Facebook Twitter

¹ბს-866-829(კს-06) 19 დეკემბერი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სსიპ ,,აჭარის ხელოვნების მუზეუმის" კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 11.09.06წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ. შ-მ სსიპ ,,აჭარის ხელოვნების მუზეუმის" მიმართ 06.02.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 423 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე 290 ლარის ოდენობით მიუღებელი ორი თვის კომპენსაციის ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1999 წლის 1-ლი იანვრიდან მუშაობდა აჭარის ხელოვნების მუზეუმში. მუზეუმის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით აჭარის ხელოვნების მუზეუმის დირექტორის 31.12.05წ. ¹27 ბრძანების საფუძველზე განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. განთავისუფლებისას არ მიუღია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 423 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია (10.07.05წ. მდგომარეობით).

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე 2 თვის კომპენსაციას 2005 წ. 10 ივლისის მდგომარეობით საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 423 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ითხოვდა, რომლის მოქმედება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 2421 მუხლის მე-5 პუნქტით შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე. მოპასუხის განცხადებით, მოსარჩელე მხარე წინასწარ, სამი თვით ადრე წერილობით იქნა გაფრთხილებული მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ. ზ. შ-ს განთავისუფლების თაობაზე ინფორმირებული იყვნენ დარგის პროფესიული კავშირები, რაც მიუთითებდა მუზეუმის დირექტორის ქმედების კანონიერებაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 06.03.06წ. გადაწყვეტილებით ზ. შ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ ,,აჭარის ხელოვნების მუზეუმს" დაეკისრა მოსარჩელისათვის 240 ლარის ოდენობით განთავისუფლებული მუშაკის გამოსასვლელი საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება. მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 7.2 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ,,აჭარის ხელოვნების მუზეუმმა".

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.07.06წ. განჩინებით აპელანტს განესაზღვრა 20 დღიანი ვადა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის გამოსასწორებლად. ამავე სასამართლოს 11.09.06წ. განჩინებით ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ ,,აჭარის ხელოვნების მუზეუმის" მიერ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში იქნა გამოსწორებული, რაც ¹18 საბანკო საგადასახადო დავალებით დასტურდებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის 24 საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 17.07.06წ. განჩინებით აპელანტ სსიპ ,,აჭარის ხელოვნების მუზეუმს" განესაზღვრა 20 დღიანი ვადა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის გამოსასწორებლად. ადრესატს აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა 01.08.06წ. (ს.ფ. 27), ხოლო მასში მითითებული სააპელაციო საჩივრის ხარვეზი აპელანტმა 09.08.06წ. გამოასწორა. ამდენად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზი შევსებულია სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.06წ. განჩინება და განახლდეს საქმისწარმოება სსიპ ,,აჭარის ხელოვნების მუზეუმის" სააპელაციო საჩივარზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ,,აჭარის ხელოვნების მუზეუმის" კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.06წ. განჩინება;

2. სსიპ ,,აჭარის ხელოვნების მუზეუმის" სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.