ბს-952-909(კს-06) 26 დეკემბერი, 2006 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) _ ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი «ბ...ი»
მოპასუხეები _ 1. ვანის რაიონის გამგეობა; 2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისია
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 30 აპრილს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივ «ბ...ის» დირექტორმა სარჩელი აღძრა ვანის რაიონულ სასამართლოში ვანის რაიონის გამგეობის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიისა და მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა კოოპერატივ «ბ...ისათვის» 1999 წლიდან 2003 წლამდე უკანონოდ დარიცხული დავალიანებებისა და სანქცია-საურავების ჩამოწერა და ვანის რაიონის გამგეობის 2004 წლის 24 მარტის დადგენილების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 3-4).
კოოპერატივ «ბ...ის» სარჩელი არ ცნო მოპასუხე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის მუდმივმოქმედმა კომისიამ (იხ. ს.ფ. 31-32).
ვანის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით კოოპერატივ «ბ...ის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კოოპერატივ ბ...ს ჩამოეწერა 1999 წლიდან 2003 წლის ბოლომდე მიწის გადასახადისა და საიჯარო ქირის ზედმეტად დარიცხული თანხა 5295 ლარი, ასევე _ 2001-2002 წლების მიწის გადასახადიდან საიჯარო ქირა 10888 ლარი, სანქცია-საურავი _ 16183 ლარი. ხოლო კოოპერატივ «ბ...ს» გადასახდელად დარჩა 8231 ლარი, მეიჯარე ვანის რაიონის გამგეობასა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემ მუდმივმოქმედ კომისიას მიეცა წინადადება იმსჯელოს კოოპერატივ «ბ...ის» მიმართ საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებაზე 1998 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით (იხ. ს.ფ. 86-89).
2005 წლის 25 მაისს ვანის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა ვანის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება, საქმეში მესამე პირად ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის ჩართვა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 95-97).
ვანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 მაისის განჩინებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის განცხადება დასაშვებად იქნა მიჩნეული და ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად (იხ. ს.ფ. 101-102).
ვანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით «ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, კოოპერატივ «ბ...ს» ჩამოეწერა 1999 წლიდან 2003 წლის ბოლომდე ზედმეტად დარიცხული გადასახადი და სანქცია-საურავი 24563 ლარის ოდენობით, სტიქიით მიყენებული 10888 ლარი, სანქცია-საურავი, სულ 8380 ლარი» (იხ. ს.ფ. 124-125).
ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა ვანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ს.ფ. 131-132).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ ვანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას ჩაჰბარდა 2005 წლის 1 აგვისტოს, რადგან სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელი, გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრების წესი და ვადა განემარტა მხარეებს. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლით და მიიჩნია, რომ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას გაშვებული აქვს გასაჩივრების 14-დღიანი ვადა (იხ. ს.ფ. 153-154).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლი აწესებს სასამართლო აქტის გასაჩივრების ვადის დინების დაწყების აუცილებელ პირობებს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს მხარეთა მიერ სასამართლო აქტით გასაჩივრების უფლების სრულად გამოყენების დამატებით გარანტიას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 416-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აქტების გასაჩივრების ვადა იწყება მხარისათვის ამ აქტების გადაცემის მომენტიდან. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლი ვადის დინების დაწყებას შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ იმ პირობით, თუ გადაცემულ სასამართლო აქტში მითითებული იქნება გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. ამდენად, გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება მხოლოდ ამ გადაწყვეტილების სრული ტექსტის მისთვის გადაცემის მომენტიდან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადაწყვეტილების სრული ტექსტის გამოცხადებას ესწრება გასაჩივრების უფლების მქონე პირი, რომელსაც გამოცხადებული გადაწყვეტილებით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, გასაჩივრების ვადა და წესი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას არ გაუშვია გასაჩივრების 14-დღიანი ვადა, რადგან ვანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2005 წლის 1 აგვისტოს, სააპელაციო საჩივარი კი საფოსტო განყოფილებაში შეტანილ იქნა 2005 წლის 11 აგვისტოს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლისა (იხ. ს.ფ. 156-157).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინება ჩაჰბარდა 2006 წლის 21 ნოემბერს, ხოლო კერძო საჩივარი შეტანილ იქნა 2006 წლის 8 დეკემბერს 12-დღიანი გასაჩივრების ვადის დარღვევით (იხ. ს.ფ. 160-161).