¹ბს-237-226 (კ-06) 27 დეკემბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი – ქ. ე.-ი; ადვოკატი – ლ. ს.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი; წარმომადგენელი – დ. ბ.-ი ; ნ. მ.-ი; წარმომადგენელი – თ. ჯ.-ე; მ. ბ.-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი - გურჯაანის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1998 წლის 29 აპრილის ¹132 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2001 წლის 11 მაისს ქ. ე.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ მ. ბ.-ისა და გურჯაანის რაიონის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართ გურჯაანის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 29 აპრილის ¹132 გადაწყვეტილების დასკვნითი ნაწილის პირველ პუნქტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ დაიბადა 1982 წლის 5 ივნისს. მისი მშობლები იყვნენ: ო. ბ.-ი და დ.-ა ნ. ისინი არ ყოფილან რეგისტრირებულ ქორწინებაში, დედამ მიატოვა, რის გამოც მას 1987 წელს სასამართლო წესით ჩამოერთვა დედობის უფლება. გურჯაანის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის გადაწყვეტილებით ბებიამ _ ც. ე.-მ აიყვანა შვილად, მამად კი დარჩა _ ო. ბ.-ი. 1988 წლის 5 აგვისტოს ო. ბ.-მა გვარი შეიცვალა ე.-ით. იგი გარდაიცვალა 1995 წელს. ქ. ე.-ს ყველა იურიდიულ დოკუმენტში, მათ შორის _ დაბადების მოწმობასა და პასპორტში, მამის სახელი უწერია _ ო. ბ.-ი. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მან მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მამის სამკვიდროზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა. სასამართლომ, გურჯაანის აღმასკომის 29/IV-88წ. ¹132 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, 2001 წლის 5 მარტს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან აღმასკომის აღნიშნული გადაწყვეტილების დასკვნითი ნაწილის პირველ პუნქტში მშობლებად ჩაწერილი არიან მ. ბ.-ი და ც. ე.-ი.
მოსარჩელის მითითებით, აღმასკომის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაშვებულია მექანიკური შეცდომა, რადგან მამამისი _ ო. ბ.-ი, ისევე როგორც პაპა _ მ. ბ.-ი თანახმანი იყვნენ მხოლოდ იმაზე, რომ იგი ეშვილებინა ბებიას _ ც. ე.-ს, ხოლო, რაც შეეხება მამის სახელს, იგი უცვლელად უნდა დარჩენილიყო. პაპამისზე გაშვილება უკანონო იქნებოდა, რადგანაც ამაზე არც პაპამისს და არც მამამისს თანხმობა არ განუცხადებიათ.
საბოლოოდ მოსარჩელე ითხოვდა გურჯაანის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 29 აპრილის ¹132 გადაწყვეტილების დასკვნითი ნაწილის პირველ პუნქტში ცვლილებების შეტანას და მ. ბ.-ის ნაცვლად – ო. ბ.-ის ჩაწერას.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ე.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა.
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ 2001 წლის 25 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა მოქალაქე ნ. მ.-მა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ნ. მ.-ის განცხადება არ იქნა დაშვებული და იგი საქმესთან ერთად 2001 წლის 22 ნოემბრის განჩინებით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომელმაც 2002 წლის 17 აპრილის განჩინებით ნ. მ.-ის განცხადება დასაშვებად მიიჩნია.
განცხადების საფუძველზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.
მესამე პირმა ნ. მ.-მა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ქ. ე.-ის სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი ქ.-ის მამასთან _ ო. ე.-თან 1985 წლის 3 აპრილიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში და მის გარდაცვალებამდე ცხოვრობდნენ ერთად. მის მეუღლეს არასოდეს უზრუნია ქ. ე.-ზე და არც შვილად უცნია იგი, ამიტომ მოხდა, რომ იგი იშვილეს პაპამ და ბებიამ _ მ. ბ.-მა და ც. ე.-მ. მას კანონიერად მიაჩნდა აღმასკომის 1988 წლის 29 აპრილის ¹132 გადაწყვეტილება და ითხოვდა მის ძალაში დატოვებას, რადგან მისი შეცვლით ილახებოდა მისი ქონებრივი უფლებები.
