Facebook Twitter

ბს-523-518(უს-11) 27 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;

საჩივრის ავტორი – ზ. გ-ე;

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინება;

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ზ. გ-ეს უარი ეთქვა სასარჩელო განცხადების წარმებაში მიღებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. გ-ემ და მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ზ. გ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განახილველად.

2011 წლის 10 იანვრს კერძო საჩივრის ავტორმა-ზ. გ-ემ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამყენება, კერძოდ, ქ. თბილისში, .... ქ. ¹30/7-ში მდებარე მ. ფ-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ ბინაზე ყადაღის დადება იმ მოტივით, რომ მ. ფ-მა სახლი შეიძინა მოტყუებით და აპირებს მის გაყიდვას, რაც დასტურდება გაზეთ «...» გამოცხადებული რეკლამით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინებით ზ. გ-ეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

2011 წლის 17 იანვარს ზ. გ-ემ საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მისი განცხადების დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინებით ზ. გ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე, რომლის თანახმად მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებაზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის «ა» პუნქტზე დაყრდნობით განმარტა, რომ საჩივარში აღნიშნული გარემოებები არ შეესაბამება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის კანონით განსაზღვრულ მიზნებს. სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს სასამართლო დავის დასრულებამდე გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების საფრთხის თავიდან აცილების საფუძვლით. საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი სახის საფრთის არსებობა მოცემულ შემთხვევაში დასაბუთებული არ იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. გ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია მოსარჩელის უფლება მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ამავე მუხლით განსაზღვრულია მითითებული საპროცესო უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. აღსანიშნავია, რომ მოცემული ნორმით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

Mმოცემულ ეტაპზე მოსარჩელე დაზუსტებული სარჩელით ითხოვს მისი ბინის კრედიტორ ფ-ის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2010 წლის 16 ივნისის ¹01.01-43/10-731 განკარგულების, მისი ბინის კრედიტორის ვალის დასაფარავად აუქციონზე გაყიდვის შესახებ აღმასრულებლის მიერ 2010 წლის 14 ივნისს გამოცემული განკარგულების ბათილად ცნობასა და თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და კერძო აღმასრულებლის დავალდებულებას თავიდან დაიწყონ აღსრულება კრედიტორ ფ-ის სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების უზრუნველსაყოფად, ხოლო განცხადებით-სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით ითხოვს ყადაღა დაედოს მ. ფ-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ ბინას მდებარე ქ. თბილისი, .... ქ. ¹30/7, იმ მოტივით, რომ მ. ფ-მა სახლი შეიძინა მოტყუებით და აპირებს მის გაყიდვას, რაც დასტურდება გაზეთ «....» გამოცემული რეკლამით. წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს დასაბუთებას იმ გარემოებებზე მითითებით, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იმაზე მითითება, რომ საქმეში მის მიერ დასახელებული მესამე პირი მ. ფ-ი აპირებს მის საკუთრებაში არსებული ბინის გასხვისებას, არ არის დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტით (გაზეთიდან ამონარიდით ან სხვა მტკიცებულებით). Aამდენად, განმცხადებლის მოთხოვნა ემყარება მხოლოდ მოსაზრებას ბინის გასხვისების თაობაზე და გამოთქვამს ვარაუდს, რომ მისი გამოუყენელობის შემთხვევაში შეუძლებელი გახდება საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკითხი იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად, ამდენად, განმცხადებელმა თავად უნდა მიუთითოს, სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა გამოიყენოს სასამართლომ, აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნტი ითვალისწინებს ყადაღის დადებას ქონებაზე, რომელიც ეკუთვნის მოპასუხეს, არის მასთან ან სხვა პირთან. აღნიშნული მუხლით ყადაღის დასადებად აუცილებელი პირობაა, რომ ქონება ეკუთვნოდეს მოპასუხეს და ამასთან, იმყოფებოდეს მის ან სხვა პირის მფლობელობაში, მოცემულ შემთხვევაში კი განმცხადებელი თავად ფლობს და სარგებლობს მ. ფ-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ ბინით. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ფ-ი დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით წარმოადგენს მესამე პირს.

ზემოაღნიშნული გათვალისწინებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელეს ევალება მიუთითოს თავის განცხადებაში იმ კონკრეტულ გარემოებებზე (ფაქტებზე), რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს მის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, მხოლოდ ვარაუდი იმის თაობაზე, რომ მ. ფ-მა შესაძლოა გაყიდოს მის საკუთრებაში რეგისტრირებული ბინა, ვერ დაედება საფუძვლად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად-ყადაღის გამოყენებას. თავად ნორმის ზოგად დანაწესზე მითითება, რომ შემდგომში შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება არ ქმნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. განმცხადებელი ვალდებულია დაასაბუთოს ის მოსალოდნელი რეალური საშიშროება, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში გამორიცხავს გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც ვერ სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი განცხადებითა და ვერც საჩივრით ვერ იქნა უზრუნველყოფილი. საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე საფუძვლიანი არგუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა გასაჩივრებული განჩინების საპროცესო ნორმების დარღვევით მიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. გ-ის საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, ვინაიდან არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი, ამიტომ უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 12 იანვრის განჩნება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.