Facebook Twitter

¹ ბს-384-368(კ-06) 13 დეკემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე,

ნ. სხირტლაძე

სარჩელის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 9 ივნისს რ. ბ-მა და რო. ტ-მ სარჩელით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურისა და გ. ვ-ის მიმართ და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2003წ. 23 აგვისტოს გ. ვ-მა აუთვისებელი სივრცის გათვალისწინებით, საცხოვრებელ სახლზე მანსარდის ტიპის სართულის დაშენების თხოვნით მიმართა მეზობლებს, რაზეც თანხმობა მიიღო. თანხმობის მიღების შემდეგ, 2003წ. 4 სექტემბერს, გ. ვ-მა თბილისის მთავარ არქიტექტორს მიმართა, რომლის 2003წ. 29 სექტემბრის ¹20/678 ბრძანებით შეთანხმდა გ. ვ-ის კუთვნილი ბინისა და კიბის უჯრედის აუთვისებელი სივრცის თავზე მანსარდის სართულის მოწყობის არქიტექტურული პროექტი, ხოლო ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურმა 2003წ. 6 ოქტომბერს გასცა ¹ნ/343 მშენებლობის ნებართვა.

მოსარჩელეებმა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 29 სექტემბრის ¹20/678 ბრძანება და მშენებლობის ნებართვა უკანონოდ მიიჩნიეს, ვინაიდან ისინი გაცემული იყო «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, არ იყო დაცული ტერიტორიის განაშენიანების ქალაქმშენებლობის ნორმები, რაც განსაზღვრული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზით. დარღვეული იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001წ. 12 თებერვლის ¹4 ბრძანება, რომლის თანახმად, ყველა განაშენიანების პროექტი, რომლის სამშენებლო ღირებულება 500000 ლარზე ნაკლები იყო, ექვემდებარებოდა სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას, ამასთან პროექტის შედგენისას დაცული და გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები.

მოსარჩელეთა განმარტებით, გასაჩივრებული აქტები გამოცემული იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001წ. 20 დეკემბრის ¹72 ბრძანებით დამტკიცებული «მშენებლობის ნებართვისა და მშენებლობის წარმოების ნებართვის გაცემის წესის» მე-3 და მე-4 პუნქტების დარღვევით. არსებითად დარღვეული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 29 სექტემბრის ¹20/678 ბრძანების ბათილად ცნობა; ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის 2003წ. 6 ოქტომბერს გაცემული ¹ნ/343 მშენებლობის ნებართვის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, მოპასუხე გ. ვ-ის მიერ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის კიბის უჯრედის ფართის გამოყენების _ კონსოლური აივნის მოწყობის ნაწილში, ამავე ნაწილში აღნიშნული აქტების მოქმედების შეჩერება; ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურისთვის არსებულ პროექტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის დაკისრება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, გ. ვ-ისთვის ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის კიბის უჯრედის მშენებლობის აკრძალვა.

