Facebook Twitter

¹ბს-934-893(კს-06) 8 დეკემბერი, 2006წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ინდივიდუალური მეწარმე «ზ. ც-ე» (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ინდივიდუალურმა მეწარმე «ზ. ც-მ» 2006 წლის 1 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მიერ 2005 წლის 15 ივლისს შედგენილ აქტში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მისთვის ბიუჯეტის სასარგებლოდ 5925,92 ლარის ნაცვლად 1929,84 ლარისა და მასზე დარიცხული საურავის გადასახდელად დაკისრება (ს.ფ. 1-3).

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენელმა მოითხოვა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 7 აპრილის ¹1218 საგადასახადო მოთხოვნის საშემოსავლო გადასახადისა და სოცდაზღვევის გადასახადის ნაწილში ბათილად ცნობა (ს.ფ. 51)

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 7 აპრილის საგადასახადო მოთხოვნა ¹1218 საშემოსავლო გადასახადის და სოცდაზღვევის გადასახადის ნაწილში და თბილისის საგადასახადო ინსპექციას დაევალა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადამინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში (ს.ფ. 54-57).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ და მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ს.ფ. 68-70).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტს – ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2006 წლის 29 სექტემბერს, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 30 სექტემბერს და დასრულდა მე-14 დღეს, ანუ _ 13 ოქტომბერს. სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 16 ოქტომბერს, ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებს (ს.ფ. 73-75).

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლი. სააპელაციო საჩივრის შეტანისას მათ მიერ დაცული იყო აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ნორმები, რადგან, მათი აზრით, ვადის დინება დაიწყო მხოლოდ და მხოლოდ გასაჩივრების უფლების მქონე პირზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, რაც არ შეიძლებოდა გაიგივებულიყო გზავნილის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის კანცელარიაში შემოსვლის თარიღთან, რადგან «როგორც წესი, ეს თარიღი ჩამორჩება ერთი დღით მაინც.»

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მის მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა გასაჩივრების უფლების მქონე პირზე გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2006 წლის 14 ოქტომბერს, რადგან იგი დაემთხვა შაბათ დღეს და საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა მომდევნო სამუშაო დღეს, ანუ 16 ოქტომბერს _ ორშაბათს. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო აღნიშნულ არგუმენტს საკმარისად არ მიიჩნევდა, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო საჩივარი დასაშვები იყო თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლისა, რადგან კანონმდებლობით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად უნდა მიჩნეულიყო ის ფაქტი, რომ სააპელაციო საჩივრის მომზადების პროცესს დაემთხვა ამ პროცესზე წარმომადგენლობის უფლებით აღჭურვილი პირის საგადასახადო ინსპექციაში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 16 ოქტომბრის სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი იყო ხარვეზით, სააპელაციო საჩივარს ხელს აწერდა არა თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსი, არამედ საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არც სააპელაციო საჩივარს ახლდა და არც საქმეში იყო, ვინაიდან გასაჩივრებაზე უფლებამოსილი პირი მივლინებაში იმყოფებოდა ქ. ვენაში და მის მოვალეობას ინსპექციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ასრულებდა (ს.ფ. 81-84).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების ასლი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით აპელანტს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას ჩაბარდა 2006 წლის 29 სექტემბერს (ს.ფ. 63), ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა 16 ოქტომბერს (ს.ფ. 68) ე.ი. სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ.

კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის კანცელარიისათვის გზავნილის ჩაბარება გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებად არ უნდა ჩაითვალოს, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ორგანიზაციისთვის გაგზავნილი დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება მისი ჩაბარება კანცელარიისათვის ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეულისათვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი ადგენს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების წესსა და პირობებს, მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც არ არსებობს დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, რომელიც თავისი ხასიათითა და შინაარსით არაა გამოსწორებადი და საპროცესო ვადის დანიშვნა ხარვეზის გამოსასწორებლად უშედეგოა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მისი დაუშვებლობის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩნების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.