ბს-451-432(კს-06) 12 დეკემბერი, 2006 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ ლ. ჭანტურია
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი, წარმომადგენელი ა. დ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ სს «ტ...ი», წარმომადგენელი ნ. გ-ი
მოპასუხე _ ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია, წარმომადგენელი რ. კ-ე
მესამე პირები: შპს «თ...ი», ი/მ «ვ. კ-ი», შპს «ჰ...ი», შპს «დ...ი», შპს «ფ...ი», შპს «ზესტაფონის ... სამმართველო»
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 18 ოქტომბერს სს «ტ...მა» სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საგადასახადო დეპარტამენტის მიერ გაუქმებული დღგ-ს ჩათვლების აღდგენა შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელის მითითებით, 2001 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით სს «ტ...მა» შეიძინა საქონელი სხვადასხვა ორგანიზაციიდან, რაზეც გამყიდველის მიერ გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურები. მოსარჩელემ საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოში წარადგინა ანგარიშ-ფაქტურების მესამე ეგზემპლარი ჩათვლების მისაღებად, მაგრამ საგადასახადო ინსპექციამ გააუქმა დღგ-ს ჩათვლები იმ მოტივით, რომ ანგარიშ-ფაქტურების მე-4 ეგზემპლარი არ იყო წარდგენილი საგადასახადო ინსპექციაში დასაბეგრ ოპერაციაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, ხოლო ¹0016511 და ¹208908 ანგარიშ-ფაქტურებზე ჩათვლების გაუქმება მოტივირებული იყო იმ გარემოებით, რომ მისი გამომწერი პირები _ შპს «ჰ...ი» და ი/მ «ვ. კ-ი» საქმიანობას აწარმოებდნენ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით და დღგ-ს ხაზით ერიცხებოდათ ბიუჯეტის მიმართ დავალიანება. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულით დაირღვა მისი კანონიერი უფლებები და მას მიადგა მატერიალური ზიანი. მოსარჩელის აზრით, საგადასახადო ინსპექციამ არასწორად გამოიყენა და განმარტა საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლი, რადგან ანგარიშ-ფაქტურებზე დღგ-ს გადახდა გადამხდელს უნდა მოეხდინა ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, ხოლო სს «ტ...ისათვის» საკმარისი იყო ანგარიშ-ფაქტურის მე-3 ეგზემპლარის წარდგენა საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ჩათვლის მისაღებად (ს.ფ. 5-6).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ იქნა ჩართული ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია, ხოლო მესამე პირებად – შპს «თ...ი», ი/მ «ვ. კ-ი», შპს «ჰ...ი», შპს «დ...ი» და შპს «ფ...ი» (ს.ფ. 39-42)
სს «ტ...ის» სარჩელი არ ცნო მოპასუხე საგადასახადო დეპარტამენტმა და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 43-44).
2003 წლის 23 აპრილს მოსარჩელე სს «ტ...მა» განცხადებით მიმართა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა დღგ-ს ჩათვლის დავალდებულება ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისათვის და განსახილველად განსჯადობით საქმის გადაგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის (ს.ფ. 147).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 24 აპრილის განჩინებით საქმე განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ს.ფ. 148).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სს «ტ...ის» სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის დღგ-ს ჩათვლების განხორციელება (ს.ფ. 187-189).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა (ს.ფ. 191-193).
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 მარტის განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩართული ზესტაფონის ... სამმართველო (ს.ფ. 197-198).
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო პალატის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მოთხოვნათა დაცვით მხარეებს განემარტათ გასაჩივრების წესი და ვადა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას ჩაჰბარდა 2003 წლის 23 ივლისს, ამ უკანასკნელს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. 2003 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საგადასახადო დეპარტამენტმა 2005 წლის 2 მარტს, გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი წლისა და შვიდი თვის შემდეგ, ამასთან, საგადასახადო დეპარტამენტი საქმეში არ იყო ჩართული მხარედ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის შესაბამისად კი გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს და მესამე პირებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაუშვებლად მიიჩნია საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი (ს.ფ. 249-251).
ქუთაისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 აპრილის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სს «ტ...ს» სარჩელი აღძრული ჰქონდა საგადასახადო დეპარტამენტისა და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში, ამ უკანასკნელის მიერ კი საქმე განსახილველად გადაიგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნული განჩინება საგადასახადო დეპარტამენტს არ ჩაჰბარებია, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, დღგ-ს ჩათვლები გააუქმა საგადასახადო დეპარტამენტმა, რის გამოც იგი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულო წესით უნდა ყოფილიყო მიწვეული საქმის განხილვაში. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან 2005 წლის 2 მარტს შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა არ შეამოწმა კანონით დადგენილ 10-დღიან ვადაში და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა 2005 წლის 4 აპრილს (ს.ფ. 270-271).
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 26 აპრილის განჩინებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად და დაუშვებლად მიიჩნია ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი, რადგან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხე _ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის დარღვევის შესახებ და განმარტა, რომ სასამართლოს უფლება აქვს დასაშვებობის საკითხი გადაწყვიტოს სასამართლოს სხდომაზე ზეპირი მოსმენის დროს (ს.ფ. 272-273).
საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, რაც საკასაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე და სსსკ-ის 374-ე მუხლის, ასევე დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით განმარტა, რომ საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 4 აპრილის განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილება ჰქონდა მხოლოდ საგადასხადო დეპარტამენტს, კონკრეტულ შემთხვევაში კი, 2005 წლის 4 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენს საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს და ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის შემადგენელ ნაწილს, ურთიერთდაქვემდებარების პრინციპიდან გამომდინარე, ვერ იდავებს ზემდგომი ორგანოს ნაცვლად ასეთი უფლებამოსილების დელეგირების გარეშე (ს.ფ. 302-307).
2006 წლის 7 აპრილს საგადასახადო დეპარტამენტმა კერძო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 აპრილის განჩინების გაუქმება, საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სს «ტ...ის» მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორმა უკანონოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 4 აპრილის განჩინება, რომელიც ამ უკანასკნელს ჩაჰბარდა 2006 წლის 22 მარტს.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სს «ტ...ს» სარჩელი აღძრული ჰქონდა საგადასახადო დეპარტამენტისა და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ საქმე გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მაგრამ აღნიშნული განჩინება საგადასახადო დეპარტამენტს არ ჩაჰბარებია, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები. ქუთაისის საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო საქმის არსებით განხილვაში თანამოპასუხედ ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1, 16.2 მუხლის შესაბამისად, ჩაერთო საგადასახადო დეპარტამენტი, რადგან მოსარჩელე ითხოვდა საგადასახადო დეპარტამენტის მიერ გამოცემული 2002 წლის 30 სექტემბრის აქტის გაუქმებას. შესაბამისად, დეპარტამენტი წარმოადგენდა დაინტერესებულ მხარეს და მისი მხარედ ჩაბმა სავალდებულო იყო.
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 4 აპრილის განჩინება, რომლითაც საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ამ უკანასკნელს არ ჩაბარებია, აღნიშნული განჩინება გაეგზავნა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას, რომელმაც სრულიად კანონიერად შეიტანა კერძო საჩივარი, მაგრამ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის განჩინებით საგადასახადო დეპარტამენტის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია კერძო საჩივარი და აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება საგადასახადო დეპარტამენტმა გაასაჩივრა ერთი წლისა და შვიდი თვის შემდეგ, რითაც დარღვეულ იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.2 მუხლის მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების და კერძო საჩივრის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოწინააღმდეგე მხარის სს «ტ...ის» წარმომადგენლის მოსაზრება საგადასახადო დეპარტამენტის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ იმ მოტივით, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ დარღვეულია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული კერძო საჩივრის შეტანის ვადა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 416.1 მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში, რომლის გაგრძელებაც დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ საგადასახადო დეპარტამენტის მიერ დარღვეულ იქნა კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადა, რადგან არც საქმის მასალებით და არც მოცემულ საკითხთან დაკავშირებით შეკრებილი მტკიცებულებებით არ დგინდება საგადასახადო დეპარტამენტის მიერ /ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე/ 2006 წლის 28 მარტამდე განჩინების ჩაბარების ფაქტი. აღნიშნული ასევე დადასტურებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის ¹7643-2 მომართვით. კერძოდ, მითითებული მომართვის თანახმად, საგადასახადო დეპარტამენტს სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 4 აპრილის განჩინება 2005 წელს არ გაგზავნია და დეპარტამენტის 2006 წლის 1 მარტის მოთხოვნის შესაბამისად, გაეგზავნა მხოლოდ 2006 წლის 15 მარტს. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო დეპარტამენტის კერძო საჩივარი ვერ იქნება მიჩნეული ვადის დარღვევით შემოტანილად, რადგან სსსკ-ის 416.1 მუხლი კერძო საჩივრის შეტანის ვადის დინების დაწყებას უკავშირებს მხარისათვის ან დაინტერესებული პირისათვის გასაჩივრებული განჩინების გადაცემას, საგადასახადო დეპარტამენტისათვის 2005 წლის 4 აპრილის განჩინების 2006 წლის 28 მარტამდე გადაცემის ფაქტი ვერ იქნა დადასტურებული. შესაბამისად, საგადასახადო დეპარტამენტს არ დაურღვევია სსსკ-ის 416.1 მუხლით დადგენილი 12-დღიანი ვადა, რადგან კერძო საჩივარი შეტანილ იქნა 2006 წლის 7 აპრილს.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დინება უნდა დაიწყოს 2005 წლის 4 აპრილიდან თანახმად სსსკ-ის 416.2 მუხლისა, რადგან სასამართლო სხდომაზე განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენელი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული არგუმენტი ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი გადასცეს მხარეებს. კონკრეტულ შემთხვევაში კი, 2005 წლის 4 აპრილის განჩინება საგადასახადო დეპარტამენტს არ გაგზავნია და მხოლოდ ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად გაეგზავნა 2006 წლის 15 მარტს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საგადასახადო დეპარტამენტის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საგადასახადო დეპარტამენტის კერძო საჩივრის მოტივები ვერ იქნება გაზიარებული და საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არსებითად სწორად იქნა დატოვებული განუხილველად.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საგადასახადო დეპარტამენტი არ იყო უფლებამოსილი გაესაჩივრებინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება, რადგან სს «ტ...ის» სარჩელის მიმართ მოპასუხეს წარმოადგენდა მხოლოდ ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია და დეპარტამენტი მხარის სტატუსით აღარ მონაწილეობდა საქმეში.
ვინაიდან «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ» საქრათველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის ¹39 დადგენილების შესაბამისად, საგადასახადო დეპარტამენტი წარმოადგენს რა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის ზემდგომ სტრუქტურულ ერთეულს და ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის შემადგენელ ნაწილს, უფლებამოსილი იყო როგორც ზემდგომ ორგანოს, გაესაჩივრებინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საგადასახადო დეპარტამენტის მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო სსსკ-ის 369.1 მუხლის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევით, რის გამოც არსებობდა მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი, რადგან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი საგადასახადო დეპარტამენტმა საფოსტო განყოფილებაში შეიტანა 2005 წლის 28 თებერვალს. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეაფასა ის გარემოება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2003 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეებს არ განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. აღნიშნული გარემოება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.2 მუხლის შესაბამისად, მხარეებს ანიჭებს უფლებას სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ ერთი წლის განმავლობაში. მითითებულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოების არასწორი შეფასება არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს თანახმად სსსკ-ის 393.3 მუხლისა. სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული გარემოების სწორად შეფასების პირობებშიც არ იარსებებდა საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის პროცესუალური წინაპირობა, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.2 მუხლით განსაზღვრული ერთწლიანი ვადა აითვლება სასამართლოს აქტის გამოცემის მომენტიდან. მოპასუხეს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას, რომელიც დეპარტამენტის ქვემდგომ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2003 წლის 23 ივლისს, რაც მას სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, ხოლო საგადასახადო დეპარტამენტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი წლისა და 8 თვის შემდეგ, 2005 წლის 28 თებერვალს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.2 მუხლით განსაზღვრული ვადის დარღვევით. საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა მისი ქვემდგომი სტრუქტურული ერთეულის – ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 2003 წლის 23 ივლისიდან ერთი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2004 წლის 23 ივლისამდე.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დეპარტამენტს 1-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ შეეძლო თავისი საპროცესო უფლების რეალიზაცია მოეხდინა სსსკ-ის 422-ე მუხლის საფუძველზე, საქმის წარმოების განახლების თაობაზე ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუ მიიჩნევდა, რომ იგი მოწვეული უნდა ყოფილიყო საქმის განხილვაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საგადასახადო დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა საპელაციო პალატის 2005 წლს 4 აპრილის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვენელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 აპრილის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.