ბს-1380-1344(უს-10) 29 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ბ-ოვას საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2010 წლის 21 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოში შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1380-1344(უს-10) მ. ბ-ოვას საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ბ-ოვას საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე განსჯადობის წესების დაცვით, უნდა გადაეცეს უფლებამოსილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
კონკრეტულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინების გაუქმებას, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მ. ბ-ოვას განცხადებაზე სსსკ-ის 191-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (იხ. ს.ფ. 55-57).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 197.1 მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა, ხოლო ამავე კოდექსის 1971 მუხლი განსაზღვრავს საჩივრის განხილვის წესს და ადგენს მის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს ის სასამართლო, რომელმაც განიხილა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ხოლო ზემდგომი ინსტანციის სასამართლო უკვე საჩივრის დაუკმაყოფილებლობის პირობებშია უფლებამოსილი იმსჯელოს მის საფუძვლიანობაზე, ამასთან შეამოწმოს საჩივრის თაობაზე ქვემდგომი სასამართლოს განჩინების კანონიერება მხოლოდ ქვედა ინსტანციის მიერ საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და მისი ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ განჩინების საფუძველზე.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მ. ბ-ოვას საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლო, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არა აქვს მინიჭებული კომპეტენცია იმსჯელოს წარმოდგენილ საჩივარზე და აღნიშნულზე გავლენას ვერ მოახდენს ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ თავისი განჩინებით არასწორად განმარტა მისი გასაჩივრების წესი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ბ-ოვას საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის შესაბამისად, განსჯადობის წესების დაცვით უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია იმსჯელოს წარმოდგენილი საჩივრის დასაშვებობასა და მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ოვას საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე განსჯადობის წესების დაცვით, გადაეცეს უფლებამოსილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.