2004წ. 1 ოქტომბერს მოსარჩელეებმა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის, ქ. თბილისის «არქმშენინსპექციისა» და გ. ვ-ის მიმართ და მოითხოვეს: ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 29 სექტემბრის ¹20/678 ბრძანებისა და ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის 2003წ. 6 ოქტომბერს გაცემული ¹ნ/343 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა და გ. ვ-ის მიერ წარმოებული მშენებლობის დანგრევა.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა აღნიშნულ საქმეზე ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ... გ. ვ-ის მიერ წარმოებული მშენებლობა არ შეესაბამებოდა მოქმედ სამშენებლო-ტექნიკურ ნორმებს. აღნიშნული მშენებლობით, რა დროსაც ათვისებულ იქნა 30,8 კვ.მ საერთო სარგებლობის კიბის უჯრედის ზემოთა ფართი, მოსარჩელეთა ოთახები არ ბნელდებოდა, მაგრამ უარესდებოდა საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა სეისმომედეგობის თვალსაზრისით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს უფლებამონაცვლე) 2005წ. 29 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ბ-ისა და რო. ტ-ის სარჩელის მოთხოვნა _ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 29 სექტემბრის ¹20/678 ბრძანებისა და ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის მიერ 2003წ. 6 ოქტომბერს გაცემული ¹ნ/343 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება რო. ტ-მ და რ. ბ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 21 დეკემბრის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახური შეიცვალა უფლებამონაცვლე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 27 თებერვლის განჩინებით რ. ბ-ისა და რო. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 29 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (2005წ. 15 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 29 სექტემბრის ¹20/678 ბრძანება და ქალაქ თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის ¹ნ/343 მშენებლობის ნებართვა აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენდა, რომელთა მიხედვით, დაინტერესებულ მხარეს _ გ. ვ-ს მიენიჭა ქალაქ თბილისში, ... ქუჩის ¹53-ში მდებარე მისი კუთვნილი ბინისა და კიბის უჯრედის აუთვისებელი სივრცის თავზე მანსარდული სართულის მოწყობის უფლება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება, რომ აღნიშნული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებული ნაწილი ეწინააღმდეგებოდა კანონს, კერძოდ, სკ-ის 208-ე, 211-ე, 170-ე და 172-ე მუხლებს.

სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 211-ე მუხლის საფუძველზე, სახლის სახურავი და საძირკველი საერთო საკუთრებად მიიჩნია და განმარტა, რომ მათზე განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება საჭიროებდა თანამესაკუთრეების თანხმობას, რაც მოსარჩელეებს გ. ვ-ისათვის გაცემული ჰქონდათ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაინტერესებულმა მხარემ _ გ. ვ-მა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება განახორციელა, კერძოდ, «ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ» თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2004წ. 28 ივლისის ¹6.23.210 დადგენილებით დამტკიცდა ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის» 2004წ. 7 მაისის აქტი ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹53-ში გ. ვ-ის მიერ დაშენებული მანსარდის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ და ქ. თბილისის «არქმშენინსპექციას» ეთხოვა ობიექტზე არსებული ტექდოკუმენტაცია ობიექტის აღრიცხვაზე ასაყვანად, რათა გადაეგზავნა ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურისა და მიწის მართვის დეპარტამენტისათვის ობიექტის საჯარო რეესტრში გასატარებლად. ამასთან, ობიექტი საჯარო რეესტრში იქნა რეგისტრირებული.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები _ ქალაქის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 29 სექტემბრის ¹20/678 ბრძანება და ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის ¹ნ/343 მშენებლობის ნებართვა მოცემული დავის განხილვის მომენტისათვის მთლიანად აღსრულებული იყო.

ამასთან, სასამართლომ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2004წ. 28 ივლისის ¹6.23.210 დადგენილება, რომლითაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე განხორციელებული მშენებლობა ექსპლუატაციაში იქნა მიღებული, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 27 თებერვლის განჩინება რო. ტ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის საფუძველს. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რაც წარმოადგენს სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის საფუძველს. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 244-ე მუხლიც _ გასაჩივრებულ განჩინებაში არ აისახა აპელანტის მიერ წარდგენილი, მისივე შეკითხვაზე ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2006წ. 22 თებერვალს გაცემული ¹რ/1-6 პასუხი. კასატორი მიუთითებს, რომ სკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შენობის ნაწილი, რომელიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა, ხოლო ქ. თბილისში, ..., პირველ სადარბაზოში, მეხუთე სართულზე მშენებლობის შედეგად გ. ვ-ის ინდივიდუალურ (კერძო) საკუთრებაში მოქცეული კიბის უჯრედისა და მის თავზე არსებული ფართი წარმოადგენს ქ. თბილისში, ... მობინადრეთა საერთო საკუთრებას მათ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინების თანაბარწილად, იმავე კოდექსის 210-ე მუხლი კი, რომლის მიხედვით, ბინაზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების შეძენის ან შეწყვეტისათვის აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, მოცემულ შემთხვევაში ხსენებული კოდექსის 183-ე მუხლთან ერთად, დაირღვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 19 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რო. ტ-ის წარმომადგენელ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებსა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში ჩაბმულ მესამე პირებს მიეცათ უფლება, წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006წ. 13 სექტემბრამდე.

