Facebook Twitter

¹ბს-463-440 (კ-06) 19 დეკემბერი, 2006წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ი. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ე. ჯ-ე

ბათუმის სააღსრულებო ბიურო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.

დავის საგანი _ სააღსრულებო ბიუროს განკარგულების ბათილად ცნობა

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ი. კ-ის წარმომადგენელმა ა. ბ-ამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ბათუმის სააღსრულებო ბიუროს და ე. ჯ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სააღსრულებო ბიუროს 2003 წლის 3 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა ტექბიუროსა და საჯარო რეესტრის მონაცემებში შემდეგი საფუძვლით:

2003 წლის 3 ივლისს სასამართლო აღმასრულებელ ჯ. ძ-ის განკარგულების საფუძველზე ე. ჯ-ეს ნატურით გადეცა ქ. ბათუმში, .......... ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა ¹42, რომელიც საკუთრებაში ერიცხებოდა ი. კ-ეს. 2003 წლის 5 მარტის ოქმში, რომელიც შედგენილია აუქციონზე, მითითებულია, რომ ოქმი შედგა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 04.12. გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც მოქალაქე ი. კ-ე ვალდებულია მოპასუხე ე. ჯ-ეს გადაუხადოს 4000 აშშ დოლარი. განმეორებით ჩატარებულ აუქციონზე, ოქმის შედგენის საფუძვლად მითითებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.12.02წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ი. კ-ეს დაეკისრა ე. ჯ-ის სასარგებლოდ 4000 აშშ დოლადის გადახდა. ასევე ე. ჯ-ემ წარადგინა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამრთლოს 2001 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცელი ¹........, რის საფუძველზეც ნ. კ-ეს დაეკისრა 184852 აშშ დოლარი ე. ჯ-ის სასარგებლოდ. ე. ჯ-ის მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცელი, ნ. კ-ის წინააღმდეგ დაერთო სააღსრულებო საქმეს. პირველი აუქციონის ოქმში აღსრულება მიმდინარეობდა 2002 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოვალე ნ. კ-ის მიმართ, რომლის თანახმად მას 4000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ე. ჯ-ისათვის, ხოლო მეორე აუქციონზე წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოვალე იყო ნ. კ-ე, ამდენად, გაუგებარია თუ რის საფუძველზე განხორციელდა ორი სააღსრულებო ფურცლის გაერთიანება, რადგან, ფაქტობრივად, აღმასრულებელმა ი. კ-ის ქონებაზე მიაქცია სხვისი ვალდებულება თანხის გადახდისა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი მარწმუნებლის ქონება შეფასებულია 20000 აშშ დოლარი, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს 4000 აშშ დოლარი, ამდენად, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა ბინის ღირებულების დარჩენილი თანხა აღსრულების განხორციელების შემდეგ /იხ.ს.ფ.4-5/

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 15.10.04წ. გადაწყვეტილებით ი. კ-ის წარმომადგენელ ა. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის სააღსრულებო ბიუროს სასამართლოს აღმასრულებლის 2003 წლის 03.07 ¹03/26 განკარგულება ი. კ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. ბათუმში, .......... ქ. ¹7-ში ბინა 42-ის ნატურით საკუთრებაში ე. ჯ-ისთვის გადაცემის შესახებ, რაზეც სათანადო ცვლილებები იქნა შეტანილი ტექაღრიცხვის სამსახურში და საჯარო რეესტრში, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

