¹ბს-905-866(კ.ს-06) 6 დეკემბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ თ. ც-ეE
მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 25 აგვისტოს თ. ც-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმართ და მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2005 წლის 28 ივლისის ¹377 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა და განაცდური ხელფასის და იურიდიული მომსახურების თანხების ანაზღაურება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით თ. ც-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო განაცდური ხელფასის მოთხოვნაც.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება თ. ც-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინებით თ. ც-ის სააპელაციო საჩივარი, ვადის დარღვევის მოტივით, დატოვებულ იქნა განუხილველად.
თ. ც-მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ შპს «საქართველოს ...ის ფილიალ «აჭარის ...ის» მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 2006 წლის 30 ივნისს ჩაჰბარდა, რაც მისივე ხელმოწერით დასტურდებოდა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ვინაიდან მას სააპელაციო საჩივარი 2006 წლის 10 ივლისს ჰქონდა სასამართლოში წარდგენილი, შესაბამისად, მისი მხრიდან კანონით დადგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დარღვევაზე მითითება უსაფუძვლო იყო.
თ. ც-მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა მოითხოვა.
კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას გადაეგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და თვლის, რომ თ. ც-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქმეში წარმოდგენილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გზავნილი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ თ. ც-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების ასლი ხელზე ჩაჰბარდა 2006 წლის 20 ივნისს (ს.ფ 132). სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოში 2006 წლის 10 ივლისსაა წარდგენილი (ს.ფ 134). ნიშანდობლივია, რომ თ. ც-ე სასამართლოში წარმოდგენილ კერძო საჩივარს თან ურთავს შპს «საქართველოს ...ის ფილიალ «აჭარის ...ის» ცნობას, რომლის თანახმადაც, მას ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გაგზავნილი შ/წერილი 2006 წლის 30 ივნისს ჩაჰბარდა, თუმცა კერძო საჩივარში იგი არაფერს უთითებს საქმის ფურცელ ¹132-ზე არსებული გზავნილის თაობაზე, მით უფრო, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინება სწორედ ამ დასტურის საფუძველზეა გამოტანილი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ფოსტის განყოფილების აღნიშნული წერილი ვერ გამოდგება იმ ფაქტის გასაბათილებლად, რომ თ. ც-მ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 2006 წლის 20 ივნისს ხელზე ჩაიბარა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ც-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გაგზავნილი სასამართლოს გადაწყვეტილება 2006 წლის 30 ივნისს ფოსტის მეშვეობით რომც ჩაჰბარებოდა, აღნიშნული სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს მაინც ვერ წარმოშობდა, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება და არც მხარე ხდის სადავოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გზავნილის ასლზე მისი ხელმოწერის არსებობას. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლომ კანონით დადგენილი 14_დღიანი ვადის ათვლა მართებულად დაიწყო 2006 წლის 20 ივნისიდან _ მხარის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან და, შესაბამისად, ვადის გაშვების გამო, კანონით დადგენილი წესით დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. ც-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.