ბს43-43(2კ-06) 22 დეკემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: სამივლინებო თანხების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ხ-მა, მოპასუხე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და 6766 აშშ დოლარის ოდენობით სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მინისტრის 12.12.01წ. ¹04-04/13 ბრძანებით 2001წ. 14 დეკემბრიდან მივლინებული იქნა ქ. მოსკოვში 15 დღით. აღნიშნულ ვადაში შეუძლებელი გახდა დავალების შესრულება, რის გამო სოფლის მეურნეობის მინისტრმა მივლინების ვადა გაუგრძელა 2002წ. 26 თებერვლამდე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი სამივლინებო ხარჯები უნდა ანაზღაურებულიყო ციტრუსის დამზადების თანხიდან, რაც არ განხორციელებულა. მოსარჩელის განცხადებით, მის მიერ გაწეულმა სამივლინებო ხარჯებმა 6 766 აშშ დოლარი შეადგინა. მიუხედავად მოპასუხისათვის არაერთგზისი მიმართვისა, სამივლინებო თანხა სამინისტროს მისთვის არ აუნაზღაურებია, რის გამო მოსარჩელემ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის 1766 აშშ დოლარის ოდენობით სამივლინებო თანხის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
მოპასუხემ 08.04.05წ. შეპასუხებაში აღნიშნა, რომ სარჩელს არ ცნობდა, ვინაიდან ნ. ხ-ის მიერ ციტრუსების დამზადება-გადაზიდვის ოპერაციებისა და აუნაზღაურებლობის გამო სამონისტრომ 24 445 აშშ დოლარის ზარალი განიცადა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ აღნიშნა, რომ ნ. ხ-ის სამივლინებო ხარჯები აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისრტოს უნდა აენაზღაურებინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.05.05წ. გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მის სასარგებლოდ შემდეგი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა: მობილური ტელეფონით როუმინგით სარგებლობისათვის 300 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის შესაბამისი კურსით, შპს «მ-თვის» ავტომანქანების მომსახურებისთვის გადახდილი 1020 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის შესაბამისი კურსით, ფოთი-ნოვოროსიისკის ბილეთის ღირებულება _ 100 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის შესაბამისი კურსით, ნოვოროსიისკის სასტუმროში 2001წ. 18 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე ღამის თევისთვის გადახდილი 670 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის შესაბამისი კურსით, ქ. მოსკოვში სასტუმროში ღამის თევის ხარჯები 2002წ. 3 იანვრიდან 17 თებერვლამდე 2065 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის შესაბამისი კურსით, კერძო ბინაში 2002წ. 17 თებერვლიდან 24 თებერვლამდე ღამის თევის ხარჯი _ 70 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის შესაბამისი კურსით, 72 დღის განმავლობაში კვების ხარჯი _ 1800 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის შესაბამისი კურსით, თვითმფრინავით მგზავრობის საფასური _ 150 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის შესაბამისი კურსით, სულ _ 6175 აშშ დოლარი ეროვნული ვალუტის შესაბამისი კურსით. ნ. ხ-ს უარი ეთქვა ვიზის თანხის _ 125 აშშ დოლარის, ქ. მოსკოვში კერძო ბინის ქირის _ 70 აშშ დოლარის და 406 აშშ დოლარის ოდენობით სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.10.05წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მისთვის 5350 აშშ დოლარის ოდენობით სამივლინებო თანხების ანაზღაურება დაეკისრა, კერძოდ, რუსეთის ვიზის ღირებულება 125 აშშ დოლარის ოდენობით, ფოთი-ნოვოროსიისკის გემის ბილეთი 100 აშშ დოლარის ოდენობით, ქ. ნოვოროსიისკში სასტუმროს ხარჯი _ 670 აშშ დოლარის ოდენობით, ქ. მოსკოვში სასტუმროს ხარჯი 2065 აშშ დოლარის ოდენობით, ქ. მოსკოვში კერძო ბინის ქირის ღირებულება 70 აშშ დოლარის ოდენობით, ნოვოროსიისკში დღიური კვების ანაზღაურება 325 აშშ დოლარის ოდენობით, ქ. მოსკოვში ყოველდღიური ხარჯის ანაზღაურება 1820 აშშ დოლარის ოდენობით, მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავის ბილეთის ღირებულება 150 აშშ დოლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია 2001წ. 14 დეკემბრიდან 2002წ. 25 თებერვლამდე ნ. ხ-ის რუსეთის ფედერაციაში მივლინების ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარეს უნდა აენაზღაურებინა ნ. ხ-თვის სამივლინებო თანხა, ვინაიდან შრომის კანონთა კოდექსის 115.3 მუხლის თანახმად, მუშაკებს, რომლებსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, აუნაზღაურდებათ სადღეღამისო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი დროისათვის, მგზავრობის ხარჯები და ბინის ქირა. სააპელაციო სასამართლოს აზრით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა, აგრეთვე, «მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი ხარჯების ანაზღაურების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ბრძანებულება, რომლის