გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-563-532(კ-06) 20 დეკემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ვაჩაძე (მომხსენებელი‚ თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე‚
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 16 ნოემბერს თ. გ-მ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ფოთის მთავრობის მიმართ და ზიანის _ 10 000 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990წ. 28 სექტემბრის ¹32/686 გადაწყვეტილებით ქ. ფოთის აღმასკომმა იკისრა ვალდებულება, რომლის თანახმადაც ქ. ფოთში, ... ქ. ¹67-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და სამოსახლო მიწის ნაკვეთის აღების სანაცვლოდ, ქ. ფოთში, ... ქუჩების გადაკვეთაზე ასაშენებელ საცხოვრებელ სახლში, მესამე სართულზე გამოეყოფოდა ოროთახიანი კეთილმოწყობილი ბინა. მოპასუხემ აღებული ვალდებულება აღიარა 1990წ. 1 ოქტომბრის წერილითაც და აღნიშნა, რომ თ. გ-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა ასაშენებელ საცხოვრებელ სახლში ბინების განაწილების დროს.
მოსარჩელემ 2005წ. 30 სექტემბერს კვლავ მიმართა ფოთის მთავრობას და თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა, თუმცა ფოთის მთავრობის პასუხით განმცხადებელს განემარტა, რომ ფოთის აღმასკომი სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენდა, სახელმწიფო და თვითმმართველობა კი სხვადასხვა იყო და ფოთის მთავრობა, როგორც საჯარო სამართლის იურიდილ პირი, სახელმწიფო ორგანოს მიერ აღებულ ვალდებულებაზე პასუხს ვერ აგებდა. მოსარჩელემ აღნიშნული მსჯელობა უკანონოდ ჩათვალა და აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვალდებულების შესრულებაზე უარი მხოლოდ 2005წ. ნოემბერში განაცხადა, მანამდე კი იგი ვალდებულებას არ უარყოფდა, თუმცა შესრულების კონკრეტულ ვადას არ უთითებდა.
ამდენად, თ. გ-ს მოსაზრებით, ფოთის მთავრობის 2005წ. 10 ნოემბრის წერილით აშკარა იყო, რომ მოპასუხე ვალდებულების შესრულებას არ აპირებდა, რის გამოც მან სარჩელით სასამართლოს მიმართა და ვალდებულების შეუსრულებ-ლობისათვის, დაპირებული ოროთახიანი ბინის სანაცვლოდ, ზიანის სახით 10 000 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ქ. ფოთის მთავრობას 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ფოთის მთავრობა წარმოადგენდა ფოთის აღმასკომის უფლებამონაცვლეს და სწორედ იგი იყო ვალდებული, ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა. სასამართლომ, ამასთან, მიიჩნია, რომ მოცემული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 10 000 აშშ დოლარი გონივრულ თანხას შეადგენდა რამდენადაც ფოთში კეთილმოწყობილი ოროთახიანი ბინა ამ თანხით იყო შეფასებული.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილება ქ. ფოთის მთავრობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 25 მაისის ახალი გადაწყვეტილებით ფოთის მთავრობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და თ. გ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის მოტივით უარი ეთქვა.
თ. გ-მ სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 25 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მან თავისი უფლებების დარღვევის შესახებ ფოთის მთავრობის 2005წ. 10 ნოემბრის პასუხით შეიტყო, როცა აცნობეს, რომ ქ. ფოთის მთავრობა აღმასკომის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე პასუხს არ აგებდა. შესაბამისად, მას ამ დროიდან წარმოეშვა მოთხოვნის უფლება და სწორედ ამის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში სარჩელი სასამართლოში შეიტანა. კასატორმა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერ ნდობაზეც მიუთითა და სარჩელის ხანდაზმულად ცნობა უსაფუძვლო და დაუსაბუთებლად მიიჩნია და სადავო გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 25 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. გ-ს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006წ. 25 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006წ. 8 ნოემბრამდე.
კასატორმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მოსაზრება წარმოადგინა, თან დაურთო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, რომლითაც ანალოგიურ საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ჩათვალა, რომ ხსენებული საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, დასაშვებად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, ვინაიდან სადავო გადაწყვეტილება განსხვავდებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 8 ნოემბრის განჩინებით თ. გ-ს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2006წ. 20 დეკემბერს ზეპირი მოსმენის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება_დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ თ. გ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 25 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ თ. გ-ს სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია და ამ მოტივით უთხრა მას უარი დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება მიიღოს, რამდენადაც საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია და სათანადო წესით არ შეუფასებია ისინი.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას თ. გ-ს სარჩელის ხანდაზმულობაზე საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა იმსჯელოს და ყურადღება მიაქციოს შემდეგს:
ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990წ. 28 სექტემბერის ¹32/686 გადაწყვეტილებით ფოთის აღმასკომმა თ. გ-ს მიმართ იკისრა ვალდებულება, ქ. ფოთში ... ქუჩის 67-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და სამოსახლო მიწის ნაკვეთის აღების სანაცვლოდ მისთვის ქ. ფოთში ... ქუჩების გადაკვეთაზე ასაშენებელ სახლში, მესამე სართულზე, ოროთახიანი კეთილმოწყობილი ბინა გამოეყო. საქმეში წარმოდგენილია ქ. ფოთის მთავრობის 2005წ. 10 ოქტომბრის წერილის ასლი, რომლითაც მოპასუხემ აღმასკომის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა. სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოარკვიოს, 1990 წლიდან 2005 წლამდე მოსარჩელე მიმართავდა თუ არა ქალაქის აღმასკომს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. სასამართლო აქვე საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოცემულ დავაზე 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა გაავრცელა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია სკ-ის 138-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად‚ ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. ხანდაზმულობის ვადის დენა კი იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, კერძოდ, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე (სკ-ის 130-ე მუხლი).
ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას უნდა დაადგინოს, თ. გ-ს მოთხოვნის უფლება 1990 წლიდან წარმოეშვა თუ მხოლოდ 2005 წლიდან, როცა ქალაქ ფოთის მთავრობამ აღმასკომის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა და სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე მხოლოდ ამის შესაბამისად იმსჯელოს.
სააპელაციო სასამართლომ, ამასთან, უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის 1990 წელს წარმოშობილი სამართალურთიერთობის თანახმად, მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა მითითებული არ ყოფილა და იმსჯელოს, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს უფლება, ვალდებულების შესრულებამდე ნებისმიერ დროს მოეთხოვა მოვალის მიერ მისი შესრულება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ქალაქ ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამართალმემკვიდრეობის საკითხი და დაადგინოს _ ფოთის მთავრობა არის თუ არა 1990 წელს მოქმედი ფოთის მმართველობის ორგანოს _ აღმასკომის უფლებამონაცვლე და მის მიერ აღებულ ვალდებულებაზე პასუხისმგებელი პირი, წინააღმდეგ შემთხვევაში სათანადო მოპასუხეზეც უნდა იმსჯელოს.
სააპელაციო სასამართლომ, ამასთან, ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ ფოთის აღმასკომის 1990წ. გადაწყვეტილებით თ. გ-სა და აღმასკომს შორს ფაქტობრივად დადებულ იქნა ორმხრივი გარიგება, რომლის თანახმადაც აღმასკომის მიერ დაპირებული ბინის სანაცვლოდ თ. გ-ს უნდა ჩაებარებინა ქ. ფოთში ... ქ. 67-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და სამოსახლო მიწის ნაკვეთი, რაც, მოსარჩელის განცხადებით, მის მიერ შესრულებულია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოარკვიოს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა _ 10 000 აშშ დოლარი შეესაბამება თუ არა ქ. ფოთში მოსარჩელისათვის დაპირებული ბინის დღევანდელ საბაზრო ღირებულებას და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი ოდენობაც განსაზღვროს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. გ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 25 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. გ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 25 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.