¹ბს-1497-1072(კ-05) 13 დეკემბერი, 2006წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – პ-ლი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 29 სექტემბერს პ-მა სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის ¹პ-1636 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის დეპარტამენტის სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვის სამმართველოში კონსულტანტის თანამდებობაზე, საიდანაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის ¹პ-1636 ბრძანებით გაათავისუფლეს რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით. მისი აზრით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის აღნიშნული ბრძანების გამოცემით არსებითად არის დარღვეული ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. იგი სამუშაოდან გაათავისუფლეს რეორგანიზაციის მოტივით, ხოლო შტატები არ შემცირებულა, რაც, მოსარჩელის მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები, რაც მის შემთხვევაში უგულებელყოფილ იქნა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ვინაიდან აღნიშნული კანონი სრულყოფილად არ აწესრიგებს კრიტერიუმებს, თუ ვის ენიჭება სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება დაწესებულებაში შტატების შემცირების დროს, მოსარჩელის აზრით, ადმინისტრაცია ვალდებული იყო ეხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და იძულებითი განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურებას.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით პ-ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით პ-ლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პ-ლის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის ¹პ-1636 ბრძანება პ-ლის გათავისუფლების შესახებ; აღდგენილ იქნა იგი ფინანსთა სამინისტროში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით განაცდური ხელფასი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 24 მაისის ¹39 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა ფინანსთა სამინისტროს დებულება.
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის ¹60 დადგენილებით ფინანსთა სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნა ცვლილება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 27 აგვისტოს ¹565 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში.
საქართველოს ფინანსთაA მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის ¹პ-1636 ბრძანებით პ-ლი გათავისუფლდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის დეპარტამენტის სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვის სამმართველოში კონსულტანტის თანამდებობიდან, რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ პ-ილს 2004 წლის 29 ივლისს ჩაჰბარდა წერილობითი გაფრთხილება მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 27 აგვისტოს ¹565 ბრძანებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურისა და საშტატო განრიგში შეტანილი ცვლილებებით შემცირდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის დეპარტამენტის საშტატო ერთეულები და იგი 10 ერთეულით ჩამოყალიბდა, როგორც ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და საინვესტიციო პოლიტიკის სამმართველოდ, რის გამოც შეუძლებელი გახდა ადმინისტრაციის მხრიდან პ-ისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზება, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტით და განმარტა, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი მიუთითებდა, რომ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის ¹39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ,,ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის ¹60 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განხორციელდა რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა შტატების შემცირება. მოსარჩელე მუშაობდა სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის დეპარტამენტში, სადაც განსაზღვრული იყო 21 საშტატო ერთეული. რეორგანიზაციის შემდეგ აღნიშნული დეპარტამენტი გაუქმდა და მის ნაცვლად ჩამოყალიბდა ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისა და საინვესტიციო პოლიტიკის სამმართველო, სადაც გათვალისწინებული იყო 10 საშტატო ერთეული. ამდენად, კასატორის აზრით, უდავოა, რომ რეორგანიზაციას მოჰყვა შტატების შემცირება. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ სხვა თანამდებობის შეთავაზება ვერ განხორციელდებოდა, ვინაიდან იმ დროისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში არ არსებობდა შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პ-ილის აღდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, კასატორის აზრით, დაუსაბუთებულია, ვინაიდან, არც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი და არც შრომის კანონთა კოდექსი არ ითვალისწინებს ტოლფასი თანამდებობის ცნებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათაAგამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ივლისის ¹60 დადგენილებით _ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის ¹39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე _ მოხდა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების დეპარტამენტის რეორგანიზაცია.
ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 27 აგვისტოს ¹565 ბრძანებით ცვლილებები შევიდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში. განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით.
დადგენილია, რომ პ-ლის გათავისუფლება ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვისა და არასაგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის დეპარტამენტის სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვის სამმართველოს კონსულტანტის თანამდებობიდან მოხდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის ¹პ-1636 ბრძანებით.
ზემოაღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 97-ე მუხლის პირველი პუნქტი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას მისი მხრიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის შესახებ. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის შინაარსს და აღნიშნავს, მართალია, მითითებული მუხლის პირველი ნაწილი იძლევა შესაძლებლობას, მოხელე გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი შეიცავს გარკვეულ დათქმას, რომლის შესაბამისადაც (საუბარია გათავისუფლების მომენტში მოქმედ რედაქციაზე), მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე.
მითითებული ნორმის ამკრძალავი ხასიათი საკასაციო სასამართლოს აძლევს შემდეგი განმარტების გაკეთების საფუძველს: მუშაკთა რიცხოვნობისა და შტატების შემცირება არ გულისხმობს ადმინისტრაციის მხრიდან მუშაკის უპირობოდ გათავისუფლების შესაძლებლობას. მუშაკის დათხოვნა შეუძლებელია, თუ არ გამოირიცხა რეორგანიზებულ საწარმოში მუშაკის შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა და თუ მუშაკი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ამასთან სავალდებულო არ არის მუშაკის იმავე თანამდებობაზე დანიშვნა.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციის მხრიდან არ დასტურდება პ-ლისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების ფაქტი, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გასაჩივრებული აქტის კანონშეუსაბამოდ მიჩნევას.
რაც შეეხება კასატორის მსჯელობას ტოლფას თანამდებობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში სრულად იზიარებს კასატორის მოსაზრებას და აღნიშნავს: “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის დებულებები არ ითვალისწინებს “ტოლფასი თანამდებობის" ცნებას და, შესაბამისად, სამსახურიდან დათხოვნილი მუშაკის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას.
რაც შეეხება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსს, აღნიშნულ კოდექსში ტერმინი _ “ტოლფასი თანამდებობა" მოხსენიებულია მხოლოდ 109-ე მუხლში, რომელიც შეეხება არჩევით თანამდებობაზე არჩეული მუშაკის გარანტიას და რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ შეიძლება მთლიანობაში გავრცელდეს ყველა სახის შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე სადავო საკითხზე, იმ მიზეზის გამო, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს საგამონაკლისო ხასიათის ნორმას და არეგულირებს მხოლოდ ერთი გარკვეული სახის ურთიერთობას.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა კასატორისათვის მოწინააღმდეგე მხარის მიმართ, წარმოშობს შრომითი მოწყობის საკითხის გადაწყვეტის ვალდებულებას. საყურადღებოა, რომ საკასაციო სასამართლოში დავის განხილვის ეტაპზე გადაწყვეტილია პ-ლის შრომითი მოწყობის საკითხი, წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დახასიათება, რომლითაც მითითებული პირი ხასიათდება დადებითად, ამასთან, მის აღდგენას არ გამოუწვევია სხვა პირთა უფლებების შელახვა, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ დავის განხილვის ეტაპზე ადმინისტრაციის მხრიდან შესრულებულია მისივე ვალდებულება, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმების პროცესუალური აუცილებლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.