საქმის ხელახალი განხილვის შედეგად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ე.-ის სარჩელი კვლავ დაკმაყოფილდა. გურჯაანის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 29 აპრილის ¹132 გადაწყვეტილების დასკვნითი ნაწილის პირველ პუნქტში შეტანილ იქნა ცვლილება და მ. ბ.-ის ნაცვლად ჩაიწერა ო. ბ.-ი, ხოლო ნ. მ.-ს უარი Eეთქვა გურჯაანის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 29 აპრილის ¹132 გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოსარჩელის მამამ _ ო. ბ.-მა თანხმობა განაცხადა მისი ქალიშვილის მხოლოდ ც. ე.-ზე და არა მ. ბ.-ზე გაშვილებაზე. ეს დასტურდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით, შვილად აყვანის მოწმობით და თვით მოსარჩელის დაბადების მოწმობით. ყველგან მამად მითითებულია ო. ბ.-ი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ.-მა, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ნ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. ე.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ტექსტობრივად გაუმართავი და ორაზროვანი იყო. მასში მითითებულია, რომ ქ. დ.-ს შვილად აყვანის ნება დაერთო მ. ბ.-სა და ც. ე.-ს, მაგრამ შემდგომ, აღმასკომის გადაწყვეტილების მეორე პუნქტში, ცალსახად ბავშვის მამად მითითებულია ო. ბ.-ი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილებით არათუ არ აღმოიფხვრებოდა სადავო აქტის პირველ პუნქტში დაშვებული უზუსტობა, არამედ ღრმავდებოდა, ვინაიდან რაიაღმასკომის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში შინაარსობრივად აზრს კარგავდა. სასამართლოს განმარტებით, პირველ პუნქტში მ. ბ.-ის ო. ბ.-ით შეცვლის შემთხვევაში, გამოდის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ განიხილა მამის მიერ საკუთარი შვილის შვილად აყვანის თაობაზე შუამდგომლობა და დააკმაყოფილა იგი.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ე.-მ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა მხოლოდ ერთადერთ ფრაზაზე: «როგორ შეიძლება მამამ, ე.ი. ო. ბ.-მა საკუთარი შვილი აიყვანოს შვილად". სასამართლომ შეგნებულად გვერდი აუარა საქმეში მოთავსებულ, 1982 წლის 19 ივნისს გაცემულ დაბადების მოწმობასა და გურჯაანის აღმასრულებელი კომიტეტის ¹132 გადაწყვეტილების პირველ პუნქტს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მამად ჩაითვალოს ო. ბ.-ი და არა მ. ბ.-ი.
აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევდა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 15 მარტის განჩინებით ქ. ე.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. ე.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ გურჯაანის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 29 აპრილის ¹132 გადაწყვეტილების პირველ პუნქტში ცვლილების იმდაგვარად შეტანა, რომ მხოლოდ მ. ბ.-ის ნაცვლად მიეთითოს ო. ბ.-ი, ტექსტის შინაარსის უზუსტობას ვერ აღმოფხვრის, ვინაიდან აღნიშნული ტექსტი მიიღებს ასეთ სახეს: ნება დაერთოს ქ. გურჯაანში, ...-ის ქ. ¹29-ში მცხოვრებ ო. ბ.-ს და ც. ე.-ს შვილად აიყვანონ შვილიშვილი – ქ. დ.-ა (დაბადებული 1982 წლის 5 ივნისს), ანუ ადმინისტრაციულმა ორგანომ ნება დართო ო. ბ.-ს (ბიოლოგიურ მამას) შვილად აიყვანოს შვილიშვილი – ქ. დ.-ა.