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 9 დეკემბრის განჩინება და საქმე კერძო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რაც საკასაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დასაშვებია და სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 9 დეკემბრის განჩინებაში გაკეთებული დასკვნა კერძო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის შესახებ დაუსაბუთებელია, რადგან სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინების მხარისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო, შეიცავს დაუდგენელი პირის მიერ შესრულებულ გაურკვეველ ხელმოწერას, დოკუმენტი არ არის დადასტურებული საგადასახადო ინსპექციის შტამპით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია განჩინების ასლის ინსპექციის კანცელარიაში გატარების დრო, ხოლო საქმეში არსებული უწყების მეორე ეგზემპლარი არ იძლევა განჩინების ასლის ჩამბარებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული ვანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დამადასტურებელ უწყებაზე დასმული შტამპის თანახმად, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2006 წლის 1 აგვისტოს, სააპელაციო საჩივარი კი, სსსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად, ფოსტის მეშვეობით შეტანილ იქნა 2005 წლის 11 აგვისტოს.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებს არ ემყარება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, სხდომის დარბაზში გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. ასეთ მითითებას სხდომის ოქმი არ შეცავს და მასში აღნიშნულია გადაწყვეტილების და არა დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ (იხ. ს.ფ. 169-174).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სსსკ-ის 417-ე მუხლის საფუძველზე განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ _ საკასაციო სასამართლოს, იმ მოტივით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გადაწყვიტოს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი (იხ. ს.ფ. 178-180).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინება, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ სსსკ-ის 369.1 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრების ვადის დინება იწყება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრების ვადის დენა უნდა დაიწყოს სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან, რადგან 2005 წლის 21 ივლისის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა ვანის რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლის გამოცხადებასაც ესწრებოდა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დინება იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოს აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასმართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი კი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი გადასცეს მხარეებს. შესაბამისად, ასკ-ის 12.1 მუხლის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დენის დაწყება უკავშირდება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაგზავნის კანონისმიერი ვალდებულების შესრულებას. ანუ ვადის დენა დაიწყება, თუ მხარეს გაგზავნილი გადაწყვეტილებით (განჩინებით, ბრძანებით, დადგენილებით) სწორად განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. კონკრეტულ შემთხვევაში კი, ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას ვანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა 2005 წლის 28 ივლისს /იხ. ს.ფ. 127/, საგადასახადო ინსპექციის კანცელარიაში რეგისტრაციაში გატარდა 2005 წლის 1 აგვისტოს /იხ. ს.ფ. 158/, ხოლო სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად, საფოსტო განყოფილებაში შეტანილ იქნა 2005 წლის 12 აგვისტოს /იხ. ს.ფ. 133/.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.2 მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე მხარეს გასაჩივრების უფლების შესახებ ეცნობა ასკ-ის 12.1 მუხლის რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, გასაჩივრება დასაშვებია სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში, ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხარეებს გასაჩივრების უფლების შესახებ ეცნობათ ასკ-ის 12.1 მუხლის მოთხოვნის დარღვევით, რადგან არ იქნა განმარტებული გასაჩივრების წესი, კერძოდ, გადაწყვეტილებაში არ მიეთითა იმის შესახებ, რომ მისი გასაჩივრება შეიძლებოდა სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციას ვანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლო ასკ-ის 12.2 მუხლით განსაზღვრულ ერთწლიან ვადაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაარღვია ასკ-ის მე-12 და სსსკ-ის 393.2 მუხლები, არ არსებობდა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალური წინაპირობა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინება ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, სააპელაციო საჩივარი მიჩნეული უნდა იქნეს დასაშვებად და განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინება;
3. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი მიჩნეული უნდა იქნეს დასაშვებად და განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.