Facebook Twitter

ბს-629-596(კს-06) 8 დეკემბერი, 2006წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს «ფ-ი»

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 30 მარტს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს «ფ-მა» მოპასუხე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საოლქო საგადასახადო სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ 2002 წლის 17 აგვისტოს შედგენილი აქტის ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2002 წლის 17 აგვისტოს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორებმა შეადგინეს შემოწმების აქტი, სადაც მიუთითა, რომ შპს ფირმა «ფ-ს», რომელიც მდებარეობს .......... ქ. ¹12-ში და რომელიც წარმოადგენს პურის საცხობს ......... ქ. ¹2-ში, 2002 წლის აგვისტოში დარღვეული აქვს კანონი ფართის გადასახადების შესახებ. ხსენებული აქტის შესაბამისად შპს ფირმა «ფ-ი» დაჯარიმდა 5220 ლარით, საურავით _ 3869,59 ლარით.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საგადასახადო ინსპექციის სადავო აქტი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საწარმო შემოწმების პერიოდში არ მუშაობდა და იყო გაუქმებული, რაზედაც ჰქონდათ 2002 წლის 10 აგვისტოთი დათარიღებული განცხადება საგადასახადო ინსპექციის უფროსის სახელზე; შემოწმების აქტი ისე ჩატარდა, რომ მათ არ მიუღიათ არანაირი შეტყობინება და შესაბამისად არც ხელმოწერები გაუკეთებიათ მასზე; აღნიშნული აქტის შესახებ შეიტყვეს 2003 წლის მაისში, რის შესახებაც განცხადებით მიმართეს საგადასახადო სამსახურის უფროსს, თუმცა დღემდე არანაირი პასუხი არ მიუღიათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის «ბ», «გ» და «დ» ქვეპუნქტების საფუძველზე მოითხოვა თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002 წლის 17 აგვისტოს შემოწმების აქტის ბათილად ცნობა (ს.ფ. 4).

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «ფ-ის» სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი 2002 წლის აგვისტო-დეკემბრის თვეში პურის ფიქსირებული გადასახადის სახით 9089,58 ლარის დარიცხვის თაობაზე (ს.ფ. 45).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 49-50).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი რედაქციის მიხედვით, შეადგენდა ერთ თვეს მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის დღიდან. საქმეში არსებულ გზავნილს ხელს აწერდა გლდანი-ნაძალადევის საგადასახადო ინსპექციის პასუხისმგებელი მუშაკი, რაც იძლეოდა იმის დასკვნის საფუძველს, რომ აპელანტს გადაწყვეტილება ჩაბარდა არა 2005 წლის 30 ნოემბერს, როგორც ამას აპელანტი უთითებდა, არამედ 2004 წლის 30 ივნისს (ს.ფ. 54-55).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციამ და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება:

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მართალია, საქმეში არსებული გზავნილის თანახმად რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საქმისმწარმოებელ ს. ტატიშვილს ჩაბარდა 2004 წლის 7 ივლისს, მაგრამ გადაწყვეტილება არ ჩაბარებია საგადასახადო ინსპექციის მინდობილობით უფლებამოსილ წარმომადგენელს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად (გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი რედაქციით), სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, ხოლო გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაგზავნის დრო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 80-78-ე მუხლების შესაბამისად კი მხარის _ თბილისის გლდანი-ნაძალადევის საგადასახადო ინსპექციის მინდობილობით უფლებამოსილ წარმომადგენელს გადაწყვეტილება არ გაგზავნია (ს.ფ. 58-59).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციას ჩაბარდა 2004 წლის 1 ივლისს (ს.ფ. 47). ასევე დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციას სააპელაციო სასამართლოში შეტანილი აქვს 2005 წლის 12 დეკემბერს (ს.ფ. 49).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოქმედი რედაქცია), სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლა დაიწყო 2004 წლის 2 ივლისიდან და ამოიწურა 2004 წლის 2 აგვისტოს, შესაბამისად, ამავე დღეს _ 2 აგვისტოს ამოიწურა კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო უფლების რეალიზების შესაძლებლობა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილი არ უშვებს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელების ან აღდგენის შესაძლებლობას.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელს _ საქმისმწარმოებელს 2004 წლის 1 ივლისს. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ გადაწყვეტილების გზავნილი ჩაიბარა მისი ორგანიზაციის არაუფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს. კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს, რომ საგადასახადო ინსპექციის საქმისმწარმოებელი, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გზავნილი აქვს ჩაბარებული, არ განეკუთვნება მითითებული მუხლებით გათვალისწინებულ კორესპონდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციას გაშვებული აქვს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 29 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.