სააპელაციო პალატის მითითებით, ამგვარი ფორმით შეტანილი სასარჩელო განცხადებით მოსარჩელეს ფაქტობრივად, სურს მამად ო. ბ.-ის აღიარება, მაშინ, როცა კანონმდებელი მამად აღიარების ამგვარ პროცედურას არ ითვალისწინებს, უფრო მეტიც, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ო. ბ.-ს სურდა საკუთარი თავის ქ. ე.-ის მამად აღიარება, თუმცა აღნიშნულთან მიმართებაში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში ცალსახად ბავშვის მამად მითითებულია ო. ბ.-ი, რაც გახდა ქ. ე.-ის შვილად აყვანის თაობაზე მოწმობის გაცემის და შემდგომ მისი დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დავის საგანი - გასაჩივრებული გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ტექსტოლოგიურად გაუმართავია, მაგრამ მიაჩნია, რომ მისი შესწორება ისე, როგორც ამას მოსარჩელე ქ. ე.-ი ითხოვს, უმართებულოა. ამ უკანასკნელს კი, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გურჯაანის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 29 აპრილის ¹132 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის მთლიანი კორექტირება არ მოუთხოვია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გასცდეს სასამართლო მოთხოვნის ფარგლებს და იმსჯელოს აღნიშნულის თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნებს მხოლოდ სარჩელზე და უშუალოდ მასთან დაკავშირებულ პროცესუალურ საკითხებზე.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ე.-მ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ არსად მოიპოვებოდა იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მ. ბ.-ს ვინმესთვის მიემართა თხოვნით ქ. დ.-ს შვილად აყვანის შესახებ, აგრეთვე არ არსებობს ბავშვის მამის ო. ბ.-ის თანხმობა შვილის – ქ. დ.-ს მამამისზე გაშვილების თაობაზე.
მიუხედავად ამისა, გურჯაანის რაიაღმასკომის 1988 წლის 26 აპრილის ¹132 გადაწყვეტილების ავტორები გასცდნენ თავიანთ უფლებამოსილების ფარგლებს და ნება დართეს მ. ბ.-ს, შვილად აეყვანა ქ. დ.-ა, რისი სურვილიც მას არასოდეს გამოუხატავს.
რაც შეეხება გურჯაანის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 29 აპრილის ¹132 გადაწყვეტილების დასკვნითი ნაწილის სადავო პუნქტს, იგი მტკიცებულებების ძალის მქონე არ არის და მხოლოდ ნებას რთავს მ. ბ.-ს და ც. ე.-ს შვილად აიყვანონ შვილიშვილი, ქ. დ.-ა, რაც, ფაქტობრივად, არ განხორციელებულა, ვინაიდან ამ ნებართვით არ ისარგებლა მ. ბ.-მ და არც არასდროს გამოუხატავს ამის სურვილი, ხოლო გადაწყვეტილების მე-2 ნაწილი არის მავალდებულებელი ძალის მქონე და იგი პრაქტიკულად განხორციელდა კიდეც, კერძოდ, გურჯაანის რაიონის მმაჩის განყოფილების მიერ 1988 წლის 15 ივნისს გაცემული შვილად აყვანის მოწმობით 1982 წლის 5 ივნისს დაბადებული ქ. დ.-ა შვილად აიყვანეს ო. ბ.-მა და ც. ე.-მ, მას მიენიჭა გვარი ე.-ი, სახელი – ქ., მამის სახელი – ო.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან იგი წინააღმდეგობრივია, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებაში აღიარებს, რომ მისი მამა არის ო. ბ.-ი (ე.-ი), მაგრამ უარს ეუბნება არსებული უზუსტობის აღმოფხვრაზე, რაც პირდაპირ ზიანს აყენებს მის ინტერესს, კასატორის მითითებით, მისთვის გაუგებარია, თუ რა საფუძვლით ეთქვა უარი სადავო გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მაშინ როცა, არც ერთი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა მამის თანხმობას მის გაშვილებაზე, სასამართლოს არ გამოურკვევია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა საბოლოოდ მოითხოვა ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება, კერძოდ, კი სადავო გადაწყვეტილების იმდაგვარად შესწორება, რომ მისი შვილად აყვანის ნება მისცემოდა ბებიას, ხოლო მამა დარჩენილიყო უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ე.-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
კასატორი _ ქ. ე.-ი დაიბადა 1982 წელს, არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად. დაბადების მოწმობაში მისი გვარი განისაზღვრა დედის გვარის შესაბამისად და ბავშვის გვარად მიეთითა _ დ.-ა, ხოლო მამის სახელად _ ო. იმის გამო, რომ დედამ, ნ. დ.-მ, მიატოვა შვილი _ ქ. დ.-ა, ამ უკანასკნელის პაპის _ მ. ბ.-ის მიერ შეტანილ იქნა სარჩელი ნ. დ.-სათვის დედობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით. 1987 წელს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნ. დ.-ს ჩამოართვა დედობის უფლება, ხოლო ბავშვი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღსაზრდელად გადაეცა ბიოლოგიურ მამას _ ო. ბ.-ს (ე.-ს).