04.12.02წ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილულ იქნა სამოქალაქო საქმე ი. კ-ის სარჩელის გამო, სპს «მ-ის» ლომბარდის დირექტორის _ მ. ჯ-ისა და ნ. კ-ის მიმართ, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ, რის შემდეგაც დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, რომლის თანახმად მოსარჩელე ი. კ-ე კისრულობდა ვალდებულებას მოპასუხე ე. ჯ-ისთვის 2003 წლის 4 იანვრამდე გადაეხადა 4000 აშშ დოლარი, ხოლო, თავის მხრივ, ე. ჯ-ე ამ თანხის მიღების შემდეგ უარს ამბობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 09.02 გადაწყვეტილების აღსრულებაზე. მხარეებს განემარტათ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-2 მუხლის თანახმად, თუ რომელიმე მათგანი დაარღვევდა მორიგების პირობებს, განჩინება შეიძლება აღსრულებულიყო იძულების წესით. მორიგების გამო საქმისწარმოება შეწყდა. მითითებული განჩინება ძალაში შევიდა 2003 წლის 05.01, ხოლო 13 იანვარს გაიცა საღსრულებო ფურცელი. იმის გამო, რომ მორიგების ერთ-ერთმა მხარემ ი. კ-ემ დაარღვია მორიგების პირობები და ე. ჯ-ეს არ გადაუხადა თანხა, აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი ე. ჯ-ემ წარადგინა ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროში და მოითხოვა განჩინების იძულებითი აღსრულება. აღმასრულებელმა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, იძულებითი რეალიზაციის მიზნით აუქციონზე გაიტანა ი. კ-ის საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ........ ქ. ¹7-ში, ღირებულებით 20 000 აშშ დოლარი, მაგრამ, რამდენადაც ბინის რეალიზება ვერ მოხდა, აღმასრულებლის მიერ 2003 წლის 3 ივლისს გაიცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც ე. ჯ-ეს საკუთრებაში ნატურით გადაეცა ი. კ-ის კუთვნილი ბინა, რომელიც შემდგომ რეგისტრირებულ იქნა ე. ჯ-ის სახელზე.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. კ-ეს 184852 აშშ დოლარი დაკისრებული ჰქონდა არა ფიზიკური პირის _ ე. ჯ-ის, არამედ სპს «მ-ის» სასარგებლოდ, ამასთანავე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 04.12 განჩინება მოსარჩელე ი. კ-ესა და მოპასუხე ე. ჯ-ეს შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე ამავე სასამართლოს 2004 წლის 08.07 განჩინებით გაუქმებულია და განჩინება კანონიერ ძალაშია შესული, რის გამოც ბათუმის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2003 წლის 03.07 ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულებაში კრედიტორად ფიზიკური პირის ე. ჯ-ის მითითება უსაფუძვლო იყო და განკარგულება ექვემდებარებოდა გაუქმებას.

მოპასუხე _ ბათუმის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა ცნო სარჩელი და განმარტა, რომ დღეისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 04.12 განჩინება, რაც საფუძვლად დაედო სადავო სააღსრულებო განკარგულებას, გაუქმებულია და «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 34 «დ» მუხლის შესაბამისად სააღსრულებო წარმოება უნდა შეწყვეტილიყო (იხ.ს.ფ. 167-168).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ჯ-ემ რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით:

საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა საქმის მასალების იგნორირებით, ხოლო ი. კ-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას სსსკ-ის 369-ე, 377-ე 382-ე მუხლების შესაბამისად (იხ.ს.ფ.170).

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 25.01 განჩინებით ე. ჯ-ეს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ.201-207).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 29 ივნისის განჩინებით ე. ჯ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ.ს.ფ.273-282).

სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება; ი. კ-ის წარმომადგენლის ა. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ბათუმის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელ ჯ. ძ-ის 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე ე. ჯ-ეს ნატურით გადაეცა ქ. ბათუმში, ........ ქ. ¹7-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა ¹42, რომელიც საკუთრებაში ერიცხებოდა ი. კ-ეს. ი. კ-ის წარმომადგენელ ა. ბ-ას მიერ სარჩელი მოცემულ საქმეზე სასამართლოში შეტანილ იქნა 2003 წლის 14 აგვისტოს. ი. კ-ის წამომადგენელმა ა. ბ-ამ სარჩელი სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2003 წლის 3 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე აღძრა 2003 წლის 18 ივლისს, განკარგულების გამოტანიდან 15 დღეში, ანუ იგი შეტანილ იქნა კანონით დადგენილ ვადაში, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადა შეწყდა. მოცემულ საქმეზე სასამართლომ იმავე დღეს, 2003 წლის 18 ივლისს მიიღო განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ა. ბ-ას მიერ არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა 2003 წლის 30 ივლისს, სარჩელი სასამართლოში ხელმეორედ შეტანილ იქნა 2003 წლის 14 აგვისტოს, რაც, მოსარჩელის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად ნიშნავდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას პირველი სარჩელის შეტანის დღიდან. ი. კ-ის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო განკარგულების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული მოქმედების განხორციელებიდან მეორე თუ მესამე დღეს და მან «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-18 მუხლით დადგენილ ვადაში, კერძოდ, განკარგულების გამოცემიდან ორ კვირაში შეიტანა სარჩელი.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-18, სამოქალაქო კოდექსის 138-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 277-ე მუხლები და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ გაშვებული იქნა სადავო განკარგულების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რამდენადაც სასამართლოს 2003 წლის 18 ივლისის განჩინება თავისი შინაარსით და ბუნებით წარმოადგენდა სარჩელის განუხილველად დატოვებას, ამ შემთხვევაში კი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ წყდება, შესაბამისად, თუ ი. კ-ე არ აპირებდა მიღებული განჩინების გასაჩივრებას, მაშინ მას ახალი სარჩელით სასამართლოსთვის უნდა მიემართა 2003 წლის 3 აგვისტომდე, რაც არ განუხორციელებია, შესაბამისად, სარჩელი იყო ხანდაზმული, რაც სარჩელის დაუკმაყოფილებლობის საფუძველს წარმოადგენს /იხ.ს.ფ. 350-357/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ის წარმომადგენელმა ა. ბ-ამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება /იხ.ს.ფ. 366-370/.

