ბს-400-384(კ-06) 26 დეკემბერი, 2006წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ლ. ჩ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 24 სექტემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. ჩ-ემ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის ¹პ-1623 ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს .... დეპარტამენტის ..... სამმართველოს .... საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის ¹პ-1623 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების მოტივით. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული ბრძანების გამოცემისას მოპასუხემ არ გაითვალისწინა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა. აღნიშნული ნორმის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. მოპასუხეს ასევე დარღვეული ჰქონდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 115-ე მუხლის მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებდა შტატების შემცირების გამო გათავისუფლებული მოხელის რეზერვში ჩარიცხვას. მისთვის არც რაიმე სხვა თანამდებობა და არც რეზერვში ჩარიცხვა არ შემოუთავაზებიათ.
მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხემ სადავო ბრძანების გამოცემით ასევე დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლისა და 421 მუხლის მოთხოვნები სამუშაოზე უპირატესი დარჩენის თაობაზე. მოსარჩელე სრულად აკმაყოფილებდა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის «ა-გ» ქვეპუნქტების მოთხოვნებს, კერძოდ, იყო მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, ოჯახში ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი, უმუშევარი მეუღლე, ინვალიდი დედა და ღრმად მოხუცებული ბებია, რომლებიც იმყოფებოდნენ მის კმაყოფაზე. რაც შეეხებოდა სამუშაო სტაჟს, სამსახური შეინარჩუნეს იმ მოხელეებმა, რომლებსაც მასზე ნაკლები სტაჟი გააჩნდათ (ს.ფ. 2-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 27 აგვისტოს ¹563 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2003 წლის 8 მაისის ¹226 ბრძანება ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 27 სექტემბრის ¹312 ბრძანება სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ, დამტკიცდა ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის საშტატო ნუსხა 42 საშტატო ერთეულით თანახმად დანართისა, კადრების სამსახურს დაევალა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა. აღნიშნული ბრძანება ამოქმედდა 2004 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 1 სექტემბრის ¹პ-1623 ბრძანებით მოსარჩელე ლ. ჩ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შტატების შემცირების გამო.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელის განთავისუფლება სამსახურიდან შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას დასაშვები იყო. ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ შესთავაზეს სხვა თანამდებობა კვალიფიკაციის გათვალისწინებით, რის გამოც დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო მოხელის გათავისუფლების წესს არეგულირებდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი, რომელიც სპეციალურ კანონს წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეებთან მიმართებაში და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი საჯარო მოხელეთა მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში ვერ იქნებოდა გამოყენებული.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება, რომ მოსარჩელეს სხვა თანამდებობა ვერ შესთავაზეს, რადგან არ არსებობდა ვაკანსია. სასამართლომ მიუთითა, რომ ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცების გამო მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზება შეუძლებელი იყო (ს.ფ. 38).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ლ. ჩ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება _ გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება და სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა საქმეთა პალატის 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის ¹პ-1623 ბრძანება ლ. ჩ-ის ფინანსთა სამინისტროს .... დეპარტამენტის .... სამმართველოს .... თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და ფინანსთა სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ასევე დაევალა ლ. ჩ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი სამსახურიდან განთავისუფლებიდან მოცემული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი აქტის გამოცემამდე; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 27 აგვისტოს ¹563 ბრძანებით ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2003 წლის 8 მაისის ¹226 ბრძანება «ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ», დანართი ¹8 (სახელმწიფო საგარეო ვალის დეპარტამენტის სტრუქტურა), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 30 აპრილის ¹213 ბრძანება «ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურის შესახებ», დანართი ¹8 (გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის სტრუქტურა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის სტრუქტურა), კადრების სამსახურს დაევალა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა. აღნიშნული ბრძანების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2004 წლის 1 სექტემბერი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 1 სექტემბრის ¹პ-1623 ბრძანებით მოსარჩელე ლ. ჩ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ჩ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანების გამოცემისას დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა გამოკვლეული აპელანტის მიმართ სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად (ს.ფ. 74-77).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 31 იანვრის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, მათ შორის, მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და გამოტანილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
«საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 27 აგვისტოს ¹563 ბრძანებით გაუქმდა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შეიქმნა საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, რომელშიც გაერთიანდა საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე სახელმწიფო საგარეო ვალის, გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტები, რომელთა საშტატო რიცხოვნობა შეადგენდა 51 ერთეულს. ახლად შექმნილი დეპარტამენტების საშტატო ნუსხა კი განისაზღვრა 42 ერთეულით, ე.ი. მოხდა 9 საშტატო ერთეულის გაუქმება. ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში განხორციელდა რეორგანიზაცია და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა, მათ შორის, ლ. ჩ-ის თანამდებობის შემცირება, რაც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად წარმოადგენდა გათავისუფლების საფუძველს.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლი, არასწორად დაადგინა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სადავო ბრძანება გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტში იგულისხმებოდა ვაკანტური თანამდებობის შეთავაზების ვალდებულება, ხოლო ვაკანტური თანამდებობის არქონის გამო, ბუნებრივია, შეთავაზება ვერ მოხერხდებოდა.
