¹ბს-528-500(კ-06) 27 დეკემბერი, 2006წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი – ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა; წარმომადგენელი – ი. კ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ.-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 12 ივლისს ნ. მ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიმართ საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად თანხის გადახდევინების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1975 წლიდან ცხოვრობს დაბა ..-ში, ჰყავს ღრმად მოხუცი დედა და ფსიქიკურად დაავადებული ძმა. არის დროებით უმუშევარი. 2001 წელს გარდაეცვალა ოჯახის მარჩენალი მამა. ოჯახს არ გააჩნია შემოსავალი. მისი საცხოვრებელი სახლი არის ძალიან ძველი, რის გამოც, უსაფრთხოების მიზნით, მიმართა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას დახმარებისათვის, მაგრამ გამგეობის მიერ გამოყოფილი 500 ლარი საკმარისი არ აღმოჩნდა სახლის გამაგრებისათვის.
მოსარჩელის განმარტებით, 2003 წელს გამოიყო გეოლოგიური კომისია სახლის დათვალიერება - შესწავლის მიზნით. კომისიის დასკვნის მიხედვით, შენობა ამორტიზებულია და არის მძიმე ავარიულ მდგომარეობაში, რის გამოც გამაგრებას არ ექვემდებარება. 2005 წლის 15 თებერვალს, თოვლის შედეგად სახლი დაზიანდა, ჩამოინგრა ჭერი, მოირყა კედლები და ოჯახის წევრები იმყოფებიან სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში. მითითებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისცეს თავშესაფარი 5 თვით, იმ მიზნით, რომ აუშენებდნენ ოროთახიან ფიცრულ სახლს, რაც გამგეობის მხრიდან არ შესრულებულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას დავალებოდა მისი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად სახსრების გამოყოფა. მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 5000 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაონული სასამართლოს 2005 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. მ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ხელვაჩაურის რაიონულ გამგეობას დაევალა ნ. მ.-ის სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ 2005 წლის 15 თებერვალს კომისიურად შეისწავლა ნ. მ.-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანების ფაქტი. კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ საცხოვრებელ სახლში დაზიანებების მასშტაბების გამო, ცხოვრება შეუძლებელი იყო, რის გამოც ნ. მ.-ს შესთავაზეს ოჯახი დროებით გადაეყვანა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში, მაგრამ აღნიშნულს მოსარჩელე ნ. მ.-ე არ დაეთანხმა იმ მოტივით, რომ საერთო საცხოვრებელთან ვერ მოაწყობდა პირუტყვის სადგომს, რომელიც ოჯახის გამოკვების ერთადერთი საშუალება იყო.
კომისიის აქტით, ასევე დასტურდებოდა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამონახვის შემდეგ, ნ. მ.-სათვის ააგებდნენ ოროთახიან, კაპიტალურ ფიცრულ სახლს, რაც არ შესრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2005 წლის შედეგებით, ბიუჯეტი შეივსო ჭარბი შემოსავლებით 114201 ლარის ოდენობით, რომელიც საკრებულოს 2005 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სხვადასხვა დანიშნულებით განაწილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის 2005 წლის 18 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათით დასტურდებოდა, რომ ნ. მ.-ისა და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელი პირობები უკიდურესად მძიმე იყო და საკითხის გადაუჭრელობის შემთხვევაში, მოსალოდნელი იყო მსხვერპლი. მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას აჭარის ა/რ Fფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ნებართვით დაუყოვნებლივ უნდა გამოეყო საჭირო რაოდენობის თანხა, კერძოდ, ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს 2005 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ,,ხელვაჩაურის რაიონის 2005 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, რომლითაც შედგენილია სარეზერვო ფონდი 114558 ლარით, უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების სოციალური ფონდი 64100 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკითხი არ გადაწყვეტილა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა შემოიფარგლა მხოლოდ წერილობითი და სიტყვიერი დაპირებებით.
სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი, რომლის შესაბამისადაც: ,,სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ მოითხოვს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემას».
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელი მოქმედების განხორციელების თაობაზე მავალდებულებელი სარჩელის განსაკუთრებული ფორმაა, რომლითაც შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ზომების განხორციელება, რაც არ არის დაფუძნებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას თავისი საჯარო უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გააჩნია ასეთი მოქმედების განხორციელების კომპეტენცია.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პრინციპებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ: «ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი".
როგორც აღინიშნა, რაიონის გამგეობაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არც ერთი ადმინისტრაციული წარმოების დროს (ადგილი ჰქონდა რამდენიმე ადმინისტრაციულ წარმოებას) არ გამოცემულა ისეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ მიუთითებდა თანხის რაოდენობას ან რაიმე მოქმედების შესრულებას. საქმეში არსებული კომისიური აქტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული ნორმის თანახმად, დაპირებას ახორციელებს ადმინისტრაციული ორგანო.
კასატორის მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს ადმინისტრაციული ორგანოს ცნებას: «ადმინისტრაციული ორგანო _ არის ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო, ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა,) აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს".