მე-6 პუნქტის თანახმად დაწესებულების (ორგანიზაციის) ხელმძღვანელს დამატებით შეეძლო აენაზღაურებინა სხვა ხარჯები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა სატელეფონო საუბრებიდან წარმოშობილი ხარჯი, რომელიც მოპასუხეს, ბრძანებულების მე-6 მუხლიდან გამომდინარე, ნებაყოფლობით შეეძლო აენაზღაურებინა, ხოლო ქ. ფოთში შპს «მ-გან» მიღებული მომსახურების ხარჯი, პალატის აზრით, სამივლინებო ხარჯს არ წარმოადგენდა და მისი გადახდა მოპასუხეს არ უნდა დაკისრებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ხ-მა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. სააპელაციო პალატამ 22.12.05წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. ხ-ის წარმომადგენლის განცხადება, სააპელაციო პალატის 17.10.05წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მთლიანი თანხის _ 5350 აშშ დოლარის ნაცვლად მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს მთლიანობაში დაეკისრა 5350 აშშ დოლარის გადახდა.
კასატორმა ნ. ხ-მა აღნიშნა, რომ მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე მთლიანად ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო სრულიად სამართლიანი. სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოში მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 38-ე და 39-ე მუხლების, «მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹229 ბრძანებულების და ამავე ბრძანებულების მე-3 დანართის საფუძველზე მისი სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, ვინაიდან როუმინგით სარგებლობა და შპს «მ-გან» მომსახურების მიღებაც დაკავშირებული იყო მის სამივლინებო ვალდებულებებთან. კასატორმა სააპელაციო პალატის 17.10.05წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც მას უარი ეთქვა როუმინგის მომსახურებისათვის გაწეული 300 აშშ დოლარის ოდენობის ხარჯის და ქ. ფოთში მანდარინის გადატვირთვა-გადაზიდვისათვის 1020 აშშ დოლარის ოდენობით გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.02.06წ. განჩინებებით ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტოს საკასაციო საჩივარი ხარვეზზე იქნა დატოვებული.
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტომ წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების დასაბუთებისათვის გამოიყენა მხოლოდ შკკ-ის 115-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს მივლინების დროს გარანტიებისა და კომპენსაციების ზოგად საკითხებს და მასში არაფერია ნათქვამი საზღვარგარეთის მივლინების წესების თაობაზე არსებული საკანონმდებლო აქტების შესახებ. სსკ-ის 393.2 მუხლის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. 26.04.06წ. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელშიც აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულების სახით არ მიიღო სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების და საუდიტო საქმეების განყოფილების უფროსის ახსნა-განმარტება, რომელიც ადასტურებს, რომ ნ. ხ-მა უკანონო ქმედებებით მიაყენა ზარალი 24445 აშშ დოლარის ოდენობით, არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მოწმის სახით სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობის დაკითხვის შესახებ. ნ. ხ-თვის სამივლინებო ხარჯები ანაზღაურებული უნდა ყოფილიყო ციტრუსების დამზადების თანხებიდან, რომელიც ვერ შეასრულა. მინისტრის 25.02.02წ. ¹04-04/7 ბრძანებით გათვალისწინებულია მხოლოდ ნ. ხ-ის დაბრუნება მივლინებიდან, ხოლო სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებაზე, მივლინების გაგრძელებაზე ბრძანებაში არაფერია ნათქვამი, ბრძანება ადასტურებს, რომ ნ. ხ-ი ამ დღიდან შეუდგა სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებას. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ დარღვეულ იქნა სამივლინებო ხარჯების გაანგარიშების წესი, განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულების მე-2 და მე-3 დანართებით. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ნ. ხ-მა მოითხოვა მივლინებიდან დაბრუნებიდან 3 წლის შემდეგ, რაც იმას ადასტურებს, რომ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით იგი დაელოდა მისთვის ხელსაყრელ მომენტს და სასამართლოს მიმართა სამინისტროს ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ. სააპელაციო პალატამ მტკიცებულების სახით არ მიიღო სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების და სააუდიტო საქმეების განყოფილების უფროსის ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ნ. ხ-მა უკანონო ქმედებების შედეგად სამინისტროს 24 445 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი მიაყენა. კასატორის განცხადებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ნ. ხ-ს ოფიციალურად გაუგრძელდა 15 დღიანი მივლინების ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 