კასატორმა მიუთითა, რომ ადმინისტრაციამ შტატების შემცირებისას შეაფასა მუშაკების კვალიფიკაცია, პრაქტიკული უნარ-ჩვევები ყოველდღიური სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების მიხედვით, რის საფუძველზეც გათავისუფლდნენ უფრო დაბალი კვალიფიკაციის მქონე პირები. ამ შემთხვევაში კანონმდებლობა დაწესებულების ადმინისტრაციას არ ავალდებულებდა აღნიშნულის დოკუმენტალურ დეტალურ დაფიქსირებას. მოსარჩელის გათავისუფლებას დაეთანხმა ხელმძღვანელობა. ამდენად, ნათელი იყო, რომ ადმინისტრაციამ შეაფასა მუშაკის კვალიფიკაცია სხვა მუშაკების კვალიფიკაციასთან მიმართებაში და მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სადავო ბრძანება, უნდა მიეთითებინა იმ არსებითი მნიშვნელობის გარემოებებზე, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა განსხვავებულ გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, სასამართლოს უნდა განესაზღვრა, რა დროიდან უნდა ამოქმედებულიყო ახლად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თუ ახალი აქტის გამოცემის დღიდან.
კასატორმა მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოცხადდეს ბათილად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითად არის დარღვეული მისი გამოცემის პროცედურა, თუმცა კანონის არსებითი დარღვევა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ადმინისტრაციული აქტის გაბათილების საფუძვლად, როდესაც ამ დარღვევის არარსებობის შემთხვევაში მიღებულ იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეთავაზების არსებობის პირობებშიც კი, თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ შეთავაზება აუცილებელ პროცედურას წარმოადგენდა, მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აქედან გამომდინარე, არამართებულად მიაჩნდათ ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის ¹პ-1623 ბრძანების ბათილად გამოცხადება.
კასატორის მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლო იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის განაცდური ხელფასის დაკისრება, მით უმეტეს, როდესაც ახალი აქტის გამოცემის შემთხვევაშიც კი მოსარჩელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო თანამდებობიდან. ასევე, გადაწყვეტილებაში დასაბუთებული არ იყო, თუ რომელი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით უნდა მომხდარიყო განაცდური ხელფასის გამოთვლა, განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის (რომელიც აღარ არსებობდა), თუ იმ თანამდებობის მიხედვით, რომელიც მოსარჩელისათვის უნდა შეეთავაზებინათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასარჩელო განცხადებით მოსარჩელე ლ. ჩ-ე ითხოვდა მხოლოდ სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და სამსახურში აღდგენას. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მისი სასარჩელო მოთხოვნა არ შეცვლილა და პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა სწორედ აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელე კვლავ მხარს უჭერდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. საქმის მასალებში არ მოიპოვება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელის განცხადება ან შუამდგომლობა, არც სააპელაციო სასამართლოს განჩინება დავის საგნის გაზრდის თაობაზე.
ამდენად, როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას სარჩელის დავის საგანი იყო მხოლოდ გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა. მოთხოვნა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ ამ სასამართლოებში დავის საგანს არ წარმოადგენდა.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაავალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაავალა მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი სამსახურიდან გათავისუფლებიდან ახალი აქტის გამოცემამდე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იმპერატიულად განსაზღვრავს სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებს, კერძოდ, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (მუხლი 248). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის მოთხოვნა, როგორც დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინება, სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ფუნდამენტური საპროცესო წესია, რომლითაც შებოჭილია სასამართლო. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის აღნიშნული წესი დარღვეულია. სარჩელი განხილულია არა იმ მოთხოვნის ფარგლებში, რაც საქმის მასალების თანახმად საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს, რის გამოც, შესაბამისად, დარღვეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველ ნაწილსა და სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლში განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლო გადაწყვეტილებისა და სარჩელის მოთხოვნის თანაზომიერების ფარგლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 248-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს, რამდენადაც ამ ნაწილში გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ლ. ჩ-ის გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 1 სექტემბრის ¹პ-1623 ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია სადავო ბრძანების გამოცემისას იმ დროისათვის მოქმედი «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხების გამოუკვლეველობა, ხოლო აღნიშნულის თაობაზე საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. ასეთად ვერ ჩაითვლება კასატორის მარტოოდენ მითითება მათ მიერ აღნიშნული მუხლების მოთხოვნათა დაცვის თაობაზე. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები კასატორს არა აქვს წარდგენილი არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში კონკრეტულად არ არის მითითებული, თუ რა გარემოებების გამოკვლევის შედეგად უნდა იქნეს გამოცემული ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და რომ სააპელაციო სასამართლოს არა აქვს დაცული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-7 ქვეპუნქტის მოთხოვნა, აღნიშნული ასევე ვერ ჩაითვლება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებულია მოპასუხის მიერ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის დარღვევა, საიდანაც ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას უნდა გამოარკვიოს სწორედ აღნიშნულ მუხლებში მითითებული საკითხები: მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების შესაძლებლობისა და მისი უპირატესი დარჩენის საკითხი. რაც შეეხება გარემოებას, თუ რა დროიდან ითვლება ბათილად ცნობილი აქტის მოქმედება შეწყვეტილად, აღნიშნულის გარკვევა ასევე არ არის შეუძლებელი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მიუხედავად ამის თაობაზე სპეციალური მითითების არარსებობისა. სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია ბათილად ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის განსაკუთრებული პირობები _ მომავალში კონკრეტული თარიღის მითითებით ან მისი ბათილად ცნობის დღიდან, ასეთი რამ არ გამომდინარეობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან. აღნიშნული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, სადავო აქტი ცნობილია ბათილად მისი ძალაში შესვლის მომენტიდან. რაც შეეხება ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, იგი ძალაში უნდა შევიდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისათვის დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ასევე უსაფუძვლოა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბაჟი კასატორს დაკისრებული აქვს ამ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტამდე განხორციელებულ სასამართლო წარმოებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის _ 2006 წლის 31 იანვრის მდგომარეობით მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა და «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის რედაქცია კასატორს არ ათავისუფლებდა მოცემული კატეგორიის დავაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე ექვემდებარება უცვლელად დატოვებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში;
3. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.