან ერთად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში ს. ნ-იანის მესამე პირად ჩაბმა მოითხოვეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. კ-ოვისა და გ. ყ-ელის საჩივარი ს. ნ-იანის სავალდებულო მესამე პირად საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის ნაწილში, თავისი შინაარსით კერძო საჩივარს წარმოადგენს, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-23 ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივრის შეტანა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის განჩინებით კი მხარეს არ განემარტა მესამე პირის ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების წესი (ტ. II, ს.ფ. 133).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე, ს. ნ-იანის სავალდებულო მესამე პირად საქმეში ჩაბმის თაობაზე, რაც ამ ნაწილში განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორთა მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ს. ნ-იანის სავალდებულო მესამე პირად საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ამ ნაწილში განცხადება ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. კ-ოვისა და გ. ყ-ელის (ო. კ-ოვის უფლებამონაცვლეების) საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქ. თბილისში, ... ქ. ¹3/... ქ. ¹54-ში მდებარე, ს. ნ-იანის სახელზე რიცხული ქონების შემდგომი რეგისტრაციის აკრძალვის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. ე. კ-ოვისა და გ. ყ-ელის (ო. კ-ოვის უფლებამონაცვლეების) საჩივარი (კერძო საჩივარი) ს. ნ-იანის სავალდებულო მესამე პირად საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის და 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინებები ს. ნ-იანის სავალდებულო მესამე პირად საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ივლისის და 2010 წლის 13 აგვისტოს განჩინებები;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.