27.06.06წ. განჩინებით აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.06.06წ. განჩინებით აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტოს და ნ. ხ-ის საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი და მათი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტომ 16.10.06წ. მომართა საკასაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში იმყოფებოდა სისხლის სამართლის საქმე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 2002 წლიდან 2005წ. 1 ნოემბრამდე პერიოდში ცალკეული ხელმძღვანელი პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. კასატორის განცხადებით, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და ფირმა «ჩ-ის» შორის დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველმა სამინისრტოს ანგარიშზე ჩამორიცხა 60 000 აშშ დოლარი, საიდანაც ციტრუსების დამზადებისთვის დაიხარჯა 25 100 აშშ დოლარი. სამინისტროს მხოლოდ ციტრუსების დამზადების უზრუნველყოფა და ავტოტრანსპორტში მოთავსება ევალებოდა და ქ. მოსკოვში ტვირთის ტრანსპორტირებისათვის ხარჯები ხელშეკრულების თანახმად დამკვეთს უნდა გაეღო. კასატორის განცხადებით, უსაფუძვლოა ნ. ხ-ის მივლინება ქ. მოსკოვში 15 დღით, სადაც მან ფაქტობრივად 72 დღე დაჰყო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ პასუხობს კანონმდებლობის მოთხოვნებს, სსკ-ის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს მითითებას მხოლოდ იმ ნაწილზე, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, ამასთანავე სასამართლო არ უთითებს თუ ვის უნდა დაეკისროს ნ. ხ-თვის ასანაზღაურებელი თანხების გადახდა. გადაწყვეტილებაში არაა მითითებული, თუ რა ბედი ეწია მოთხოვნის დანარჩენ ნაწილებს. სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობის თანახმად სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმპერატიული ფორმის მითითებას იმის შესახებ, თუ რომელ ნაწილში დაკმაყოფილდა და სარჩელის რომელ ნაწილში ეთქვა უარი მოსარჩელეს.
სააპელაციო პალატის განჩინებით მთლიანად გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, იმ ნაწილშიც, რომელშიც არ გასაჩივრებულა. სააპელაციო საჩივრით აპელანტი აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სამინისტროს მიერ 6175 აშშ დოლარის მის მიერ ანაზღაურების კანონიერი საფუძვლის არ არსებობის გამო, ანუ იმ თანხის ფარგლებში, რომლის ანაზღაურება დაკისრებული ჰქონდა სამინისტროს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 04.05.05წ. გადაწყვეტილების დანარჩენი ნაწილის მიმართ, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, სამინისტროს არ გააჩნდა უფლებადამცავი ინტერესი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. მოსკოვში კერძო ბინაში 2002წ. 17 თებერვლიდან 24 თებერვლამდე ღამის თევის ხარჯის _ 70 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ნ. ხ-ს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და სააპელაციო ინსტანციაში გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას ითხოვდა, ხოლო მოპასუხეს _ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს არ ჰქონდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ეს ნაწილი, სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა ნ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში და აუნაზღაურა მოსარჩელეს ქ. მოსკოვში კერძო ბინაში ღამის თევის ღირებულება 70 აშშ დოლარის ოდენობით, რითაც სააპელაციო პალატამ საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით აპელანტს საუარესოდ შეუბრუნა სააპელაციო საჩივარი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, აგრეთვე, რუსეთის ფედერაციაში გამგზავრების ვიზის ღირებულების (125 აშშ დოლარი) ანაზღაურების მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის და არა მოსარჩელის ნ. ხ-ის მიერ, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაკმაყოფილდა, ნ. ხ-ს აუნაზღაურდა ვიზის ღირებულება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ სასარჩელო განცხადების თანახმად ნ. ხ-ი კვების ხარჯის ასანაზღაურებლად 72 დღის განმავლობაში ითხოვდა მოპასუხეზე 1800 აშშ დოლარის დაკისრებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა ნ. ხ-ის მოთხოვნა 72 დღის განმავლობაში კვების ხარჯის სახით 1800 აშშ დოლარის ეროვნულ ვალუტაში ანაზღაურების შესახებ. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით სამინისტროს ნ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2145 აშშ დოლარის გადახდა, რითაც სასამართლომ საუარესოდ შეუბრუნა აპელანტს სააპელაციო საჩივარი, უფრო მეტიც, სააპელაციო პალატა სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევით გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და მოსარჩელეს იმაზე მეტი დაუკმაყოფილა (325+1820=2145 აშშ დოლარი) ვიდრე ის სასარჩელო განცხადებით ითხოვდა (1800 დოლარი).
