Facebook Twitter

¹ ბს-2024-31(ა-06) 18 დეკემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი,

ნ. სხირტლაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 31 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ თ. ბ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.

აღწერილობითი ნაწილი:

2006წ. 17 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა თ. ბ-მა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 31 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით:

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ 2004წ. 22 იანვარს თ. ბ-ის სარჩელთან დაკავშირებით მიიღო უკანონო და იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიჩნია რა სარჩელი ხანდაზმულად და უსაფუძვლოდ. რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც წარმოადგენდა საკასაციო საჩივრის საფუძველს.

განმცხადებლის მითითებით, ქ. თბილისში, ... ¹28-ში მცხოვრებმა თ. გ-ის მამამ _ ვ. გ-მ მიითვისა 36,78 კვ.მ ¹124 ოთახი, რომელიც გადატიხრა 16,78 კვ.მ და 20 კვ.მ-ად. 16,78 კვ.მ-ს გაუკეთა გასასვლელი კარები საერთო სარგებლობის კორიდორში. 2002 წელს ვ. გ-ისა და მისი მეუღლის ნ. წ-ის გარდაცვალების შემდეგ, ¹124 ოთახი მიითვისა მათმა შვილმა თ. გ-მ, რომელმაც სახლმმართველობიდან აიღო ყალბი პრივატიზების ცნობა. რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თ. გ-ს მისი დედის _ ნ. წ-ის სახელზე საბუთი უნდა აეღო არა სახლმმართველობიდან, არამედ ტექბიუროდან. განმცხადებლის მითითებით, დოკუმენტი ფართის ნ. წ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო არის ყალბი და მოპასუხე უკანონოდ ფლობს ფართს. გ-ის ოთახის მომიჯნავედ მდებარეობდა ჭიათურის მანგანტრესტის ¹133 ოთახი არასაცხოვრებელი 42,16 კვ.მ, რომელიც ამ უკანასკნელს მიღებული ჰქონდა იჯარით. 2000 წელს მითითებული ორგანიზაციის დაკეტვის შემდეგ ორგანიზაციის გამგემ ი. ბ-მ მოპასუხე მ. ყ-ის მეუღლემ შეისყიდა აღნიშნული ფართი. მ. ყ-ის მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ფართი მემკვიდრეობით მიიღო მ. ყ-მ. ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ფართზე, რომელიც ამჟამად მითვისებული აქვს თ. გ-ს. მ. ყ-მ მიითვისა მაცხოვრებელთა საერთო სარგებლობის 22 კვ.მ კორიდორის, საიდანაც შედიოდა სინათლე. ამ უკანასკნელმა ასევე გააუქმა კორიდორში თ. ბ-ის გამავალი კარები, თვითნებურად მიაშენა ტიხარი და მოაწყო სველი წერტილი, ასევე, ტიხარის მოპირდაპირედ, თ. ბ-ის ოთახის კუთხესთან მოაწყო კიდევ ერთი სველი წერტილი, ტიხარსა და სველ წერტილს შორის ამოჭრა თ. ბ-ის ოთახის კედელი, რის გამოც თ. ბ-ის ოთახში კედელი გაიბზარა. ასევე, გამოთხარა თ. ბ-ის საყრდენი კედლის ქვედა ნაწილი და იქ მოაწყო მილგაყვანილობები.

განმცხადებლის მითითებით, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2001წ. 5 ივლისის ¹136 ბრძანება, რომლითაც მოპასუხეს მიაკუთვნა მითვისებული ფართი და ნება დართო მოეწყო სველი წერტილი, არის ყალბი, რაც დასტურდება მოპოვებული ცნობებით, რაც განმცხადებელმა მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებებად, კერძოდ, განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005წ. 11 მაისის ¹57/ბ-476 ცნობაზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში 2005წ. 5 მაისის ჩანაწერებით და ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის საარქივო მასალების მიხედვით, ქ. თბილისში, ... ¹28-ში თ. გ-ზე კერძო საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ასევე 2005წ. 2 აგვისტოს განმცხადებლის მიერ მიღებული ცნობის თანახმად, ქ. თბილისში, ... ¹28-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ნ. წ-ის საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული, ამასთან, საჯარო რეესტრს არ გააჩნია ინფორმაცია, თუ ვის სახელზეა რეგისტრირებული მითითებულ მისამართზე არსებული ¹123 კორიდორი.