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მის მიერ შედგენილი აქტი და მასში არსებული ტექსტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად. აღნიშნული კომისიური აქტი წარმოადგენს ინფორმაციას არსებულ ფაქტობრივ რეალობაზე და დაზარალებულ მოქალაქეზე დახმარების აღმოჩენის შესახებ გამოთქმულ აზრს, რაც, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მტკიცებულებების შეფასებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ გადაწყვეტილების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმების გამოყენებას, არამართებულია, ვინაიდან, მითითებული ნორმის თანახმად: 1. ვალდებულების შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას; 2. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ არსებობს ვალდებულება, უნდა განხორციელდეს ვალდებულების შესრულება, ანუ აღნიშნულ შემთხვევაში სახეზეა კრედიტორი, რომელიც უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება და თუ არ არსებობს ვალდებულება, მაშინ, შესაბამისად, არც შესრულებას ექნება ადგილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის შესაბამისადაც: «ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან".
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ნ. მ.-სადმი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა არც ერთი ზემოთ აღნიშნული ნორმის დებულების შესაბამისად არ წარმოშობია, კერძოდ, რაიონის გამგეობასა და ნ. მ.-ს შორის არ არსებობდა რაიმე სახის კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. არ არსებობდა რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული დელიქტი (მოგეხსენებათ, რომ სახლი იყო ავარიულ მდგომარეობაში და თანდათან უფრო გამოვიდა მწყობრიდან), ადგილი არ ჰქონია უსაფუძვლო გამდიდრებას და სხვა კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს, რომლის ძალითაც სავალდებულო იქნებოდა რაიონის გამგეობის მხრიდან უზრუნველყოფილიყო აღნიშნული ვალდებულების შესრულება.
ამასთან, ნ. მ.-ს საცხოვრებელი სახლი გააჩნია კერძო საკუთრებაში. დადგენილია, რომ სახლი სიძველის გამო გახდა საცხოვრებლად უვარგისი. კერძო საკუთრების უფლება წარმოადგენს პირის უფლებას, თავისუფლად (დამოუკიდებლად) ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს ამა თუ იმ ქონებრივ სიკეთეს ისე, რომ ზიანი არ მიადგეთ სხვა პირებს. სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები არ არიან უფლებამოსილი ჩაერთონ პირის კერძო საკუთრების ფორმირების, მისით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებში, თუ ის არ ხელყოფს მოქმედ სამართლებრივ ნორმებს ან სხვაგვარად არ ახორციელებს გარკვეულ უფლებათა, ან ვალდებულებათა დარღვევას.
კასატორის განმარტებით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების როლი კერძო საკუთრების დაზიანების, მწყობრიდან გამოსვლისა თუ განადგურების შემთხვევაში მდგომარეობს იმაში, რომ შესაბამისი წესით დამტკიცებული (დადგენილი) სოციალური დახმარების პროგრამებისა და არსებული შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება გაუწიონ დაზარალებულ მოქალაქეებს.
ყოველივე ზემოთქმულიდან ძალზედ საყურადღებოა ის, რომ, როდესაც ნ. მ.-ს შესთავაზეს დროებითი საცხოვრებელი, მან უარი განაცხადა აღნიშნულზე და მოითხოვა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ან თანხის გამოყოფა მისი მშენებლობის უზრუნველსაყოფად და ყოველივე ეს ხორციელდება იმ ვითარებაში, როდესაც რაიონში ელემენტარული პირობებითაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობა რამდენიმე ასეულ ოჯახს წარმოადგენს.
2005 წლის მანძილზე და მიმდინარე პერიოდისათვისაც რაიონის ადგილობრივ მმართველობას მოქმედი პროგრამებისა და მატერიალური შესაძლებლობების ფარგლებში არ გააჩნდა ისეთი სოციალური დახმარების პროგრამა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ რაოდენობის თანხის გამოყოფა, რომელიც უზრუნველყოფდა მოქალაქეთა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების მშენებლობას.
კასატორის განმარტებით, რაიონში იმ დროისათვის მოქმედებდა სოციალური დახმარების პროგრამები:
1. ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა;
2. გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა;
3. ნაკლებად უზრუნველყოფილი და უმწეო ოჯახების წევრთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა;
4. რაიონში მცხოვრები ოჯახებისათვის მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა.
სხვა სახის სოციალური დახმარების პროგრამა რაიონის გამგეობას არ გააჩნდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის განმარტება, რომ სარჩელი მოქმედების განხორციელების თაობაზე მავალდებულებელი სარჩელის განსაკუთრებული ფორმაა, რომლითაც შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ზომების განხორციელება, რაც არ არის დაფუძნებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე, არამართებულია, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, რაიონის გამგეობის სოციალური დახმარების ადგილობრივი სამსახური ფლობდა სოციალური დახმარების მოქმედ ოთხ პროგრამას. აღნიშნული პროგრამით არ იყო გათვალისწინებული ნ. მ.-ის მოთხოვნის, ანუ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი, ავარიული თუ დანგრეული სახლების კაპიტალური მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების ჩატარების დაფინანსება. აქედან გამომდინარე, ვერ განხორციელდებოდა აღნიშნული მოქმედებები.
