Facebook Twitter

¹ბს-963-918(კს-06) 26 დეკემბერი, 2006 წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ი/მ ,,თ. ე-ი”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ი/მ ,,თ. ე-მა” სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციული აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-3).

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხემ – თბილისის საგადასახადო ინსპექციამ არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ი/მ ,,თ. ე-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 6 აპრილის საგადასახადო მოთხოვნა ¹1215 საშემოსავლო გადასახადისა და სოცდაზღვევის გადახდის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისადმი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 424 ლარის გადახდა ი/მ ,,თ. ე-ის” სასარგებლოდ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

აპელანტმა განმარტა, რომ შემოწმების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ი/მ ,,თ. ე-ს” გაეგზავნა შეტყობინება ¹189, რომლის თანახმად მოთხოვნილ იქნა საბუღალტრო დოკუმენტაცია. მოსარჩელემ არ წარადგინა დოკუმენტაცია. შესაბამისად, საგადასახადო ინსპექციამ რევიზიის აქტი შეადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ გადმოგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე, რაც ინდმეწარმის მიერ თხევადი აირის შეძენას ეხებოდა და განახორციელდა სავარაუდო დარიცხვა საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების შესაბამისად (იხ ს.ფ. 69-71).

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, რაც სასამართლომ შემდეგნაირად დაასაბუთა:

სსსკ-ის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, ხოლო ხსენებულ ვადაში სააპელაციო საჩივრის შეუტანლობის შემთხვევაში დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის საგადასახადო ინსპექციას ჩაჰბარდა 2006 წლის 29 სექტემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2006 წლის 16 ოქტომბერს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული (იხ. ს.ფ. 73-74).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

კერძო საჩივრის მოტივები:

თბილისის საგადასახადო ინსპექციამ განმარტა, რომ მის მიერ დაცულ იქნა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მოთხოვნები, რადგან აპელანტმა საჩივარი შეიტანა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ვინაიდან საპროცესო ვადის დინება დაიწყო გასაჩივრების უფლების მქონე პირზე გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, რაც არ შეიძლება გაიგივდეს თბილისის საგადასახადო ინსპექციის კანცელარიაში შესვლის თარიღთან, როგორც წესი, ეს თარიღი წინ უსწრებს უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის თარიღს.

სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული წესით სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა გასაჩივრების უფლების მქონე პირზე გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2006 წლის 14 ოქტომბერს და, რადგან ვადის უკანასკნელი დღე შაბათს დაემთხვა, საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა მომდევნო სამუშაო დღეს, ანუ 16 ოქტომბერს. სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ ,,ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.” აღნიშნული მოთხოვნა აპელანტის მიერ დაცულ იქნა. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ ასევე მიუთითა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ სააპელაციო საჩივრის მომზადების პროცესს დაემთხვა ამ პროცესზე წარმომადგენლობის უფლებით აღჭურვილი პირის საგადასახადო ინსპექციაში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა (იხ. ს.ფ. 74-76).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი (იხ. ს.ფ. 83-84).

საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხემ – ი/მ ,,თ. ე-მა” წარმოადგინა შეპასუხება, რომლითაც არ ცნო კერძო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 91-93).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, საქმის გარემოებები არსებითად სწორადაა დადგენილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტმა გაუშვა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული გასაჩივრების 14 დღიანი ვადა, ვინაიდან თბილისის საგადასახადო ინსპექციას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2006 წლის 29 სექტემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 16 ოქტომბერს, რის გამოც საჩივარი 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და სსსკ-ის 369-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად კი ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს. ასეთ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

თბილისის საგადასახადო ინსპექციას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2006 წლის 29 სექტემბერს, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოს უწყებაზე ხელმოწერით, უწყების ჩაბარების თარიღის მითითებით, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2006 წლის 16 ოქტომბერს. სსსკ-ის 60.2 მუხლის მიხედვით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დინება იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, თბილისის საგადასახადო ინსპექციამ გაუშვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადა. ხოლო ამავე კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის I ნაწილის მიხედვით გასაჩივრების ვადის დინება იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში აპელანტს - თბილისის საგადასახადო ინსპექციას საქალქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შესახებ ეცნობა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. სასამართლოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის I ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთწლიანი ვადის გამოყენების საფუძველი. აპელანტის მიერ კი გაშვებულ იქნა სსსკ-ის 369-ე მუხლით დადგენილი 14 დღიანი ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 414-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.