¹ბს-613-580(კ-06) 7 დეკემბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჟ. დ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 2 ნოემბერს ნ. ღ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ სტიქიით დაზარალებულთა ბინით უზრუნველყოფის სიაში შეყვანისა და საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფამდე, ბინის ქირისათვის ყოველთვიურად 100 ლარის გადახდის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ იგი იყო სამხედრო მოსამსახურე და 1990 წლიდან საბინაო სამმართველოში დადგა საცხოვრებელი ბინის მიღების რიგში, ქ. ბათუმის სახალხო დეპუტატების აღმასრულებელი კომეტიტი სსკ მინისტრთა საბჭოს 1981 წლის 17 თებერვლის ¹193 დადგენილების საფუძველზე, ვალდებული იყო დაეკმაყოფილებინა ბინით. მოსარჩელის განმარტებით, მას საცხოვრებელი ბინა უნდა მიეღო არა უმეტეს სამი თვის ვადაში, მაგრამ დღემდე არ მიუღია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე – ქ. ბათუმის მერიას დავალებოდა საგარანტიო და სტიქიით დაზარალებულთა ბინით უზრუნველყოფის სიაში მისი შეყვანისა და საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფამდე, ბინის ქირისათვის ყოველთვიურად 100 ლარის გადახდას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 თებერვლის განჩინებით ნ. ღ.-ის სასარჩელო განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ღ.-მ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და მის სასარჩელო განცხადებაზე საქმის წარმოების განახლებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 მარტის განჩინებით ნ. ღ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის განჩინებით ნ. ღ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 23 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
2005 წლის 1 სექტემბერს ნ. ღ.-მ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელშიც მიუთითებდა, რომ იგი არის დემობილიზებული სამხედრო პენსიონერი, რომელიც 1964 წლის ნოემბრიდან 1967 წლის ნოემბრამდე და 1970 წლის აგვისტოდან 1990 წლის ოქტომბრამდე მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ოფიცრად, ხოლო 1990 წელს გავიდა დამსახურებულ პენსიაზე მაიორის ჩინით.
მოსარჩელის განმარტებით, სამხედრო სამსახურიდან გადადგომისთანავე, იმის გამო, რომ არ გააჩნდა საცხოვრებელი ფართი, სსრ-ს საბინაო კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, იგი მიაკუთვნეს საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა კატეგორიას და 1990 წლის 16 აპრილიდან აყვანილ იქნა ბინის აღრიცხვაზე, ქ. ბათუმის მერიის საბინაო საკითხთა საქალაქო სამსახურში. იმ დროსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1981 წლის 17 თებერვლის ¹193 დადგენილების მე-19 პუნქტით და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის ¹748 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 34-ე ნაწილის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ბინის აღრიცხვაზე დადგომიდან 3 თვეში უნდა მიეღო ბინა, უფრო მეტიც, მოსარჩელის მითითებით, ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი არის სამხედრო ძალების ვეტერანი, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად: ,,დაუშვებელია ადრე მოქმედი შეღავათების, უპირატესობის, დახმარების გაუქმება ან გაუარესება თუ არ იქნება სხვა ტოლფასი აქტები». შესაბამისად, აღნიშნული კანონის თანახმად, დღემდე მოქმედებს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1981 წლის 17 თებერვლის ¹193 დადგენილებით განსაზღვრული შეღავათები. ქ. ბათუმის მერიაში აღრიცხვაზე დადგომისთანავე, მერის მოვალეობის შემსრულებელმა დროებით შეასახლა კვლევითი ინსტიტუტის ბალანსზე რიცხულ ძველ შენობაში, იმ პირობით, რომ უახლოეს პერიოდში დააკმაყოფილებდა ბინით, თუმცა იმის გამო, რომ მერიამ არ შეასრულა კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება, მას 12 წლის განმავლობაში მოუწია გაუსაძლის პირობებში ცხოვრება, ვიდრე მესაკუთრის სარჩელის საფუძველზე, 3 წლის წინ სასამართლო აღმასრულებელმა არ გამოასახლა, რაც დასტურდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18.03.02 წ. ¹2-325 საქმეზე გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით და იგი მას შემდეგ ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, რაშიც ყოველთვიურად იხდის ბინის ქირას - 150 ლარს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე დაზუსტებული სარჩელით ითხოვდა ქ. ბათუმში სამოთახიანი ბინით უზრუნველყოფას ან ასეთი ბინის საბაზრო ფასების გათვალისწინებით, ფულადი კომპენსაციის გაცემას, აგრეთვე, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბინის ქირის სახით გადახდილი 4 350 ლარის ანაზღაურებასა და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ღ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ღ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი დაზუსტებული სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
აპელანტი სააპელაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო განცხადებაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 17 მაისის განჩინებით ნ. ღ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1981 წლის 17 თებერვლის ¹193 დადგენილების მოქმედება, რომელზედაც დამყარებულია მოსარჩელის მოთხოვნა, არ შეიძლება ამჟამად გავრცელდეს საქართველოს ტერიტორიაზე.
