ბს-587-555(2კ-06) 20 დეკემბერი, 2006 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
2. ზ. მ.-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 3 ნოემბერს ზ. მ.-ემ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და ადმინისტრაციული აქტის გაუქმება, სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, 2004 წლის ივლისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ შესარჩევ კონკურსში – საპატრულო პოლიციის სამსახურში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად მან აუცილებელი ნორმატივები წარმატებით ჩააბარა და საპატრულო პოლიციელთა რიგებში ჩაირიცხა. განაწილების მიხედვით მოსარჩელეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება დაევალა მცხეთა – ყაზბეგი – ლარსის მონაკვეთზე. მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლინდა მთელი რიგი სამართალდარღვევები, როგორც მძღოლების, ასევე მოქალაქეების მხრიდან, რაზედაც შედგენილ იქნა დოკუმენტაცია და მოსარჩელემ თანამშრომლებში დადებითი ავტორიტეტი მოიპოვა.
ზ. მ.-ემ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ... სამმართველოს უფროსის, პოლიციის პოლკოვნიკ ვ. ე.-ის ხელმოწერით ა/წ 9 ოქტომბერს მან წერილი მიიღო, რომლითაც ატყობინებდნენ, რომ ,,მისი განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით გათავისუფლებულ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან”. მოსარჩელის განმარტებით, წერილი და ზემოაღნიშნული ბრძანება, რომლებიც პირადად მას არ უნახავს, არ გამომდინარეობდა საქმის ფაქტობრივი მდგომარეობიდან, რადგან, მართალია, მან 2004 წლის 3 სექტემბერს დაწერა განცხადება შინაგან საქმეთა სამმართველოს რიგებიდან გათავისუფლების შესახებ, მაგრამ ეს უკიდურესი ძალდატანებისა და ზემოქმედების შედეგად მოხდა. მან გააცნობიერა რა აღნიშნული, ორშაბათს, 6 სექტემბერს, შეადგინა მეორე განცხადება, რომელშიც 3 სექტემბრის განცხადების შეჩერებას და ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მოითხოვდა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება მეორე განცხადების დაწერის თარიღიდან, ანუ 2004 წლის 6 სექტემბრიდან, რაც არ გაკეთებულა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელმა პირებმა, ვინც მოამზადეს მისი გათავისუფლების ბრძანება, დაარღვიეს ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, ისინი ვალდებული იყვნენ, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლიათ საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღოთ ამ გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მათ უნდა მოეთხოვათ მხარეთა ახსნა-განმარტება, შესაბამისი მტკიცებულებებისა და არგუმენტების წარდგენა, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა სადავო საკითხის ობიექტურად გადაწყვეტა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაუშვებელი იყო ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დასდებოდა ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესით არ იყო გამოკვლეული, შესაბამისად, მოპასუხეს უფლება არ ჰქონდა, წინასწარი გამოკვლევისა და შემოწმების გარეშე, უარი განეცხადებინა განცხადების მიღებაზე იმ მიზეზით, რომ ეს განცხადება დაუშვებელი, ან დაუსაბუთებელი იყო. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ 2004 წლის 14 სექტემბერს გამოსცა ¹1537 ბრძანება ზ. მ.-ის განცხადების საფუძველზე მისი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან გათავისუფლების შესახებ.
ზ. მ.-ის თქმით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის, როგორც დაინტერესებული მხარისათვის, მოესმინა. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით კი, მან ამ უფლებით ისარგებლა და წარადგინა მეორე განცხადება, რასთან დაკავშირებითაც მოპასუხე ვალდებული იყო მიეღო ერთ-ერთი გადაწყვეტილება, ორი დღის ვადაში ან დაეკმაყოფილებინა მისი განცხადება, ან უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხემ კი კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, განცხადების შეტანიდან მე-7 დღეს გამოსცა ადმინისტრაციული აქტი - ბრძანება გათავისუფლების შესახებ. მოპასუხემ ადმინისტრაციული წარმოების იგნორირებით დაარღვია ამავე კოდექსის 99-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, განმცხადებელს უფლება ჰქონდა, გასცნობოდა ყველა იმ მასალას, რომელიც უშუალოდ ადმინისტრაციული აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას წარმოადგენდა.
მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ზ. მ.-ე სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე, ,,პოლიციის შესახებ’’ კანონის 22-ე მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 95-ე მუხლის თანახმად, გათავისუფლდა, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლო იყო.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 127.1. მუხლის თანახმად, სარჩელი ხანდაზმული იყო, რადგან კანონი სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების გასაჩივრების ერთთვიან ვადას ითვალისწინებდა, რაც მოსარჩელეს დარღვეული ჰქონდა. ზ. მ.-ე საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 95-ე მუხლისა და ,,პოლიციის შესახებ’’ კანონის 22-ე მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირადი განცხადების საფუძველზე, რის გამოც, მოპასუხეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მოთხოვნები არ დაურღვევია.
რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება ზ. მ.-ემ იმავე საფუძვლებით სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 14 სექტემბრის ბრძანება; ზ. მ.-ე აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად და შინაგან საქმეთა სამინისტროს მის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება შს სამინისტროს წარმომადგენელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 1 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა თავად დავის საგანზე, გათავისუფლების ბრძანება მიიჩნია რა ადმინისტრაციულ გარიგებად, მაშინ, როცა მოცემულ შემთხვევაში ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან გამომდინარე დავასთან გვქონდა საქმე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა ზ. მ.-ის მეორე განცხადებაზე, რომლითაც მან სამსახურიდან პირადი სურვილის საფუძველზე გათავისუფლების შესახებ განცხადების შეჩერება მოითხოვა. სასამართლოს, ამასთან, უნდა გამოეკვლია, მოსარჩელის მეორე განცხადებაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ რატომ არ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე გამოსარკვევი იყო, ზ. მ.-ის სარჩელის ხანდაზმულობის საკითხიც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის ახალი გადაწყვეტილებით ზ. მ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 14 სექტემბრის ¹1537 პ/შ ბრძანება და მოპასუხეს ახალი ადმინისტრაცული აქტის გამოცემა დაევალა; ამავე გადაწყვეტილებით ზ. მ.-ის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.E
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის ნაწილში და ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით ზ. მ.-ემაც გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც მას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა და სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. მ.-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006 წლის 22 ნოემბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ზ. მ.-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა 2006 წლის 20 დეკემბერს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება_დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს ზ. მ.-ის სასარგებლოდ გათავისუფლების დღიდან ახალი აქტის გამოცემამდე განაცდური ხელფასის ანაზღაურება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბრძანების ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემის დავალებისა და სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ამ ნაწილში მისი გაუქმების პროცესუალური საფუძველი არ არსებობს, ხოლო მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურებზე უარის თქმა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონდარღვევით მიღებულად იქნა მიჩნეული და ბათილად გამოცხადდა ზ. მ.-ის შს ორგანოებიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 14 სექტემბრის ¹1537პ/შ ბრძანება.
ზ. მ.-ე გათავისუფლებამდე შს სამინისტროს თანამშრომელი იყო. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 11.2 მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება პოლიციის მუშაკებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან პოლიციის მუშაკების მიმართ სპეციალური კანონმდებლობა უკანონოდ გათავისუფლებული პირისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების რაიმე სპეციალურ წესს არ ითვალისწინებს, მოცემულ საკითხზე «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის ნორმები უნდა გავრცელდეს. E
ხსენებული კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლით დადგენილია, რომ საქართველოს შრომის კანონმდებლობა ვრცელდება იმ საკითხებზე, რასაც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი განსხვავებული სახით არ არეგულირებს, შრომის კანონთა კოდექსის 207.1 მუხლი კი მიუთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ მოსამსახურეს უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, სასარჩელო განცხადების საფუძველზე ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით იგი, როგორც წესი, ძალას კარგავს ძალაში შესვლის დღიდან და იწვევს ამ აქტით წარმოშობილი ყველა სამართლებრივი შედეგის თავიდანვე _ წარმოშობის მომენტიდან _ გაუქმებას. სამართლის თეორიაში განმტკიცებული პრინციპის თანახმად, აქტის ბათილად ცნობით, ფაქტობრივად, ივარაუდება, რომ იგი არც გამოცემულა და, შესაბამისად, სრულად აღდგება მის გამოცემამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ზ. მ.-ის გათავისუფლების შესახებ შს მინისტრის 2004 წლის 14 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობით გაუქმებულ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს _ შს სამინისტროს მიერ გამოცემული სადავო აქტის სამართლებრივი შედეგი _ ზ. მ.-ის სამუშაოდან დათხოვნა, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე, ახალი აქტის გამოცემამდე პერიოდში მოსარჩელეს ეკუთვნის განაცდური ხელფასი იმ სახით, რასაც ის ამ პერიოდში უშუალოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას მიიღებდა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ზ. მ.-ის მიერ 2004 წლის 14 სექტემბრიდან ხელფასის მიუღებლობა მოპასუხის უკანონო აქტის გამოცემით იყო განპირობებული, შესაბამისად, კასატორი გათავისუფლების დღიდან ახალი აქტის გამოცემადე პერიოდში შს სამინისტროსაგან ხელფასის მიღების უფლების მქონე სუბიექტს წარმოადგენს, მიუხედავად იმ გარემოებისა, ახალი აქტით იგი წინანდელ სამუშაოზე აღდგება თუ კვლავ მიღებული იქნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენაზე ურის თქმის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2004 წლის 14 სექტემბრიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დავალებული ახალი აქტის გამოცემადე, ზ. მ.-ეს ეკუთვნის მიუღებელი განაცდური ხელფასი ყველა იმ კომპონენტის გათვალისწინებით, რასაც იგი უშუალოდ დაკავებულ თანამდებობაზე ყოფნისას მიიღებდა.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ. მ.-ის სასარგებლოდ დაევალება გათავისუფლების დღიდან _ 2004 წლის 14 სექტემბრიდან ახალი აქტის გამოცემამდე პერიოდისათვის განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით და 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ზ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება ზ. მ.-ისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4.ზ. მ.-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ. მ.-ის სასარგებლოდ დაევალოს განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის დღიდან _ 2004 წლის 14 სექტემბრიდან ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე;
5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
6.საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.