კასაციის მოტივი:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე და 275-ე მუხლები, როცა სასამართლოს 2003 წლის 18 ივლისის განჩინება მიიჩნია სარჩელის განუხილველად დატოვებად, რამდენადაც სარჩელი განუხილველად რჩება მხოლოდ წარმოებაში მიღების შემდეგ. საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივლისის განჩინება რომც ყოფილიყო სარჩელის განუხილველად დატოვება, ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 140.2 მუხლი, რომლის თანახმად თუ უფლებამოსილი პირი 6 თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დღიდან, ხოლო სარჩელი ხელმეორედ კასატორის მიერ შეტანილ იქნა 2003 წლის 14 აგვისტოს, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა მოსარჩელის მიერ გაშვებული არ ყოფილა.

კასატორს მიაჩნია, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-18 მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როცა მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლების დარღვევის შესახებ; სააღსრულებო საქმეში კი არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ ი. კ-ეს ჩაბარებული აქვს სადავო განკარგულება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებები, რაც ასევე საპროცესო დარღვევას წარმოადგენს, ამასთან, სააპელაციო საასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 35.5 და 35.6 მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც საქმე განიხილა ერთპიროვნულად, მაშინ, როცა საპროცესო კანონმდებლობით საქმე უნდა განეხილა სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ი. კ-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34.3 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/ /იხ.ს.ფ. /.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. კ-ის წარმომადგენლის ა. ბ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იამვე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2. და 394. «ე» მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წარმოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, რამდენადაც საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, როცა საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივლისის განჩინება მიიჩნია სარჩელის განუხილველად დატოვებად, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი დასკვნა გამოიტანა, როცა სარჩელი ამ გარემოების გამო მიიჩნია ხანდაზმულად.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივლისის განჩინებით ი. კ-ის წარმომადგენელ ა. ბ-ას სარჩელის მიღებაზე ეთქვა უარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის საფუძველზე, კერძოდ, სარჩელი არ იყო მიმართული სასამართლოში არსებულ მხარეთა შორის წარმოჭრილ დავაზე /იხ.ს.ფ.289/.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულია სსსკ-ის 186-ე მუხლის საფუძველზე, რამდენადაც ი. კ-ის წარმომადგენელს სარჩელის მიღებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ სარჩელის მოთხოვნა მიმართული იყო ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ხოლო ეს უკანასკნელი საქმეში მხარეს არ წარმოადგენდა. ამასთან, სარჩელში აღძრული მოთხოვნა წარმოადგენდა დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნას და მიმართული არ იყო მოსარჩელე ე. ჯ-ის მიმართ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლში რეგლამენტირებულია სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძვლები, ხოლომ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებული საფუძვლით სარჩელის განუხილვლეად დატოვებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მით უფრო, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმას და სარჩელის განუხილველად დატოვებას სხვადასხვა სამართლებრივი შედეგი უკავშირდება, რამდენადაც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს საერთო წესით, რაც საქალაქო სასამართლოს განჩინებაშიც იქნა მითითებული.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება წარმოადგენდა სარჩელის განუხილველად დატოვებას ამ შემთხვევაშიც სარჩელი, სამოქალაქო კოდექსის 140.2 მუხლის თანახმად არ იქნებოდა ხანდაზმული და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისიად, გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. სამოქალაქო კოდექსის 140.1 მუხლი ადგენს შემთხვევებს, როცა სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას არ გამოიწვევს, კერძოდ, ამგვარს განეკუთვნება თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 140.2 მუხლის თანახმად, თუU უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დღიდან.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მსჯელობისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ზემოაღნიშნული ნორმებით და «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის მე-18 მუხლით დადგენილი სააღსრულებო მოქმედების გასაჩივრების ერთთვიანი სპეციფიური ვადის ათვლისას აღნიშნული ნორმების და საქმის მასალების შეფასების საფუძველზე გამოეტანა დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ, რაც არ განუხორციელებია, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში გამოტანილია 393-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა იმსჯელოს არა მხოლოდ სარჩელის ხანდაზმულობაზე, არამედ სარჩელის საფუძვლიანობაზეც, რაც სასამართლოს მიერ უგულებელყოფილია, იმსჯელა რა მხოლოდ სარჩელის ხანდაზმულობაზე, რაც სარჩელის დაუკმაყოფილებლობის საფუძვლად მიიჩნია.