რო. ტ-ის წარმომადგენელმა გ. ბ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა», «ბ» და «გ» ქვეპუნქტების შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 13 სექტემბრის განჩინებით რო. ტ-ის წარმომადგენელ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა მხარეთა დასწრებით დაინიშნა 2006წ. 15 ნოემბერს 12.00 საათზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ რო. ტ-ის წარმომადგენელ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2003წ. 1 სექტემბერს გ. ვ-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მთავარ არქიტექტორს და ითხოვა ნების დართვა ქ. თბილისში, ... მე-5 სართულზე მანსარდის ტიპის სართულის დაშენებაზე აუთვისებელი სივრცის გათვალისწინებით და აღნიშნა, რომ მის სადარბაზოში მცხოვრები მეზობლებისაგან ხსენებულზე მიღებული ჰქონდა თანხმობა. ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 29 სექტემბრის ¹20/678 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ... მდებარე გ. ვ-ის კუთვნილი ბინის თავზე აუთვისებელი სივრცის გათვალისწინებით მანსარდული სართულის მოწყობის არქიტექტურული პროექტი, ხოლო ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურმა 2003წ. 6 ოქტომბერს გასცა ¹ნ/343 მშენებლობის ნებართვა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (2005წ. 15 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, ქალაქის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 29 სექტემბრის ¹20/678 ბრძანება და ქალაქ თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის ¹ნ/343 მშენებლობის ნებართვა აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენდა, რომელთა მიხედვით, დაინტერესებულ მხარეს _ გ. ვ-ს მიენიჭა ქალაქ თბილისში, ... ქუჩის ¹53-ში მდებარე მისი კუთვნილი ბინის თავზე აუთვისებელი სივრცის გათვალისწინებით მანსარდული სართულის მოწყობის უფლება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების (2005წ. 15 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტი შეიძლებოდა ბათილად არ გამოცხადებულიყო, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევდა სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, ხოლო დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობდა იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით მას მიადგებოდა ზიანი.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ დაინტერესებულმა მხარემ _ გ. ვ-მა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება განახორციელა, კერძოდ, «ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ» თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2004წ. 28 ივლისის ¹6.23.210 დადგენილებით დამტკიცდა ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის» 2004წ. 7 მაისის აქტი ქ. თბილისში, ... გ. ვ-ის მიერ დაშენებული მანსარდის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ საერთო ფართით 132,85 კვ.მ და ქ. თბილისის «არქმშენინსპექციას» ეთხოვა ობიექტზე არსებული ტექდოკუმენტაცია ობიექტის აღრიცხვაზე ასაყვანად გადაეგზავნა ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურისა და მიწის მართვის დეპარტამენტისათვის ობიექტის საჯარო რეესტრში გასატარებლად, ამასთან, ობიექტი საჯარო რეესტრში იქნა რეგისტრირებული.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლოს ბათილად უნდა ეცნო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დაირღვა სკ-ის 183-ე და 210-ე მუხლები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ვ-ს საერთო ფართის თანამესაკუთრეებისაგან მიღებული ჰქონდა სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ქ. თბილისში, ... მდებარე მისი კუთვნილი ბინის თავზე მანსარდული სართულის მოწყობაზე აუთვისებელი სივრცის გათვალისწინებით, რაც დასტურდება მოცემული საქმის მასალებით და რასაც მოსარჩელეებიც არ უარყოფენ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მრავალბინიანი სახლის საერთო ფართის თანამესაკუთრეების თანხმობაში უდავოდ არ არის პირდაპირ მითითებული კიბის უჯრედის თავზე მშენებლობაზე, თუმცა მასში მითითებულია იმაზე, რომ გ. ვ-ს თანხმობა მიეცა თავისი საცხოვრებელი ბინის თავზე დაეშენებინა მანსარდის ტიპის სართული აუთვისებელი სივრცის გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ თანხმობაში მოხსენიებულმა ტერმინმა _ «აუთვისებელი სივრცე» _ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს _ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურს (ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე) შესაძლებლობა მისცა ფართოდ გაეგო ხსენებული ტერმინი, ანუ მასში მოეაზრებინა არა მარტო უშუალოდ გ. ვ-ის საცხოვრებელი ბინის თავზე არსებული სივრცე, არამედ ის აუთვისებელი სივრცეც, რაც დაკავშირებული იყო კიბის უჯრედის თავთან და ამის შედეგად გაეცა შესაბამისი მშენებლობის ნებართვა, ხოლო დასახელებული ტერმინის ამგვარი გაგება განპირობებული იყო იმით, რომ გ. ვ-ის მიერ ნაწარმოები დაშენება უფრო მყარი ყოფილიყო, ამასთან, შენარჩუნებულიყო სახანძრო კიბე და კიბის უჯრედის ამოსასვლელი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან სახეზეა ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹53-ში I სადარბაზოს მობინადრეთა მიერ კანონის შესაბამისად შედგენილი თანხმობა მანსარდული სართულის დაშენებაზე აუთვისებელი სივრცის გათვალისწინებით, ხოლო კასატორი არ არის მრავალბინიანი სახლის მაცხოვრებელთა ამხანაგობის წარმომადგენელი, წინამდებარე საქმის მასალებით არ დასტურდება სკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 210-ე მუხლის დარღვევის ფაქტი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავის მართლზომიერი გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს _ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის (ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე) წარმომადგენლის პოზიციასა და ახსნა-განმარტებას გ. ვ-ისათვის ხსენებული აქტებით მინიჭებული უფლების მოცულობასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოს 2006წ. 13 დეკემბრის სხდომაზე არ ცნო საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და განმარტა, რომ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 29 სექტემბრის ¹20/678 ბრძანებით შეთანხმდა გ. ვ-ის კუთვნილი ბინისა და კიბის უჯრედის აუთვისებელი სივრცის თავზე მანსარდის ტიპის სართულის მოწყობის არქიტექტურული პროექტი, ხოლო ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურმა 2003წ. 6 ოქტომბერს გასცა ¹ნ/343 მშენებლობის ნებართვა. მისი მტკიცებით, აღნიშნული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-9 თავების სრული დაცვით _ მათი გამოცემისას ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურში წარდგენილი იყო აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებთა თანხმობა, მათ შორის, რო. ტ-ისაც, რაც თავისთავად გამორიცხავს ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის მხრიდან სკ-ის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით. დასახელებული სამსახურის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ თანხმობა ითვალისწინებდა, როგორც საცხოვრებელი ბინის თავზე მანსარდის მოწყობის უფლებას, ასევე თავისუფალი სივრცის გამოყენების შესაძლებლობასაც, რაც საფუძვლად დაედო პროექტის შეთანხმებას იმ სახით, რა სახითაც იგი დღესაც არსებობს და ნაწარმოებია მშენებლობა, რის გამოც არ არსებობს სადავო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი _ არ ილახება კასატორის კანონიერი ინტერესები და უფლებები, რასაც ადასტურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ამონაწერიც, რომ ამჟამად სადავო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები აღსრულებულია და სადავო ფართი წარმოადგენს გ. ვ-ის ინდივიდუალურ საკუთრებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არღვევს სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს და ხსენებული აქტები უკვე აღსრულებულია გ. ვ-ის მიერ ამავე აქტებით მინიჭებული უფლების ფარგლებში შესაბამისი იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელებით, ხოლო კასატორმა ვერ დაასაბუთა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მისი კანონიერი უფლებისთვის ან ინტერესისთვის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენება ან მისი უფლების უკანონო შეზღუდვა, რაც გამორიცხავს მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რო. ტ-ის წარმომადგენელ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 27 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.