გურჯაანის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 29 აპრილის ¹132 გადაწყვეტილებით, ქ. გურჯაანში, ...-ის ქუჩის ¹29-ში მცხოვრებ მ. ბ.-სა და ც. ე.-ს ნება მიეცათ, შვილად აეყვანათ შვილიშვილი _ ქ. დ.-ა.
ამავე გადაწყვეტილებით ბავშვის მშობლებად განისაზღვრენ: დედად _ ც. ე.-ი, ხოლო მამად _ ო. ბ.ი.
ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების პირველ ნაწილში შვილად აყვანაზე თანხმობა გაცემულია ბებიასა და ბაბუაზე, ფაქტობრივად, იქცა კასატორისათვის მამის, ო. ბ.-ის (ე.-ის), მემკვიდრეობაზე უარის თქმის საფუძვლად.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ კასატორს გააჩნია კანონიერი ინტერესი, რაც წარმოადგენს აღნიშნული სარჩელის დასაშვებობის საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ კასატორის მოთხოვნას ცვლილება შეეტანა გურჯაანის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 29 აპრილის ¹132 გადაწყვეტილებაში იმდაგვარად, რომ შვილად აყვანა მომხდარიყო ბებიის მიერ, ხოლო მამად დარჩენილიყო ო. ბ.-ი (ე.-ი) უარი უთხრა იმ მოტივით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ო. ბ.-ის (ე.-ის) ნება, მომხდარიყო მისი ქ. ე.-ის მამად ცნობა.
კასატორის მიერ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, რის შედეგადაც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე საქმეზე მიიღო იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს, რომელშიც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში ბავშვის მამად ცალსახად მითითებულია ო. ბ.-ი, რაც ქ. ე.-ის შვილად აყვანის თაობაზე მოწმობის გაცემისა და შემდგომში მისი დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველი გახდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნულის საფუძველზე ადასტურებს, რომ ბავშვის მამას, მითითებული აქტების საფუძველზე, წარმოადგენდა ო. ბ.-ი, რომელსაც არც ერთი აღნიშნული დოკუმენტი სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, სააპელაციო სასამართლო არ უთითებს არც ერთ გარემოებაზე, რომელიც უარყოფდა ან გააქარწყლებდა მის მიერვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, შვილად აყვანა ხდებოდა სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მშვილებლის თხოვნით, შვილად ასაყვანის ან მშობლების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეში არ მოიძიება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ. ბ.-ის თანხმობას, ეშვილა კასატორი _ ქ. ე.-ი. საქმეში დაცულია მტკიცებულება (ს.ფ. 13), რომლის თანახმადაც კასატორის ბაბუა _ მ. ბ.-ი გამოთქვამს თანხმობას, ქ. ე.-ი იშვილოს მისმა მეუღლემ _ც. ე.-მ.
იმავე კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს, საჭიროა მეორე მეუღლის თანხმობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული თანხმობის საფუძველზე დაცულია მითითებული მუხლის მოთხოვნა, რის საფუძველზეც, მ. ბ.-ის მხრიდან გამოხატულია ცალსახა ნება, რათა ქ. ე.-ის შვილად აყვანა მომხდარიყო მისი მეუღლის _ ც. ე.-ის და არა მის მიერ.
ამასთან, საყურადღებოა, რომ მ. ბ.-ი ქ. ე.-ის სარჩელთან მიმართებაში წარმოადგენს მოპასუხე მხარეს, რომელიც სასამართლოში წარმოდგენილი განმარტებების საფუძველზე ადასტურებს, რომ მას კასატორის შვილად აყვანა არ მოუთხოვია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო სასამართლო არ უთითებს იმ მოსაზრებების თაობაზე, რომლითაც ის უარყოფს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
საქმეში, ს.ფ. 16-ზე, დაცულია ო. ბ.-ის განცხადება, რომლშიც ეს უკანასკნელი ადასტურებს, რომ არის ქ. დ.-ს (ე.-ის) მამა და გამოთქვამს თანხმობას ბავშვის დედად განისაზღვროს დედამისი – ც. ე.-ი. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნავს, რომ ,,არ არსებობს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ო. ბ.-საც სურდა საკუთარი თავის ქ. ე.-ის მამად აღიარება”, თუმცა სააპელაციო სასამართლო ვერ უთითებს ვერც ერთ იმ გარემოებაზე, თუ რის საფუძველზე უარყოფს ზემოაღნიშნულ წარილობით მტკიცებულებას, რომელშიც არათუ გამოხატულია ნება მამად აღიარებაზე, არამედ ო. ბ.-ის მიერ აღიარებულია, რომ ის წარმოადგენს კასატორის მამას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სარჩელის შეტანით ქ. ე.-ს სურდა მის მამად ო. ბ.-ის აღიარება, როცა კანონმდებლობა ამგვარ აღიარებას არ ითვალისწინებს.
საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 აბზაცის შესაბამისად, თუ დედას ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, ბავშვის მამის ჩაწერა ხდება მამის განცხადებით. მითითებული მუხლის დისპოზიცია და ზემოაღნიშნული მტკიცებულება, საკასაციო საამართლოს აძლევს საკმარის საფუძველს მიიჩნიოს, რომ მამამ _ ო. ბ.-მა გამოხატა საკუთარი ნება მომხდარიყო მისი მამად აღიარება, რაც გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან წარმოდგენილი მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას.
საქმეში ასევე წარმოდგენილია, გურჯაანის რაიონის სახალხო სასამართლოს 1987 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც კასატორი _ ქ. დ.-ა აღსაზრდელად გადაეცა მამას - ო. ბ.-ს, რომელიც გასაჩივრებული და სადავოდ გამხდარი ო. ბ.-ის მიერ არ ყოფილა და რაც, ასევე არ ქცეულა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგნად.
საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 113-ე მუხლის შესაბამისად, შვილად აყვანა აუცილებლად უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოში, შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. იმავე მუხლის მე-2 აბზაცის შესაბამისად, მითითებული ჩანაწერის განხორციელების საფუძველს წარმოადგენდა აღმასკომის გადაწყვეტილება.
საქმეში, ს.ფ. 6-ზე, წარმოდგენილია დაბადების აქტის ჩანაწერი, რომელშიც ცვლილება განხორციელდა გურჯაანის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1988 წლის 29 აპრილის სადავო ¹132 გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული სააქტო ჩანაწერის შესაბამისად, კასატორის მამად მითითებულია ო. ბ.-ი. ანალოგიურ ჩანაწერს შეიცავს ბავშვის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 11).
საყურადრებოა, რომ სააქტო ჩანაწერის კანონიერება არც ერთ ეტაპზე არც ერთი მხარის, მით უფრო, ო. ბ.-ის მხრიდან სადავო არ გამხდარა.
საქმეში დაცული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება ზოგად მოსაზრებებს, არ ეფუძნება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ შეიცავს შესაბამის სამართლებრივ დასაბუთებას. ამასთან, გადაწყვეტილება ატარებს წინააღმდეგობრივ ხასიათს, სააპელაციო სასამართლო ვერ უთითებს ვერც ერთ გარემოებაზე, რაც დაადასტურებდა ბაბუის თანხმობას კასატორის შვილად აყვანაზე ან იმ გარემოებას, რომ ო. ბ.-ი (ე.-ი) უარს აცხადებდა ბავშვის მამობაზე, ან სადავოდ ხდიდა იმ უფლება დამდგენ დოკუმენტებს, რომლებიც ბავშვის მამად ცალსახად მიუთითებენ ო. ბ.-ზე.
ყოველივე აღნიშნული და საქმეში დაცული მტკიცებულებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ გურჯაანის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 1988 წლის 29 აპრილის სადავო ¹132 გადაწყვეტილებაში დაშვებულია მექანიკური უზუსტობა, რაც ექვემდებარება შესწორებას იმგვარად, რომ ბავშვის აყვანის ნება მიეცემა მხოლოდ კასატორის ბებიას – ც. ე.-ს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეში დაცული მასალები საკასაციო სასამართლოს აძლევს პროცესუალურ შესაძლებლობას, საქმეზე მიიღოს ახალი გადაწყვეტილება და საჭიროდ არ მიიჩნევს საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. ე.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ქ. ე.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. გურჯაანის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 29 აპრილის ¹132 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ნება დაერთოს, ქ. გურჯაანში, ...-ის ქ. 29-ში მცხოვრებ ც. ე.-ს შვილად აიყვანოს შვილიშვილი ქ. დ.-ა (დაბადებული 1982 წლის 5 ივლისს) და შეეცვალოს გვარი ,,დ.-ა” ,,ე.-დ”.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
¹