საქმის მასალების თანახმად, მოცემული საქმე საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 29 ივნისის განჩინებით დაბრუნდა სასამართლოში ხელახლა განსახილველად, შესაბამისი მითითებებეთ, კერძოდ, სასამართლოს დაევალა გამოეკვლია წარდგენილი სარჩელის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3 მუხლთან შესაბამისობა, ანუ მოსარჩელეს უშუალო და პირდაპირი ზიანი მიადგა ბათუმის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის სადავო განკარგულებით თუ აუქციონის ჩატარებით, რომლითაც გასხვისდა მოსარჩელის ქონება. ამასთან, სასამართლოს არსებითად უნდა ემსჯელა იმ გარემოებაზე, რომ აუქციონი ჩატარდა ორ სააღსრულებო ფურცელზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ.09.02 გადაწყვეტილებაზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე, რომლითაც ნ. კ-ეს სპს «მ-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 184852 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მეორე სააღსრულებო ფურცელი გაცემულ იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წ.02.12. განჩინებაზე, რომლითაც მხარეებს _ ე. ჯ-ეს, სპს «მ-ის» დირექტორს და ი. კ-ეს შორის შედგა მორიგება, შესაბამისად, სასამართლოს შეფასება უნდა მიეცა, თუ რამდენად კანონშესაბამისად განხორციელდა აღმასრულებლის მიერ ორი სააღსრულებო საქმის ერთწარმოებად გაერთიანება, რაზედაც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა არ გამოუტანია.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, კერძოდ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ი. კ-ის წარმოადგენელმა ა. ბ-ამ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს მოპასუხეების ე. ჯ-ისა და ბათუმის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2003 წლის 6 ივნისის განმეორებითი აუქციონის შედეგების, მისი ოქმის ბათილად ცნობა, რაზეც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, რამდენადაც გადაწყვეტილების არც სამოტივაციო და არც სარეზოლუციო ნაწილში არ არის ი. კ-ის წარმომადგენლის ა. ბ-ას შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე მსჯელობა, რითაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსსკ-ის 379-ე და 389-ე მუხლების მოთხოვნები. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება ამ ნაწილში იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია სსკ-ის 394 «ე1» Mმუხლის თანახმად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასაციის მოტივს, სააპელაციო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების დარღვევის თაობაზე და საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 35.5. «ა» მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ 2006 წლის 1 ივნისამდე შეტანილი სააპელაციო საჩივრის განხილვა ხდება ერთპიროვნულად, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის მიერ ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებზე. მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ კატეგორიის საქმეთა წრეს განეკუთვნება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავებიც. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლი მიერ გამოტანილი განკარგულებებია სადავო, რის გამოც სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმე განეხილა ერთპიროვნულად, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1. მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, ხოლო სსსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით შეუძლებელია ახალი გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. კ-ის წარმომადგენლის ა. ბ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.