Facebook Twitter

ბს-434-415(2კ-06) 27 დეკემებერი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – გ. ილინა

კასატორი (მოწინააღმდგე მხარე) – შპს ,,---ის” დირექტორი –ბ. ჩ-ია, წარმომადგენელი - დ. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (კასატორი) – ზუგდიდის მუნიციპალური გამგეობა, წარმომადგენელი – ს. ა-ვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 15 აპრილს შპს “---მ" სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზუგდიდის რაიონის გამგეობის მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1993 წელს ჩამოყალიბდა ახალგაზრდული სამეცნიერო შემოქმედებითი გაერთიანება “---", რომლის ---ი იყო ვ. ჩ-ია. 1994 წლის 21 აპრილს “ქალაქის, საწარმოების, დაწესებულებების და მთელ ტერიტორიაზე ჯიხურების, სავაჭრო პავილიონების დადგმის წესის რეგულირების შესახებ" ქ. ზუგდიდის და ზუგდიდის რაიონის გამგეობის ¹-- განკარგულების შესაბამისად, ქალაქის მთელ ტერიტორიაზე ჯიხურებისა და პავილიონების დადგმაზე ნებართვის გაცემა უნდა მომხდარიყო ქალაქისა და რაიონის არქიტექტურისა და მშენებლობის სამმართველოს უფროსის, ქალაქისა და რაიონის მთავარი არქიტექტორის ბრძანებებით. ამ განკარგულების საფუძველზე ზუგდიდის რაიონის ---ის - ზ. კ-ას მიერ 1994 წლის 27 ივლისს მიღებულ იქნა ¹-- ბრძანება, რითაც ნება დაერთო ახალგაზრდულ სამეცნიერო შემოქმედებით გაერთიანება “---ს" მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ სამკუთხა ფირნიშთან დაედგა უნივერსალური პავილიონი, იმავე არქიტექტორის 1995 წლის 2 თებერვლის ¹-- ბრძანებით, პავილიონის მიმდებარე ტერიტორია მათ მიერ იქნა კეთილმოწყობილი.

“მეწარმეთა შესახებ" კანონის შესაბამისად, 1996 წლის 22 იანვარს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ რეგისტრირებულ იქნა შპს “---", საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შევიდა სშგ “---ს" ქონება და ---ად დარჩა ზ. ჩ-ია.

ზუგდიდის მერის - ლ. ჭ-ას 1997 წლის 2 დეკემბრის ¹-- განკარგულებით, ნება დაერთო შპს “---ს" განეხორციელებინა 156,2 კვ.მ რკინის პავილიონის რეკონსტრუქცია, რომლის ხარჯთაღრიცხვამ, აუდიტორული დასკვნით, შეადგინა 65 ათასი ლარი.

ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2000 წლის 10 აგვისტოს ¹-- განკარგულებით ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში. “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ. ზუგდიდის მიწის მართვის სამმართველოში 171,7 კვ.მ მიწის ნაკვეთი 1999 წლის 27 აგვისტოს კერძო საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში მასზე უძრავად დაკავშირებულ შენობასთან ერთად, რომელიც აშენებულია სათანადო პროექტის საფუძველზე.

2005 წლის 25 მარტს ზუგდიდის რაიონის გამგებლის ¹-- განკარგულებით ბათილად გამოცხადდა ზუგდიდის რაიონის 2000 წლის 10 აგვისტოს ¹-- განკარგულება ,,სავაჭრო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ" პირველი პუნქტის ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ, ასევე, ზუგდიდის რაიონის გამგებლის მ/შ 2005 წლის 25 მატის ¹-- განკარგულებით ბათილად გამოცხადდა ზუგდიდის მერიის 1997 წლის 2 დეკემბრის ¹-- განკარგულების პირველი პუნქტის მე-5 ქვეპუნქტი.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული განკარგულებები არის უკანონო, რადგან მისი მიღებისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რადგან არც ერთ ადმინისტრაციულ აქტში არ არის მითითებული გასაჩივრების ვადა და წესი, ასევე დარღვეულია ამავე მუხლის პირველი მე-3, მე-5, მე-6 პუნქტების მოთხოვნები, ვინაიდან ადმინისტრაციული აქტები არ არის დასაბუთებული, არ არის სწორად გამოკვლეული და შეფასებული ფაქტობრივი გარემობანი. ზუგდიდის რაიონის მ/შემსრულებელ მ. ა-ას 2005 წლის 25 მარტის ¹-- განკარგულების მიღებისას, მოსარჩელის მოსაზრებით, სავალდებულო იყო ექსპერტიზის დასკვნა, რადგან უსაფუძვლოა “წყლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გამოყენება.

ზუგდიდის რ/ნ გამგეობის 2005 წლის 25 მარტის ¹-- განკარგულებაში ასევე არამართებულადაა გამოყენებული “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “მ" და “დ" ქვეპუნქტები.

მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრში 171.7 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა 1999 წელს რეგისტრირებულია შპს “---ის" საკუთრებად. “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით სადავო და გარიგებათა ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა უხეშად დაარღვია კანონის იმპერატიული მოთხოვნა და მიითვისა სასამართლოს ფუნქცია, როდესაც თავისი განკარგულებით ბათილად ცნო შპს “---ს" მიწაზე კერძო საკუთრების უფლება და დაავალა საჯარო რეესტრის სამსახურს აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეგისტრაციაში გაეტარებინა სახელმწიფო საკუთრებად, ანუ მოახდინა მიწის “ ნაციონალიზაცია", რითაც გადაამეტა უფლებამოსილებას.

ზუგდიდის რაიონის მ/შემსრულებლის მიერ მიღებული განკარგულებებით და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით უხეშად შეილახა საზოგადოების საკუთრების უფლება, რაც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლებით. გამგებლის მ/შემსრულებლის უკანონო მოქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბათილად ყოფილიყო ცნობილი ზუგდიდის რაიონის მ/შემსრულებლის გ. ა-ას 2005 წლის განკარგულება და ზუგდიდის რაიონის გამგეობას მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 59 838 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხე ზუგდიდის რაიონის გამგეობამ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “---ის" სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ გ. ა-ას 2005 წლის 25 მარტის ¹--, ¹-- განკარგულებები და ზუგდიდის რაიონის გამგეობას შპს “---ის" სასარგებლოდ დაეკისრა 58838 ლარის ანაზღაურება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონის გამგეობამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ზუგდიდის მერის 1997 წლის 2 დეკემბრის ¹-- განკარგულება ეწინააღმდეგებოდა “წყლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებს, რომელთა შესაბამისადაც, მდინარის წყალდაცვით ზოლში მშენებლობა ან მოქმედი საწარმოს გაფართოება და რეკონსტრუქცია აკრძალულია. მითითებული კანონი საფუძვლად დაედო ზუგდიდის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 25 მარტის ¹-- განკარგულებას და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის “დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ბათილად გამოცხადდა ზუგდიდის მერის 1997 წლის 2 დეკემბრის @¹-- განკარგულება, რაც რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ზუგდიდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება ზუგდიდის რ/ნ გამგეობისათვის 58838 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ზუგდიდის რაიონის გამგეობას შპს “---ის" სასარგებლოდ დაეკისრა 30000 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (2005 წლის 25 მარტის მდგომარეობით) 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ადმინისტრაციული აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

2005 წლის 25 მარტის ¹-- და ¹-- განკარგულებების მიღებისას არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება და, შესაბამისად, არ უცნობებიათ შპს “---სათვის".

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-6 ნაწილის (2005 წლის 25 მარტის მდგომარეობით) თანახმად, გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა დაუცველად, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით კი ზუგდიდის რაიონის გამგეობის 2005 წლის 25 მარტის განკარგულებიდან არ იკვეთება, რომ აქტი მიღებული იყო გადაუდებელი აუცილებელობით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (2005 წლის 25 მარტის მდგომარეობით) 97-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ" პუნქტის მიხედვით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს.

ზუგდიდის რაიონის გამგეობას კი შპს “---ისათვის" არ მოუსმენია, რამდენადაც არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (2005 წლის 25 მარტის მდგომარეობით) 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თითოეულ ადმინისტრაციულ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის (სარჩელის) წარდგენის ვადა, რაც ¹-- და ¹-- განკარგულებებში არ არის აღნიშნული. აღნიშნული კოდექსის (2005 წლის 25 მარტის მდგომარეობით) მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ" პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი (2005 წლის 25 მარტის მდგომარეობით) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე მუხლით ან 34-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. როგორც ზემოთ აღინიშნა, ¹-- და ¹-- განკარგულებების მიღებისას საერთოდ არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება.

ზუგდიდის რაიონის გამგეობის ¹-- და ¹-- განკარგულებები მიღებულია ერთპიროვნულად, რითაც დაირღვა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ ორგანული კანონის 24-25-ე მუხლების მოთხოვნები.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო.

ამასთან, სასამართლო პალატა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მხედველობაში იღებს საჯარო ინტერესს, რის გამოც, შპს “---ს" უნდა აუნაზღაურდეს ზიანი 30 000 ლარის ოდენობით.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,---მა” და ზუგდიდის რაიონის გამგეობამ.

კასატორი – შპს ,,---” საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში არასაწორად გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილი და საჯარო ინტერესებზე მითითებით არამართებულად გაანახევრა იმ ზიანის ოდენობა, რაც მათ საზოგადეობას მიადგა.

კასატორის განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 209-ე მუხლის კომენტარის შესაბამისად, საკომპენსაციო თანხის გამოთვლა უნდა მოხდეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის საფუძველზე, რაც, როგორც წესი, გამორიცხავს სრულ კომპენსაციას, განსაკუთრებით ეს ეხება მიუღებელი მოგების სრულ ანაზღაურებას. ზუგდიდის რაიონის გამგეობის ¹-- და ¹-- განკარგულებებით არ არის დადგენილი, შეილახა თუ არა საჯარო ან კერძო ინტერესები. მოთხოვნა მიუღებელ მოგებაზე, კასატორის მითითებით, მათ არ დაუყენებიათ. შენობის უკანონო დემონტაჟის შედეგად მათYმიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რომელიც აუდიტორული დასკვნის საფუძველზე შეადგენს 59838 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

მეორე კასატორი - ზუგდიდის რაიონის გამგეობა საკასაციო საჩივარს აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მითითებდა სააპელაციო საჩივარში და მოითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,---ას” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზუგდიდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილედეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1993 წელს ჩამოყალიბდა ახალგაზრდული სამეცნიერო შემოქმედებითი გაერთიანება ,,---”. 1994 წლის 27 ივლისს ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის მთავარი არქიტექტორის ¹-- ბრძანებით, ახალგაზრდულ სამეცნიერო შემოქმედებით გაერთიანება ,,---ს” ნება დაერთო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ სამკუთხა ფირნიშთან დაედგა უნივერსალური პავილიონი.

1996 წლის 22 იანვარს ახალგაზრდული სამეცნიერო შემოქმედებითი გაერთიანება ,,---ს” ქონების ბაზაზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში რეგისტრაცია გაიარა შპს ,,---მა”, რომელიც ჩაითვალა ,,---ს” სამართალმემკვიდრედ.

ზუგდიდის მერის 1997 წლის 2 დეკემბრის ¹-- განკარგულებით შპს ,,---ას” ნება დაერთო ---ს ქუჩაზე, ჩხოუშის ხიდთან, თავისუფალ ტერიტორიაზე არსებული რკინის პავილიონისათვის გაეკეთებინა რეკონსტრუქცია, ხოლო ზუგდიდის რაიონის გამგებლის 2000 წლის 10 აგვისტოს ¹-- განკარგულებით ინდივიდუალური წესით აშენებული სავაჭრო ობიექტი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში.

ზუგდიდის რაიონის გამგებლის 2005 წლის 25 მარტის ¹-- განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მერის 1997 წლის 2 დეკემბრის ¹-- განკარგულება, რომლითაც შპს ,,---ს” ნება დაერთო გაეკეთებინა რკინის პავილიონის რეკონსტრუქცია, ხოლო იმავე წლის 25 მარტის ¹-- განკარგულებით, ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის რაიონის გამგებლის 2000 წლის 10 აგვისტოს ¹-- განკარგულების პირველი პუნქტი.

უდავოა, რომ ზუგდიდის რაიონის გამგებლის 2005 წლის 25 მარტის ¹-- და ¹-- სადავო განკარგულებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა მიმართაც გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის განსაზღვრული მოთხოვნები.

დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული აქტების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში უზრუნველყოფილი არ ყოფილა შპს ,,---ს” წარმომადგენლის მონაწილეობა.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებზე მითითებას და განმარტავს: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, გამონაკლისს ადგენს კანონი.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მითითებული მუხლის დებულებებს და განმარტავს, რომ აღნიშნულ მუხლში დეკლარირებული ნორმები მიეკუთვნება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს იმ პირის ინტერესების მაქსიმალური დაცვა, რომლის უფლებებსაც შესაძლოა მითითებული აქტი შეეხოს. აღნიშნული პირები უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და თავისი გავლენა მოახდინონ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვას, არამედ არსებითად სწორი გადაწყვეტილების მიღებას. მითითებული ნორმიდან გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო აქტის გამოცემისას დარღვეულია ზემოაღნიშნული მუხლის დებულებები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს რა ზემოაღნიშნულ მუხლზე, იმავდროულად განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი წარმოადგენს ზოგად ნორმას და მასში წარმოდგენილი პრინციპის გამოყენება უზრუნველყოფილია იმავე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით, რომლის მე-2 ნაწილის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ადმინისტრაციული აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს რა გასაჩივრებული აქტების შინაარსს და ზემოაღნიშნული ნორმის იმპერატიულ ხასიათს, თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს ,,---ას” მიმართ არ მომხდარა კანონით დადგენილი გარანტიების უზრუნველყოფა.

საყურადღებოა, რომ დაინტერესებული მხარის უფლებათა დაცვის მიზნით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ შემოიფარგლება მხოლოდ მხარის უფლებით, გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, რაც გულისხმობს პირის უფლებას, წარადგინოს მტკიცებულებები, დააყენოს შუამდგომლობები და ა.შ. რასაც აწესრიგებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-99-ე მუხლები და, რაც ასევე იგნორირებულია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკუთრების უფლების ხელყოფის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, იყო თუ არა საკუთრების უფლება კანონით დადგენილი წესით წარმოშობილი და ჰქონდა თუ არა გამგეობას პავილიონის აღების კანონიერი უფლება. მითითებული გარემოებები გამოკვლეული არ ყოფილა თავად ზუგდიდის რაიონის გამგეობის მხრიდანაც, რა თვალსაზრისითაც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული განკარგულებები და ზუგდიდის რაიონის გამგეობას დაევალოს, საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის მთავარი არქიტექტორის 1994 წლის ¹-- ბრძანების ბოლო წინადადებას, რომლის შესაბამისადაც: ,,აღების აუცილებლობის შემთხვევაში, პავილიონის აღება მფლობელთან შეთანხმებულია”. საგულისხმოა, რომ მითითებული ბრძანება წარმოადგენს იმ უფლებადამდგენ დოკუმენტს, რომლითაც ახალგაზრდულ სამეცნიერო შემოქმედებით გაერთიანება ,,---ს” მიეცა უნივერსალური პავილიონის განთავსების უფლება.

საკასაციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან იმ საკითხის გამოკვლევას, შპს ,,---ს” (როგორც ,,---ს” სამართალმემკვიდრეს) ზემოაღნიშნული მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე პავილიონის დასადგმელად გამოყოფილი მიწა გადაცემული ჰქონდა ,,დროებით” თუ ,,მუდმივ” სარგებლობაში, რაც, არსებითად განაპირობებს მითითებული მიწის ნაკვეთის სამართლებრივ რეჟიმს და განსაზღვრავს გამგეობის უფლებას აღნიშნულ ნაკვეთზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზუგდიდის რაიონის გამგეობის სადავო განკარგულება შეიცავს მხოლოდ ზოგად მითითებას და დასაბუთებული და გამოკვლეული არ არის, რამდენად მიეკუთვნება სადავო ტერიტორია მდინარის წყალსაცავის ზოლს და დარღვეულია თუ არა ,,წყლის შესახებ” კანონის მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო ასევე არსებითად მიიჩნევს, რომ განისაზღვროს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს ,,---სათვის” მიყენებული ზიანის კომპენსაციის საკითხი, კერძოდ, ვრცელდება თუ არა მასზე ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის გამგეობის 1994 წლის 21 აპრილის ¹-- განკარგულება ზიანის ანაზღაურების ნაწილში და საერთოდ, ექვემდებარება თუ არა გამგეობის მხრიდან მიყენებული ზიანი ანაზღაურებას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზუგდიდის რაიონის გამგეობა ვალდებულია ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენა _ გამოკვლევის შედეგად, შპს ,,---ს” წარმომადგენლის მოწვევისა და მისი უფლებების რეალიზების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,---ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ზუგდიდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. შპს ,,---ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონის გამგეობის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 25 მარტის ¹-- და ¹-- განკარგულებები და დაევალოს ზუგდიდის რაიონის გამგეობას ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.