ბს-511-485(კ-06) 27 დეკემბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - ტ. ს.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
მესამე პირი – რ. ბ.-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აპრილის განჩინება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 27 ოქტომბერს ტ. ს.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართYსამუშაზე აღდგენის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2000 წლის ივნისიდან მუშაობდა აჭარის ა/რ შპს ,,...-ის» დირექტორად, საიდანაც გათავისუფლდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 28 სექტემბრის ¹პ-16 ბრძანებით.
მოსარჩელის განმარტებით, მის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო “მეწარმეთა შესახებ” კანონი, აჭარის ა/რ სტატუსის შესახებ კანონი, აჭარის ა/რ ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ», შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2005 წლის 19 სექტემბრის ¹01-19/1812 სარეკომენდაციო წერილი და საწარმოთა მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი, მაშინ, როცა ზემოაღნიშნული კანონებით არ რეგულირდება თანამშრომლის სამუშაოზე მიღება და გათავისუფლება. ამ დარგის ერთადერთი მომწესრიგებელი არის საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, რომლის შესახებაც ბრძანებაში საერთოდ არაა მითითებული. ასევე, მოპასუხე ორგანიზაციის მიერ არ არის გათვალისწინებული შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც, იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია პროფკავშირის თანხმობის გარეშე, ადმინისტრაციის ინიციატივით, შრომითი ხელშეკრულების მოშლა.
ამასთან, მოსარჩელის მითითებით, მთელი მუშაობის პერიოდში არც ერთხელ არ ყოფილა დასჯილი, არც შენიშვნა მიუღია და მისი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 28 სექტემბერის ბრძანების გაუქმებასა და სამუშაოზე აღდგენას.
მოპასუხე - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტ. ს.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ შპს ,,...-ი”, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განეკუთვნება კერძო სამართლის იურიდიულ პირს და მის საქმიანობაზე ვრცელდება ,,მეწარმეთა შესახებ” კანონი. აღნიშნული კანონის 9.81 მუხლის შესაბამისად კი შპს-ს დირექტორებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე არ ვრცელდება შრომის კანონთა კოდექსი. ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 46.9 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობას აკონტროლებენ პარტნიორები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედD შპს “...-ის» დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისას აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა შრომის კანონთა კოდექსი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ტ. ს.-ემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება შპს ,,...-ის” დირექტორი რ. ბ.-ე.
ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აპრილის განჩინებით ტ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, შპს «...-ის» დირექტორმა ტ. ს.-მ, აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობის მიღებამდე, 2005 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულებით განკარგა შპს-ს ქონება, კერძოდ, შპს «...-ის" დირექტორმა ქირით გადასცა 6.50 კვ. მეტრი ფართი. აღნიშნულით მან დაარღვია «სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ" დებულების მოთხოვნები, ანუ პარტნიორთან შუთანხმებლად და საკონკურსო საწყისების გარეშე მოახდინა საზოგადოების ქონების იჯარით გაცემა.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან შპს-ს დირექტორს მინდობილი ჰქონდა საზოგადოების მთელი ქონება, ამიტომ მასა და პარტნიორს შორის ურთიერთობა დაფუძნებული უნდა ყოფილიყო ნდობაზე, რადგანაც დამფუძნებელს აჭარის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილისა და საწარმოთა მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ეჭვი შეეპარა დირექტორის მიერ საზოგადოების საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ამიტომ დამფუძნებელს სრული უფლება ჰქონდა, «მეწარმეთა შესახებ" კანონის თანახმად, ტ. ს.-ე გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შპს-ს დირექტორის გათავისუფლებისას დამფუძნებელს უნდა გამოეყენებინა «მეწარეთა შესახებ" კანონი და არა შრომის კანონთა კოდექსი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შპს მიეკუთვნება კერძო სამართლის იურიდიულ პირს და მის საქმიანობაზე ვრცელდება «მეწარმეთა შესახებ" კანონი. აღნიშნული კანონის 9.81 მუხლის თანახმად, შპს-ს დირექტორებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე არ ვრცელდება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი. ამავე კანონის 46.9 მუხლის თანახმად, შპს-ს ხელმძღვანელობას აკონტროლობენ პარტნიორები. ამავე კანონის 47.3 მუხლის «პ" პუნქტის მიხედვით, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს ყველა საკითხზე, მათ შორის: დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან სამსახურებრივი ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე, მათი ანგარიშების დამტკიცება. ვინაიდან შპს «...-ი" შედგება მხოლოდ ერთი პარტნიორისაგან, ანუ მისი დამფუძნებლისგან, ამიტომ დამფუძნებელს სრული უფლება ჰქონდა, შეეწყვიტა მის მიერ დანიშნულ დირექტორთან შრომითი ურთიერთობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გამოიხატა დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებით.
Mმითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ს.-ემ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო განცხადებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ს.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით დადგენილი წესით, საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ამდენად, ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც გამომდინარეობს საჯარო, კონკრეტულად კი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
იმავე კოდექსის 26.1 მუხლის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსჯადობის წესის დარღვევით მიღებული და განხილული საქმე ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად და იწვევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია განსჯადობის წესების დარღვევით, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას არ გამოუკვლევია და არ შეუმოწმებია, განსახილველი დავა გამომდინარეობდა თუ არა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რის შედეგადაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დარღვეულია დავის გადაწყვეტის საპროცესო წესი, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საკმარის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2. მუხლის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
კასატორი _ ტ. ს.-ე 2000 წლის ივნისიდან 2005 წლის 28 სექტემბრამდე მუშაობდა შპს ,,...-ის” დირექტორად.
დადგენილია, რომ ცენტრი წარმოადგენს აჭარის ა/რ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოს, რომლის პარტნიორის უფლებამოსილება დელეგირებულია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზე.
ამდენად, უდავოა, რომ ,,...-ი” წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის მოწყობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი.
,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, პარტნიორთა კრების კომპეტენციას განეკუთვნება დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, მასთან შრომის ხელშეკრულების დადება და შეწყვეტა.
ამავე კანონის 9.81 მუხლის შესაბამისად, დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ურთიერთობებზე არ ვრცელდება შრომის კანონთა კოდექსი.
ამდენად, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ¹პ-16 ბრძანება, რომლითაც მოხდა ტ. ს.-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება, წარმოადგენს პარტნიორის გადაწყვეტილებას, საწარმოს ხელმძღვანელთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, სადაც სახელმწიფო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით მოქმედებს, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ურთიერთობაც კასატორთან რეგულირდება არა ადმინისტრაციული კანონმდებლობით, არამედ _ ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც, თავისი არსით მიეკუთვნება კერძო სამართლებრივ ურთირეთობათა მარეგულირებელ აქტს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ფიზიკურ პირთან მიმართებაში არ ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას, მით უფრო, რომ მხარეთა ურთიერთობა, როგორც აღინიშნა, არ ემყარება საჯარო კანონმდებლობას, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს წინამდებარე დავის ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტისათვის დადგენილი საპროცესო წესებით განხილვის შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის დაქვემდებარების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ. ს.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აპრილის განჩინება და საქმე განსახილველად დაექვემდებაროს იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.