¹ბს-858-822(კ-06) 18 დეკემბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, როზა ნადირიანი
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.06წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
10.05.01წ. გ. ბ-მ მოპასუხე თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მესამე პირების თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოსა და თბილისის მერიის საქალაქო მეურნეობის საქალაქო სამსახურის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და საკონკურსო კომისიის 03.04.01წ. დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
გ. ბ-ის სარჩელზე ე. მ-მ და დ. ყ-მა შეიტანეს შეგებებული სარჩელი და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 20.04.01წ. განჩინების გაუქმება, ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოსა და გ. ბ-ს შორის 04.03.2000წ. დადებული არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო ფართიდან გ. ბ-ის გამოსახლება და ფართის დალუქვა, ცილისწამების წერილობითი უარყოფისა და წერილობითი ბოდიშის მოხდის სახით მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 20.08.01წ. გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დ. ყ-ის და ე. მ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოსა და გ. ბ-ს შორის 04.03.2000წ. გაფორმებული ხელშეკრულება, გ. ბ-ე გამოსახლებული იქნა ქ. თბილისში, ... ქუჩაზე, ფილარმონიის წინ მდებარე მიწისქვეშა გასასვლელში მის მიერ დაკავებული 35 კვ.მ. ფართობიდან, მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დ. ყ-ის და ე. მ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 01.08.02წ. განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 20.08.01წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 19.03.03წ. განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 01.08.02წ. განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. განჩინებაში აღინიშნა, რომ სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყვეტილიყო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.03.04წ. გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 20.08.01წ. გადაწყვეტილება გ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო პალატის მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად, გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ქონების მართვის სამმართველოს უფროსის 01.03.01წ. ¹1-4/98 და საკონკურსო კომისიის 03.04.01წ. სხდომის ¹14 ოქმი მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, გ. ბ-ს, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, ე. მ-ს და დ. ყ-ს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50-50 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ყ-მა, ე. მ-მ და გ. ბ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.10.04წ. განჩინებით საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.03.04წ. გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
18.01.05წ. გ. ბ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებებით და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.03.04წ. გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორება და ამავე გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.
უსწორობის გასწორების შესახებ განცხადებაში გ. ბ-მ აღნიშნა, რომ იგი, როგორც მე-2 ჯგუფის ინვალიდი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.03.04წ. გადაწყვეტილებით დაეკისრა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განმცხადებლის განმარტებით, მისთვის ცნობლი არ იყო, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე იგი, როგორც ინვალიდი, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებოდა, საქმის მასალებში დაცული იყო მისი ინვალიდობის დამადასტურებელი ცნობა. განმცხადებელმა მოითხოვა სსკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე, მექანიკური შეცდომის სახით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან მე-5 პუნქტის იმ ნაწილის ამორიცხვა, რომლითაც მას სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა დაეკისრა.
გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადებით გ. ბ-მ მოითხოვა განმარტება იმის თაობაზე, 10.03.04წ. გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს 20.08.01წ. გადაწყვეტილება თუ აძლევს უფლებას მე-3 პირებს ე. მ-ს და დ. ყ-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ფილარმონიის წინ, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული 35 კვ.მ-ის ფართობის, საიდანაც უნდა მოხდეს მისი გამოსახლება, სასამართლო აღმსრულებლისაგან გასაღების ჩაბარების უფლებას. ასეთი უფლების არსებობის შემთხვევაში განმცხადებელმა მოითხოვა, აგრეთვე, იმის განმარტება, ე. მ-ეს რატომ ენიჭებოდა მასთან შედარებით უპირატესი უფლება სახელმწიფო ქონებაზე.
განმცხადებელმა მოითხოვა განმარტება იმის თაობაზე, სააპელაციო პალატის 10.03.04წ. ან კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თუ ითვალისწინებდა სადავო ფართიდან მასთან ერთად იქ მომუშავე პირების: თ. ბ-ს და ა. ბ-ის გამოსახლებას. დადებითი პასუხის შემთხვევაში გ. ბ-მ მოითხოვა განმარტება იმის თაობაზე, რატომ არ ჩართო სასამართლომ ისინი საქმეში მე-3 პირებად სსკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.06წ. განჩინებით გ. ბ-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.03.04წ. გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების თაობაზე და ამავე გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადება გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.06წ. განჩინებით გ. ბ-ის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.03.04წ. გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილების განმარტებაზე გ. ბ-ს უარი ეთქვა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტიდან იმ ნაწილის ამოღების შესახებ, რომლითაც გ. ბ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა, არ წარმოადგენდა სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ უსწორობათა გასწორების მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში დაცული არ ყოფილა ასევე გ. ბ-ის ინვალიდობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის 10.03.04წ. გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც ითხოვს გ. ბ-ე, არ შეიცავდა ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს და განმარტებას არ საჭიროებდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, მოცემულ შემთხვევაში ასეთი საჭიროება არ არსებობს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.09.06წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-მ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სასამართლოში თავადვე წარადგინა ინვალიდობის დამადასტურებელი ცნობა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, გადაწყვეტილებაში დაშვებულია შეცდომა, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის თანახმად, არ შეიძლებოდა მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო პალატის 10.03.04წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომელმაც მთლიანად შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი და ეს გადაწყვეტილება სასამართლო აღმასრულებლებისათვის გახდა ბუნდოვანი, რის გამოც იგი საჭიროებდა განმარტებას. კერძოდ, გ. ბ-ე სასამართლოსაგან ითხოვს განემარტოს სააპელაციო პალატის 10.03.04წ. გადაწყვეტილება გულისხმობს მის მიერ გამოთავისუფლებული ფართის მ-ე-ყ-ისათვის ჩაბარებას, თუ ფართი, როგორც სახელმწიფო საკუთრება, უნდა ჩაჰბარდეს სახელმწიფო ქონების მართვის სამსახურს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების და გ. ბ-ის კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო პალატის 10.03.04წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტიდან იმ ნაწილის ამორიცხვას ითხოვს, რომლითაც გ. ბ-ს 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა.
