¹ბს-641-608(კ-06) 17 იანვარი, 2007 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. ჩ-ის განცხადება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შემოწმების შესახებ.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფებოდა ადმინისტრაციული საქმე (ბს-641-608(კ-06) დ. ჩ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მაისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში დ. ჩ-ისა და მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
2007 წლის 5 იანვარს დ. ჩ-ემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა გადაწყვეტა და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლით:
განმცხადებლის მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინება შეიცავს უზუსტობას, კერძოდ, განჩინების აღწერილობით ნაწილში აღნიშნულია, რომ დ. ჩ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა მოსაზრებები დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით, ხოლო განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ დ. ჩ-ის მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, არ იქნა უზრუნველყოფილი მოსაზრებების წარმოდგენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
განმცხადებლის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლოს მსჯელობა მოსაზრებების საპროცესო ვადაში წარმოუდგენლობის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ დ. ჩ-ის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2006 წლის 30 ოქტომბერს, ხოლო დ. ჩ-ეს _ 2006 წლის 31 ოქტომბერს. აღნიშნულის შესაბამისად, მოსაზრებები საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2006 წლის 13 ნოემბერს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის ამოწურვამდე.
ამდენად, განმცხადებლის მოსაზრებით, საკასაციო სასამართლოს განჩინებაში დაშვებულმა ზემოთ მითითებულმა უზუსტობამ განაპირობა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. ჩ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის არგუმენტი საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებაში უსწორობის არსებობის შესახებ უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული, რადგან საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინების სამოტივაციო ნაწილში ასახული განმარტება იმის თაობაზე, რომ დ. ჩ-ის მიერ არ იქნა საპროცესო ვადაში რეალიზებული საპროცესო უფლება, გულისხმობს არა მოსაზრებების საერთოდ წარმოუდგენლობას, არამედ იმას, რომ წარმოდგენილი მოსაზრებებით არ იქნა რეალიზებული საპროცესო უფლება, კერძოდ, წარმოდგენილ მოსაზრებებში არ იქნა მითითებული იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული, ანუ დ. ჩ-ის მიერ არც საკასაციო საჩივარში და არც დასაშვებობასთან დაკავშირებით წარმოდგენილ მოსაზრებაში არ იქნა დასაბუთებული ისეთი საფუძვლების არსებობა, რაც საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველია თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლისა, რაც გახდა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის ერთ-ერთი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებით დ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის მოტივი არ გამხდარა დ. ჩ-ის მიერ მოსაზრებების წარმოუდგენლობა. საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის ასკ-ის 34.3 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რამაც განაპირობა დ. ჩლაიძის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და არა იმ გარემოებამ, რომ დ. ჩ-ის მიერ არ იქნა საერთოდ წარმოდგენილი მოსაზრებები. საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინების აღწერილობით ნაწილშიც მიეთითა იმის თაობაზე, რომ დ. ჩ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, მაგრამ წარმოდგენილ მოსაზრებებში მოყვანილი არგუმენტები ვერ ასაბუთებდა ასკ-ის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების არსებობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ჩ-ის განცხადება საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 18 დეკემბრის განჩინებაში უზუსტობის არსებობის შესახებ უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაიცო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ჩ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.