უსაფუძვლოა ასევე აპელანტის მოთხოვნის დამყარება საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის ¹748 დადგენილებაზე, რომლის მოქმედებაც ვრცელდება მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში მყოფ ოფიცერთა შემადგენლობაზე. ნ. ღ.-ე კი ასეთ პირთა კატეგორიას არ განეკუთვნება, ხოლო, რაც შეეხება «ომისა და სამხედრო ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონს, ნ. ღ.-ე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო მოსამსახურე, მიეკუთვნებოდა სამხედრო ძალების ვეტერანთა კატეგორიას, რომელზეც ამავე კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებულია გარკვეული სახის სოციალური გარანტიები. აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნული კატეგორიის პირების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ასევე უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმის მერია წლების განმავლობაში აღიარებდა ვალდებულებას ნ. ღ.-ის ბინით უზრუნველყოფის შესახებ, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებში არსებული მოსარჩელის განცხადებებზე გაცემული წერილობითი პასუხებით დასტურდება, ბათუმის მერია არასოდეს აღიარებდა მოსარჩელის მიმართ ბინით უზრუნველყოფის ვალდებულების არსებობას, არამედ განუმარტავდა, რომ მისთვის ცნობილი იყო მისი მძიმე ოჯახური მდგომარეობა და სათანადო საშუალების არსებობის შემთხვევაში დააკმაყოფილებდა ბინით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: «ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას". ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. ღ.-ე ჩაყენებულ იქნა ბინის მისაღებ პირთა შეღავათიან სიაში, თავისთავად, არ გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ასეთი ვალდებულება იარსებებდა იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფოს მიერ აშენდებოდა საცხოვრებელი ბინები, რომლითაც მოხდებოდა ბინის მისაღებ პირთა დაკმაყოფილება, ანუ იარსებებდა ვალდებულების შესრულების პირობები, თუმცა, როგორც საქმის ფაქტობრივი მასალებით დასტურდება, ასეთი ბინები არ აშენებულა. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტის მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან, როგორც აპელანტის წარმომადგენელი განმარტავს, ნ. ღ.-ე ქალაქ ბათუმის მერიას ბინით უნდა დაეკმაყოფილებინა 1991 წლის 8 მაისის ¹31 გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის განმავლობაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 129-ე მუხლით უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადაა 6 წელს, ხოლო 128-ე მუხლით ხანდაზმულობის საერთო ვადა ათ წელს შეადგენს. ამდენად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან გასულია ხანდაზმულობის ყველანაირი ვადა.
ამასთან, თუნდაც ყოფილიყო ვალდებულების არსებობა, ნ. ღ.-ის გარდაცვალება მაინც გამოიწვევდა ასეთი ვალდებულების შეწყვეტას, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად: «კრედიტორის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება გათვალისწინებული იყო პირადად კრედიტორისათვის". მართალია, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლი ითვალისწინებს კრედიტორის მოთხოვნის გადასვლას მემკვიდრეებზე და მათ უფლება აქვთ, მოსარჩელისაგან მოითხოვონ შესრულება, მაგრამ, იმ შემთხვევაში, როცა შესრულება პირადად კრედიტორისათვის იყო გათვალისწინებული, კრედიტორის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას. კონკრეტულ შემთხვევაში კი, ნ. ღ.-ე ბინის რიგგარეშე მიმღებ პირთა სიაში შეყვანილი იყო როგორც დემობილიზებული სამხედრო ოფიცერი, რაც გულისხმობს იმას, რომ შესრულება პირადად მისთვის იყო გათვალისწინებული.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ღ.-ის უფლებამონაცვლე ჟ. დ.-ის წარმომადგენელმა.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ აწ გარდაცვლილი ნ. ღ.-ე სამხედრო სამსახურიდან გადადგომისთანავე, იმის გამო, რომ არ გააჩნდა საცხოვრებელი ფართი, სსრ-ს საბინაო კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, მიაკუთვნეს საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა კატეგორიას და 1990 წლის 16 აპრილიდან, ამავე სტატუსით, აყვანილ იქნა აღრიცხვაზე ქ. ბათუმის მერიის საბინაო საკითხთა სამსახურში (საბინაო სამმართველოში), რაც დასტურდება აღნიშნული სამსახურის უფროსების მიერ სხვადასხვა დროს ნ. ღ.-ის წერილობით მიმართვებზე შესაბამის თანამდებობის პირთა მიერ გაცემული წერილობითი პასუხებით (2004 წლის 22 აპრილის, 26 ოქტომბრის და 2005 წლის 18 თებერვლის წერილები), ამასთან, მოპასუხე პერიოდულად, სხვადასხვა ფორმით აღიარებდა კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და ნ. ღ.-ს ყოველთვის ჰპირდებოდა ბინით უზრუნველყოფას. მერის თხოვნით და შუამდგომლობით ნ. ღ.-ე ოჯახით დროებით შესახლებულ იქნა კვლევით ინსტიტუტის ბალანსზე რიცხულ ძველ შენობაში, იმ პირობით, რომ უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდებოდა ბინით, რაც დასტურდება მათ მიერ სარჩელზე თანდართული მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის ¹2-235 გადაწყვეტილებითა და ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს უფროსის 2004 წლის 3 ივნისის ¹198 წერილით. კასატორის განმარტებით, არც ერთი აღნიშნული მტკიცებულება, ისევე როგორც მათ მიერ წარმოდგენილი სხვა დანარჩენი მტკიცებულება სასამართლოს მიერ სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადაც არ არის გასული, როგორც ამას ამტკიცებს სასამართლო. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 105-ე მუხლი, 249-ე მუხლის მე-4 ნაწილი, სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლები.
კასატორის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო თავის განჩინებაში აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1981 წლის 17 თებერვლის ¹193 დადგენილება საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად არ შეიძლება გავრცელდეს, მაგრამ ის, თუ რატომ არ შეიძლება ამჟამად გავრცელდეს აღნიშნული ნორმატიული აქტი საქართველოს ტერიტორიაზე და რომელი კანონის თანახმად, ამას ქუთაისის სააპელაციო სასამართლო არ აკონკრეტებს. სააპელაციო სასამართლო, მართალია, ეთანხმება ,,ომისა და სამხედრო ვეტერანების შესახებ» კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტს, თუმცა განჩინებაში უთითებს, რომ: «აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს ზემოთ აღნიშნული კატეგორიის პირების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას", მაშინ, როცა კანონის აღნიშნული ნორმა თავისი შინაარსით ბლანკეტური ხასიათისაა და მითითებას სწორედ სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ უფლებებსა და შეღავათებზე აკეთებს. მეტიც, როგორც სასამართლო თავის განჩინებაში აღნიშნავს, თითქოსდა სსკ-ის 361-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ ნ. ღ.-ე ჩაყენებულ იქნა ბინის მისაღებ პირთა შეღავათიან სიაში, თავისთავად, არ გულისხმობს ვალდებულების არსებობას და ამისთვის დამატებით აუცილებელია, სახელმწიფო აშენებდეს ბინებს, რომლითაც მოხდებოდა ასეთ პირთა დაკმაყოფილება. ამ შემთხვევისათვის, კასატორის განმარტებით, მათ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარადგინეს მერიის საბინაო განყოფილების უფროს ა. მ-ის წერილობითი პასუხი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ადვოკატ მ. ა-ის 2006 წლის 23 იანვრის წერილზე, რომლითაც დასტურდებოდა ბინათმშენებლობა და მოქალაქეების ბინებით დაკმაყოფილება, მათ შორის - სამხედრო ძალების ვეტერანებიც იყვნენ.
ამასთან, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 453-ე მუხლი, ჯერ ერთი, ვალდებულების შესრულება გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ ნ. ღ.-ის მიმართ, არამედ მისი ოჯახის სხვა დანარჩენი წევრების მიმართაც, რამეთუ იმ დროისათვის მოქმედი საბინაო კანონმდებლობა ბინებით უზრუნველყოფას ახდენდა ოჯახის სულადობრივი შემადგენლობის გათვალისწინებით, მეორეც, ნ. ღ.-ე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივარი უკვე დიდი ხნის აღძრული იყო. ვინაიდან სარჩელის და სააპელაციო საჩივრის ავტორიც თავად ნ. ღ.-ე იყო, რომელიც სააპელაციო საჩივრის განხილვამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა, რაც დასტურდება სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის ასლით, ამ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 453-ე მუხლი, მას უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 92-ე მუხლი, რამდენადაც ნ. ღ.-მ სარჩელი აღძრა სიცოცხლეშივე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მაისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი დაზუსტებული სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.რ ღ.-ის უფლებამონაცვლე ჟ. დ.-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 28 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
მხარეებს მითითებულ ვადაში საკასაციო სასამართლოში თავიანთი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ნ. ღ.-ის უფლებამონაცვლე ჟ. დ.-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ნ. ღ.-ის უფლებამონაცვლე, ჟ. დ.-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ნ. ღ.-ის უფლებამონაცვლე ჟ. დ.-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას ნ. ღ.-ის უფლებამონაცვლე ჟ. დ.-ის წარმომადგენელს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.