ნ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ სამინისტროს წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში მთლიანად, ხოლო სააპელაციო ინსტანციაში ნაწილობრივ ცნო ნ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა. სასკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცნობა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათიდან გამომდინარე, მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მოთხოვნის ცნობა არ იწვევდა სასარჩელო განცხადების უპირობო დაკმაყოფილებას. ამასთანავე, სარჩელის ცნობა წარმოადგენს საგანმკარგულებო უფლებამოსილებას, მარწმუნებლის მიერ ამგვარი უფლებამოსილებით წარმომადგენლის აღჭურვა, სსკ-ის 98-ე მუხლის თანახმად, საჭიროებს რწმუნებაში ამის შესახებ საგანგებო აღნიშვნას, არც პირველ და არც სააპელაციო ინსტანციაში სამინისტროს წარმომადგენელს, სსკ-ის 98-ე მუხლის თანახმად, არ გააჩნია სარჩელის ცნობის უფლებამოსილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო პალატა სადავოდ არ მიიჩნევს მივლინების დროის ხანგრძლივობას, ვინაიდან, სააპელაციო პალატის აზრით, მივლინების ვადები დასტურდება სამივლინებო დოკუმენტაციით. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის 12.12.01წ. ¹04-04/13 ბრძანების თანახმად, ნ. ხ-ი 14 დეკემბრიდან მივლინებულ იქნა ქ. მოსკოვში და არა ნოვოროსიისკში. სასამართლოს არ დაუდგენია თუ რა მიზნით გაემგზავრა ნ. ხ-ი ნოვორისიისკში, რატომ იმყოფებოდა იქ 12 დღის განმავლობაში, შესაბამისად დაუსაბუთებელია ნ. ხ-თვის ნოვოროსიისკში ყოფნის პერიოდში დღიური და სასტუმროს ხარჯების ანაზღაურება. ამასთანავე, სამივლინებო მოწმობის თანახმად, ნ. ხ-ი დანიშნულების ადგილას _ მოსკოვში გამოცხადდა 2001წ. 3 იანვარს, ანუ სამივლინებო ვადის გასვლის შემდეგ. ქ. მოსკოვში ნ. ხ-ი იმყოფებოდა 27 თებერვლამდე. საქმეში არ მოიპოვება მივლინების გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტი, მინისტრის 25.02.02წ. ¹04-04/7 ბრძანება ადასტურებს მივლინებიდან ნ. ხ-ის დაბრუნებას და არა მივლინების ვადის გაგრძელებას.
საქმის მასალებში დაცულია დამზადების პუნქტებისა და ციტრუსების შემფუთავი ქარხნის ნ. ხ-ის სახელით ხელმოწერილი, ქართულ ენაზე შედგენილი, სალაროს გასავლის ორდერები, რომლებიც დათარიღებულია 2002წ. 18 იანვრით. საქმეში დაცულია, აგრეთვე, შპს «მ-ის» შემოსავლის ორდერი, რომელიც დათარიღებულია 2001წ. 16 დეკემბრით და ხელმოწერილია ნ. ხ-ის მიერ. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო პალატამ უნდა გამოიკვლიოს მითითებული მტკიცებულებანი და მათი გათვალისწინებით უტყუარად დაადგინოს ქვეყნის გარეთ ნ. ხ-ის მივლინებაში ყოფნის ხანგრძლივობა და შესაბამისი სამივლინებო თანხის ოდენობა, ვინაიდან სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი «მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულების 1-3 დანართების მიხედვით ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების დღიური ხარჯების ნორმა მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნის შიგნით დღიური ანაზღაურების ნორმისაგან, შესაბამისად საჭიროა ნ. ხ-ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებით გასვლის თარიღის დადგენა.