სსკ-ის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას სასამართლოს ხარჯების განაწილების თაობაზე. სააპელაციო პალატის 10.03.04წ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს სასამართლოს მოსაზრებას გ. ბ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილია სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გ. ბ-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით. ამდენად, გ. ბ-ისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრება წარმოადგენს სასამართლოს დადგენილებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, იგი შეესაბამება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულ მოსაზრებას გ. ბ-სათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრებასთან დაკავშირებით და არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში დაშვებულ ტექნიკის უსწორობის ან აშკარა არითმეტიკულ შეცდომას. დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონმდებლობის არასწორი გამოყენება შეიძლება გამოსწორდეს პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტილებაზე სააპელაციო და საკასაციო საჩივრის შეტანით და არა სსკ-ის 260-ე მუხლის საფუძველზე, განცხადების შეტანით, ხსენებული ნორმა არ ითვალისწინებს გადაწყვეტილებაში არსებითი მნიშვნელობის შესწორების შეტანის, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან სახელმწიფო ბაჟის დაკისრების შესახებ პუნქტის ამორიცხვის შესაძლებლობას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ბ-ის მიერ საკასაციო წესით ნაწილობრივ გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო პალატის 10.03.04წ. გადაწყვეტილება, თუმცა, კასატორს მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი სადავოდ არ გაუხდია. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით მას არ წარუდგენია ინვალიდობის მოწმობა, ასეთის წარდგენის შემთხვევაშიც არ არსებობს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან სსკ-ის 260-ე მუხლი ითვალისწინებს გადაწყვეტილებაში უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებას და არა გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას. მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორისათვის ცნობილი არ იყო «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის და სსკ-ის ნორმები.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო პალატის 10.03.04წ. გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 20.08.01წ. გადაწყვეტილება გ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო პალატის მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად. გ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსის 01.03.01წ. ¹1-4/98 ბრძანება და საკონკურსო კომისიის 03.04.01წ. ¹14 სხდომის ოქმი თავისი სამართლებრივი შედეგებით. ამდენად, სააპელაციო პალატას გ. ბ-ის სადავო ფართიდან გამოსახლების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, ამ ნაწილში ძალაში დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 20.08.01წ. გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარკვევით არის ჩამოყალიბებული სააპელაციო სასამართლოს 10.03.04წ. გადაწყვეტილებაში და სსკ-ის 262-ე მუხლის თანახმად, განმარტებას არ ექვემდებარება. გ. ბ-ე ფართიდან გამოსახლდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით და არა სააპელაციო პალატის 10.03.04წ. გადაწყვეტილებით, სსკ-ის 262-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილება განიმარტება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ. თავის მხრივ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 20.08.01წ. გადაწყვეტილების და 12.11.04წ. სააღსრულებო ფურცლის ჩანაწერის განმარტების შესახებ გ. ბ-ის განცხადებაზე, აგერთვე გ. მ-ის და დ. ყ-ის ერთობლივ განცხადებაზე გამოტანილ იქნა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 17.12.04წ., 31.01.05წ., 20.01.05წ., 14.02.05წ. განჩინებები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.03.06წ. ორი განჩინება. ამდენად სააპელაციო პალატამ მართებულად იმსჯელა მხოლოდ სააპელაციო პალატის 10.03.04წ. გადაწყვეტილების განმარტების საკითხზე. საფუძველსმოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატის 10.03.06წ. გადაწყვეტილებამ მთლიანად შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შინაარსი, ვინაიდან ხსენებული გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოსა და გ. ბ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, გ. ბ-ე გამოსახლდა მიწისქვეშა გადასასვლელში მის მიერ დაკავებული 35 კვ.მ ფართიდან. ამდენად, გ. ბ-ს მართებულად ეთქვა უარი იმის განმარტებაზე თუ ვის უნდა გადაეცეს მის მიერ გამონთავისუფლებული ფართი. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის 10.03.04წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ბუნდოვან, ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს, ამდენად სააპელაიცო პალატის 22.09.06წ. განჩინებით კასატორს მართებულად ეთქვა უარი სააპელაციო პალატის 10.03.04წ. გადაწყვეტილების განმარტებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გ. ბ-ის განცხადებების თაობაზე მიღებული 22.09.06წ. განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.09.06წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.