ამდენად, განმცხადებლის მითითებით, მის მიერ მოპოვებული ცნობებით დასტურდება, რომ არც თ. გ-ის და არც მისი დედის _ ნ. წ-ის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ... ¹28-ში მდებარე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, სასამართლოს განჩინებაში მითითებული დოკუმენტი ნ. წ-ის სახელზე ფართის პრივატიზების შესახებ არის ყალბი და თ. გ-ე უკანონოდ ფლობს ფართს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მიიჩნია, რომ სახეზეა სსსკ-ის 423.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ახლად აღმოჩენილი გარემოება, კერძოდ, დოკუმენტი, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო, არის ყალბი.

საკასაციო სასამართლოს 2006წ. 27 ნოემბრის განჩინებით თ. ბ-ის განცხადება დატოვებულ იქნა ხარვეზზე, რადგან განცხადება არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 424-ე, 426-ე მუხლებისა და 427.1 მუხლის “გ” და “დ” ქვეპუნქტების მოთხოვნებს, კერძოდ, განცხადებაში არ იყო დაზუსტებული, განმცხადებელი რომელი გადაწყვეტილების ან განჩინების გაუქმებას ითხოვდა და რა წესით, რის გამოც განმცხადებელს დაევალა დასაბუთებული განცხადების წარმოდგენა განსჯადობის წესების, განცხადების შეტანის ვადის დაცვისა და მოთხოვნის დაზუსტების შესახებ მითითებით.

ხარვეზის შევსების მიზნით, თ. ბ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა განცხადების დასაშვებად ცნობა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2001წ. 5 ივლისის ¹1-36 ბრძანების ბათილად ცნობა და სადავო საერთო სარგებლობის ფართზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, კერძოდ, უნებართვოდ მიშენებული ტიხარის, მილგაყვანილობისა და სველი წერტილების მოშლა და მიყენებული ზარალის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით:

განმცხადებლის მითითებით, 2005წ. 11 მაისისა და 2 აგვისტოს ცნობებით, რომლებიც წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, დასტურდება, რომ არც თ. გ-ისა და არც მისი დედის ნ. წ-ის სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის, რის გამოც განჩინებაში მითითებული დოკუმენტი ნ. წ-ის სახელზე ფართის პრივატიზების შესახებ არის ყალბი და თ. გ-ე ფართს ფლობს უკანონოდ. შესაბამისად, განმცხადებლის მოსაზრებით, არსებობს სსსკ-ის 423.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი გაემოება, კერძოდ, დოკუმენტი, რომელსაც ემყარება სასამართლოს გადაწყვეტილება, ყალბია.

განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განსჯადობის წესების დაცვასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სსსკ-ის 424-ე მუხლის თანახმად, მისი განცხადება საკასაციო სასამართლოს განსჯადია, რადგან მისი საკასაციო საჩივრის თაობაზე 2005წ. 31 მარტს გადაწყვეტილება მიღებულია საკასაციო სასამართლოს მიერ.

განმცხადებლის მითითებით, მის მიერ დაცულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების შეტანის ვადა, რადგან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია 2005წ. 31 მარტს, სსსკ-ის 426.4 მუხლის თანახმად კი, განცხადების შეტანა შესაძლებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობის წესების დაცვით, დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის სტადიიდან უნდა გადაეცეს უფლებამოსილ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად, რომელიც განსაზღვრავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განსჯადობის საკითხს, განცხადება შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში, განცხადება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს განსჯადია იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, თ. ბ-ის სარჩელთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულია თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ 2004წ. 22 იანვარს, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული, როგორც სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 22 ოქტომბრის, ასევე საკასაციო სასამართლოს 2005წ. 31 მარტის განჩინებებით. შესაბამისად, სსსკ-ის 424-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, თ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია, რადგან “რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 14 ნოემბრის ¹649 ბრძანებულების მე-60 მუხლში საქართველოს პრეზიდენტის 2005წ. 12 აპრილის ¹213 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილების თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა თბილისის რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. ბ-ის განცხადების განსჯადობის საკითხს არ ცვლის ის გარემოება, რომ განმცხადებელი უთითებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 31 მარტის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, რადგან განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს რა, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო როგორც რაიონული, ასევე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები, არის ყალბი, აღნიშნულის დასადასტურებლად ახლად აღმოჩენილ გარემოებებად განმცხადებელი უთითებს მის მიერ მოპოვებულ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2005წ. 2 აგვისტოს 332/ბ-881 და 2005წ. 11 მაისის ¹75/ბ-476 ცნობებზე. შესაბამისად, თ. ბ-ი ითხოვს რა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას, სსსკ-ის 424-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, არასწორად მომართავს განცხადებით საკასაციო სასამართლოს, რის გამოც განცხადება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის შესაბამისად, განსჯადობის წესების დაცვით უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.2, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 424-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებობის საკითხის შემოწმების სტადიიდან განსახილველად გადაეცეს უფლებამოსილ _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.