¹ბს-872-835(კს-06) 26 დეკემბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «.. ..ის» დირექტორი ა. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ბათუმის საგადასახადო ინსპექცია
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს «.. ..ის» დირექტორმა ა. ბ-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2005 წლის 8 აგვისტოს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა /იხ.ს.ფ. 2/.
საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შპს «.. ..ის» დირექტორის _ ა. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ.ს.ფ. 126-127/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «.. ..მა», რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ 132-133/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინებით შპს «.. ..ის» სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის არასრულად გადახდის გამო და აპელანტს მიეცა ვადა განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღე /იხ.ს.ფ. 168-169/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინებით შპს «.. ..ის» სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინებით აპელანტს დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 180 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ხარვეზი გამოსასწორებლად მიეცა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღე. სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება აპელანტს ჩაჰბარდა 2006 წლის 18 აგვისტოს, ხოლო საპროცესო ვადაში მხარის მიერ ხარვეზის გამოსწორებული არ იქნა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად /იხ.ს.ფ. 173-174/.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «.. ..ის» დირექტორმა ა. ბ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად 2006 წლის 25 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 180 ლარი, შესაბამისად, მის მიერ ხარვეზი გამოსწორებულ იქნა სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, რამდენადაც ხარვეზის შესახებ განჩინება მას ჩაჰბარდა 2006 წლის 18 აგვისტოს. 2006 წლის 25 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი სააპელაციო სასამართლოს გაეგზავნა ფოსტით 2006 წლის 30 აგვისტოს, აღნიშნული გზავნილი სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2006 წლის 6 ოქტომბერს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები, რამდენადაც სახეზე იყო ტექნიკური ხასიათის უზუსტობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის ადრესატისათვის დროული გადაუცემლობა /იხ.ს.ფ. 181-182/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს «.. ..ის» დირექტორის _ა. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, დარღვეულია საპროცესო ნორმები, რის გამოც ზემომითითებული განჩინების მიღებისას დარღვეულია სსსკ-ის 393.2. და 394 «ე» მუხლების მოთხოვნები.
საქმის მასალების თანახმად სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინებით შპს «.. ..ის» სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის არასრულად გადახდის გამო და აპელანტს მიეცა ვადა განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღე /იხ.ს.ფ. 168-169/. სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინების ასლი ადრესატს შპს «.. ..ს» ჩაჰბარდა 2006 წლის 18 აგვისტოს/იხ.ს.ფ.171/. ს.ფ 178-ზე წარმოდგენილი საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, შპს «.. ..ის» მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 181 ლარი გადახდილ იქნა 2006 წლის 25 აგვისტოს, ხოლო აღნიშნული ქვითარი აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა 2006 წლის 30 აგვისტოს, რაც დასტურდება ს.ფ 180-ზე მდებარე კონვერტზე არსებული შტამპით.
ს.ფ. 177-ზე წარმოდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განყოფილების უფროსის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, 2006 წლის 7 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოში შევიდა სახელმწიფო ბაჟის ქადახდის ქვითარი 181 ლარზე, ხოლო იმის გამო, რომ გაურკვეველი იყო რომელი საქმისათვის იყო იგი განკუთვნილი, რადგან არ ახლდა განცხადება, ადრესატი გაირკვა 2006 წლის 10 სექტემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 აგვისტოს განჩინება /სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შევსების შესახებ/ ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2006 წლის 18 აგვისტოს, ამასთან, საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში რეალიზებულ იქნა საპროცესო უფლება და შესრულდა საპროცესო ვალდებულება, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით 2006 წლის 25 აგვისტოს გადახდილ იქნა 181 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი 2006 წლის 30 აგვისტოს გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რაც ასევე დასტურდება ს.ფ. 180-ზე არსებულ კონვერტზე საფოსტო შტამპის თარიღით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო არაუფლებამოსილი იყო 2006 წლის 25 სექტემბერს შპს «.. ..ის» სააპელაციო საჩივარი დაეტოვებინა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც გასაჩივრებული განჩინების გამოტანის მომენტისათვის მხარის მიერ მისი საპროცესო ვალდებულება /სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ/ სრულყოფილად შესრულდა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება, სააპელაციო სასამართლოში ქვითრის წარდგენისას ადგილი ჰქონდა უზუტობას, კერძოდ, გაურკვეველი იყო, თუ რომელ საქმეზე იქნა წარდგენილი ქვითარი, ამასთან, როგორც ს.ფ. 177-ზე წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ აღნიშნული უზესტობა აღმოიფხვრა 2006 წლის 7 სექტემბერს, ამდენად სრულიად უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ იმ პირობებში, როცა საქმე და ადრესატი რომელზედაც გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი, სადავო განჩინების გამოტანის მომენტისათვის გარკვეული იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს «.. ..ის» სააპელაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში _ საპროცესო მოქმედების შესრულების გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს «.. ..ის» დირექტორის _ ა. ბ-ის კერძო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «.. ..ის» დირექტორის _ ა. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.