Facebook Twitter

ბს-546-517(კ-06) 21 დეკემბერი, 2006წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ ბ.-ე

მოპასუხე_ 1. ხელვაჩაურის რაიონის რაიონის გამგეობა; 2. მ. ფ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.06წ. განჩინება

დავის საგანი _ ხელვაჩაური რაიონის გამგეობის 21.01.02წ. ¹8 გადაწყვეტილების გაუქმება და ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ. დ.-მ სარჩელი აღძრა მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის, თანამოპასუხე მ. ფ.-ის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 31.01.02წ. ¹8 გადაწყვეტილების გაუქმება და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და მ. ფ.-ს შორის 28.03.01წ დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამზადებელ სხდომაზე, ვ. დ.-მ უარი განაცხადა თავის სასარჩელო განცხადებაზე, რაც სასამართლოს 13.05.04წ. განჩინებით დააკმაყოფილა და საქმის წარმოება ამ ნაწილში შეწყდა. 17.0.04წ. საქმის მომზადების სტადიაზე მესამე პირმა მ. ბ.-მ დამოუკიდებელი სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და მოპასუხე მ. ფ.-ის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 31.01.02წ ¹8 გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და მ. ფ.-ს შორის 28.02.02წ დადებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და მ. ფ.-ს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების შესახებ გაიგო მოგვიანებით, ხელშეკრულების დადებით შეილახა მისი კანონიერი ინტერესები, ვინაიდან იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია და, ვიდრე მხარეებს შორის დაიდებოდა საიჯარო ხელშეკრულება, უნდა გამოცხადებულიყო კონკურსი მიწის იჯარით გაცემის შესახებ, სადაც მას მიეცემოდა კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 19.05.04წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ.-მ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 13.10.04წ. განჩინებით მ. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ბ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 17.11.05წ. განჩინებით მ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 13.10.04წ. განჩინება, საქმე განსახილველად გადაეგზავნა აჭარის ა/რ უმაღლეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.06წ. განჩინებით მ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად იქნა დატოვებული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 19.05.06წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის მითითებით, ხელვაჩაურის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გაზეთ «...-ის» 15-31 ივნისის ¹... ნომრით დასტურდება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი რაიონული კომისიის მიერ გამოცხადებული იქნა კონკურსი სასოფლო-სამეურნეო მიწებზე სოფლების მიხედვით. იმავე გაზეთში გამოქვეყნდა საკონკურსო პირობებიც. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 31.01.02წ. ¹8 გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი კომისიის 28.01.02წ. სხდომის მხედველობაში მიღებით, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ გადაწყვიტა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან 10 წლის ვადით მ. ფ.-ისათვის მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 28.02.02წ. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა და მ. ფ.-ეს შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწის იჯარით გაცემის დროს არ დარღვეულა საქართველოს პრეზიდენტის 02.08.98წ. ¹446 ბრძანებულება «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ».

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 11.11.02 გადაწყვეტილებას მოცემული საქმის მიმართ პრეიუდიციული მნიშვნელობა ჰქონდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგენს მხოლოდ მტკიცებულებას, რომელიც ამყარებს მ. ფ.-ის პოზიციის მართებულობას და საფუძვლიანობას.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ.-მ. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ ნაცვლად საკასაციო პალატის მითითებისა, საქმეზე ახალ მტკიცებულებად მიიღო მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქმესთან კავშირის არ მქონე, შეუსაბამო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის კონკურსის თაობაზე ხელვაჩაურის ადგილობრივი მმართველობის 2002 წლის 13-31 იანვრის გაზეთ «...-ში» გამოქვეყნებული ინფორმაცია მაშინ, როდესაც ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას სადავო მიწის ფართობის იჯარით გასაცემად უკვე მიღებული ჰქონდა ¹8 გადაწყვეტილება. კასატორის განცხადებით, წარდგენილი ინფორმაცია არანაირ კავშირში არ არის განსახილველ საქმესთან, იგი ეხება სულ სხვა თავისუფალ, იჯარით გასაცემ მიწის ფართობს და არა _ სადაო სატყეო მეურნეობაზე რიცხულ მიწის ფართობს. კასატორის აზრით, ახალ მტკიცებულებად წარმოდგენილი ინფორმაცია სააპელაციო პალატის მიერ გამოყენებული იქნა სამოტივაციო მოსაზრებების ჩამოსაყალიბებლად, რამაც გავლენა იქონია საქმის შედეგზე _ მიღებულ იქნა ხსენებული განჩინების საწინააღმდეგო განჩინება. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების მიღებისას გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.11.05წ. განჩინების საწინააღმდეგოდ პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტზე მოახდინა მსჯელობა. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აგრეთვე საკასაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ხელვაჩაურის სახელმწიფო სატყეო მეურნეობის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მ. ფ.-ისათვის გადაცემა და საქმეში არ მოიპოვება სადავო მიწის ნაკვეთის სატყეო მეურნეობისათვის იჯარით გაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი იქნა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 27.12.05წ. ¹163 გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა გამგეობის სადავო 31.01.02წ. გადაწყვეტილება. აღნიშნულის გამო სააპელაციო სასამართლოს წინაშე დაისვა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა 17.04.06წ. განჩინების გაუქმება და სსკ-ის 272-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 25.09.06წ. განჩინებით მ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. საკასაციო პალატის 02.11.06წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო პალატას წარუდგინა 18.12.06წ. სანოტარო წესით დამოწმებული კასატორ მ. ბ.-ის განცხადება, რომელშიც კასატორი უთითებს, რომ ვინაიდან ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ ნებაყოფლობით გააუქმა სადავო აქტი და აღარ არსებობს დავის საგანი, კასატორი უარს აცხადებს სარჩელზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას სსკ-ის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა მ. ბ.-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, მოსარჩელემ, ფიზიკურმა პირმა _ მ. ბ.-მ განაცხადა რა უარი სარჩელზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების განსაკარგავად, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის.

სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ვინაიდან სასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს და არა ფიზიკური პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის განცხადებაზე.

საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ბ.-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.06წ. განჩინება, მ. ბ.-ის, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის და მ. ფ.-ის შორის არსებულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდეს;

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.