«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 38-ე მუხლის მიხედვით მოსამსახურეს აქვს მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. ამავე კანონის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო სახელმწიფოში გრძელვადიან მივლინებაში მოსამსახურის გაგზავნის წესი, მისი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების და კომპენსაციის ოდენობა და პირობები, აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. «ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ» 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულების მე-3 მუხლის მიხედვით მუშაკებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინებისას დღიური ხარჯები უნაზღაურდებათ ¹3 დანართის მიხედვით. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნ. ხ-ს დაუკმაყოფილა ქ. ნოვოროსიისკის სასტუმროში ღამის თევის ხარჯები 2001წ. 18 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე 670 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 51,5 აშშ დოლარს. აღნიშნული სცილდება «მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულების მე-3 დანართით განსაზღვრულ რუსეთის ფედერაციაში უცხოური ვალუტით დღიური ანაზღაურების მაქსიმალურ ნორმებს.
საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულების მე-5 მუხლის თანახმად (04.04.98წ. ¹220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებების შედეგად ბრძანებულების მე-5 პუნქტის ახალი რედაქციის გათვალისწინებით), სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ქვეყნის გარეთ მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინება უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან სათანადო შეთანხმების შემდეგ. აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 12.12.01წ. ¹04.04/13 ბრძანების მიხედვით, ნ. ხ-ი ქ. მოსკოვში მივლინებულ იქნა 15 დღით. საქმის მასალებით არ დასტურდება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანხმობის არსებობა ნ. ხ-ის ქ. მოსკოვში მივლინებასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნები ეხება არა მხოლოდ სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებას, არამედ საქონლის ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებასაც. შესაბამისად, შპს «მ-ის» მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის მართლზომიერების გასარკვევად საქმეზე დადგენას საჭიროებს მყიდველისათვის საქონლის მიწოდების პირობები. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 14.12.01წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, გამყიდველს ევალებოდა მანდარინების დახარისხება, შეფუთვა, ავტოტრანსპორტზე დატვირთვა და არა ტრანსპორტირება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ხ-ის ქ. მოსკოვში მივლინება დაკავშირებული იყო მოპასუხე ორგანიზაციასა და შპს «ჩ-ს» შორის 14.12.01წ. დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე დადგენას საჭიროებს მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მიერ ნ. ხ-თვის დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ უნდა დადგინდეს წარმოადგენდა თუ არა ნ. ხ-ი გასაყიდი საქონლის დამზადებაზე და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელ პირს და იყო თუ არა უფლებამოსილი განეკარგა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 12.12.01წ. ¹04.04/13 ბრძანების მე-2 პუნქტში აღნიშნული ციტრუსების დამზადების თანხა, რომლის ნაწილს, ბრძანების თანახმად, ნ. ხ-ის სამივლინებო თანხა წარმოადგენდა. მითითებული გარემოების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მსჯელობა უნდა იქონიოს აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 12.12.01წ. ¹04.04/13 ბრძანების შესაბამისად სამივლინებო თანხის ანაზღაურების შესახებ ნ. ხ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების ანაზღაურების შესაძლებლობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებელი (სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტი), იგი არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს და საქმეში დართულ მტკიცებულებებს, გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო ნორმების დარღვევით, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად არ იქნა გამორკვეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ იძლევა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების, საქმის სამართლებრივი ასპექტების შეფასების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით არსებითი განხილვისათვის უნდა გაეგზავნოს სააპელაციო სასამართლოს. საქმის მითითებულ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად შესაძლებელი იქნება მხარეთა უფლება-მოვალეობების ზუსტი განსაზღვრა, საქმეზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ხ-ის და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.10.05წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.