თუ საქმის არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, გარდაუვალი იყო გარკვეულ მოქმედებათა შესრულება, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ეწარმოებინა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და მიეღო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდებოდა გარკვეული სახის მოქმედებები, რაც ცხადყოფდა, რომ გამგეობას ნ. მ.-ის საქმესთან მიმართებაში, ვინაიდან განმცხადებელს არ ჰქონდა მოთხოვნის დამაკმაყოფილებელი მოქმედი სოციალური დახმარების პროგრამა, უნდა განხორციელებულიყო ადმინისტრაციული წარმოება და, შესაბამისად, მიღებულიყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა" და «ბ" ქვეპუნქტების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ნ. მ.-ე ცხოვრობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...-ში, ჰყავს დედა და ფსიქიკურად დაავადებული 45 წლის ძმა, ოჯახის ყველა წევრი უმუშევარია. ოჯახის შემოსავალი 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაშენებული ციტრუსისაგან მიღებული შემოსავალი და ერთი სული პირუტყვისაგან წარმოებული რძის პროდუქციაა.
დადგენილია, რომ ნ. მ.-ის სახლი ავარიულია. სახლი აგებულია ხისა და ფანერისაგან, რომლებიც სიდამპლის გამო იშლება, კედლები გადაწეულია, ჩამოშლილია ჭერი და ჩაწეულია სახურავი, სახლი საცხოვრებლად უვარგისია.
ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ 2005 წლის 15 თებერვალს კომისიურად შეისწავლა 2005 წლის 9 თებერვალს მოსული თოვლის გამო ნ. მ.-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანების ფაქტი და მიიჩნია, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანების მასშტაბების გამო იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო, რის გამოც ნ. მ.-ს შესთავაზეს დროებით ოჯახი გადაეყვანა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში, მაგრამ აღნიშნულ წინადადებას ნ. მ.-ე არ დაეთანხმა იმ მოტივით, რომ საერთო საცხოვრებელთან ვერ მოაწყობდა პირუტყვის სადგომს, რომელიც მისი ოჯახის გამოკვების ერთადერთ საშულებას წარმოადგენდა.
კომისიის აქტი ასევე შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში თანხის გამონახვის შემთხვევაში მოქალაქე ნ. მ.-სათვის აეგოთ ფიცრული სახლი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის _ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გამგეობის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დაპირებას, ხოლო, რაც შეეხება კომისიის დასკვნას, კომისია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რის გამოც სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო მითითებული აქტი მიეჩნია გამგეობის დაპირებად.
საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქმეში, ს.ფ. 52-ზე, განთავსებულ წერილობით მტკიცებულებას, რომელშიც ხელვაჩაურის რაიონის გამგებელი მიუთითებს, რომ გამგეობის მიერ განიხილება ნ. მ.-სათვის ფიცრული სახლის აშენების საკითხი და დაფინანსდება რაიონის ჭარბი შემოსავლიდან. საკითხი გადაწყდება მიმდინარე სამეურნეო წლის ბოლომდე.
დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას 2005 წლის შედეგებით ბიუჯეტში შეექმნა ჭარბი შემოსავლები 114201 ლარის ოდენობით, რომელიც საკრებულოს 2005 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა დანიშნულებით გადანაწილდა.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს, რომ გამგეობის მხრიდან არსებობდა ოროთახიანი ფიცრული სახლის აშენების დაპირება, რაც გამგეობას არ შეუსრულებია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი.
,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნებოდა უმწეოთა დახმარება და მოსახლეობის სოციალური დაცვა.
,,მმართველობის ადგილობრივი ორგანოების დროებითი დებულების” მე-14 მუხლის შესაბამისად, გამგეობის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა მოქალაქეთათვის ერთდროული დახმარების გაცემა.
ზემოაღნიშნული ნორმები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის დაპირება არ ეწინააღმდეგებოდა კანონს, მითითებული დაპირება არ სცილდებოდა გამგეობის კომპეტენციის ფარგლებს და არ არსებობს მისი კანონსაწინააღმდეგო დაპირებად მიჩნევის საფუძველი, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წარმოშობილი ჭარბი შემოსავლები, გამგეობას აძლევდა დაპირების შესრულების ფინანსურ შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. მ.-ის მოთხოვნა ხელვაჩაურის გამგეობისადმი კანონიერია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას თანხის ოდენობაზე, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის მოსაზრებას და თვლის, რომ გამგეობის დაპირება შემოიფარგლებოდა მხოლოდ 2500 აშშ დოლარით (ს.ფ. 6), რის გამოც არ არსებობს გამგეობისათვის დამატებითი თანხის დაკისრებისა და, შესაბამისად, ნ. მ.-ის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას ნ. მ.-ის სასარგებლოდ გადახდეს 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება