ბს-922-881(გ-06) 22 დეკემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
ზეპირი განხილვის გარეშე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა შპს “თ...ის” სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის წარმოშობილი დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
30.08.96წ. ერთი პირის საწარმო “თ...მ” სარჩელი აღძრა საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში მოპასუხე თბილისის მერიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დეპარტამენტის და სკბ “ი...ის” მიმართ და მოპასუხეებისათვის 1 163 525 ლარის დაკისრება მოითხოვა. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 24.11.97წ. განჩინებით საქმე ქვემდებარეობისამებრ საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეცა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის 06.03.98წ. ¹01გ მიმართვით, “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონის 88-ე მუხლის შესაბამისად, ერთი პირის საწარმო “თ...ს” სასარჩელო განცხადება განსახილველად გადაეცა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს.
26.02.02წ. ერთი პირის საწარმო “თ...ის” სამართალმემკვიდრემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მასსა და ქ. თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურს შორის (ყოფილ მერიის კაპიტალური მშენებლობის და კეთილმოწყობის დეპარტამენტი) 15.08.95 წ. გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც მერიის შეკვეთით ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე შპს “თ...ს” ¹1 საშუალო სკოლის სამხატვრო გაფორმებითი სამუშაოები ნატურაში უნდა შეესრულებინა, ხოლო დამკვეთს მომსახურების თანხა, საურავების ჩათვლით, 3507936 ლარი უნდა აენაზღაურებინა, მომსახურების თანხის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ 14.03.02წ. საქმეში თანამოპასუხედ ჩაება ქ. თბილისის მერია. ამავე სასამართლოს 21.03.02წ. განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 03.04.02წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხი გადასაწყვეტად გადაეცა საკასაციო სასამართლოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 31.05.02წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას გადაეცა შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო პალატამ განმარტა, რომ, ვინაიდან დავის საგანს თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურისაგან შპს “თ...ის” სასარგებლოდ 3 507 936 ლარის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენდა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმე განსახილველად საოლქო სასამართლოს კოლეგიას ექვემდებარებოდა.
შპს “თ...ის” დირექტორმა 18.11.02წ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა შპს “თ...ის” სასარგებლოდ ქ. თბილისის მერიისათვის და ქ. თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურისთვის სოლიდარულად, 3 770 607 აშშ დოლარის დაკისრება.
06.02.03წ. ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამსახურმა შეგებებული სარჩელი აღძრეს სასამართლოში და შპს “თ...ისათვის” ვალდებულების გარეშე გადახდილი 177 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის უკან დაბრუნება მოითხოვეს.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 08.05.03წ. გადაწყვეტილებით შპს “თ...ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს ქ. თბილისის მერიას და ქ. თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამსახურს სოლიდარულად დაეკისრათ შპს “თ...ის” სასარგებლოდ 487 692.82 აშშ დოლარის ეკვივალენტი გადახდა ლარებში, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და შპს “თ...მ”. შპს “თ...მ” საკასაციო საჩივრით მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის 3770604 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდის დაკისრება. ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.12.03წ. განჩინებით შპს “თ...ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 08.05.03წ. გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამსახურისათვის შპს “თ...ის” სასარგებლოდ 487 692.82 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
01.09.05წ. მიმართვის საფუძველზე საქმე განსჯადობით განსახილველად ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.06.06წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
კოლეგიამ აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის სამართალწარმოებითი განხილვის არეალი რეგლამენტირებულია სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობის დანაწესებით და არ თავსდება საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსახილველ დავათა სფეროში. ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურსა და შპს “თ...ს” შორის წარმოშობილი სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა არის წმინდა კერძოსამართლებრივი ურთიერთობა, სადაც ადმინისტრაციული ორგანო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი -სამართლებრივ ურთიერთობაში შედის კერძო სამართლის იურიდიულ პირთან და ამ ურთიერთობაში ის მოქმედებს სკ-ის 24-ე მუხლის შესაბამისად და არ არის სახელშეკრულებო მხარესთან ერთად კერძო ავტონომიის პრინციპის თანახმად ნების გამოვლინების რეალიზაციაში შეზღუდული რაიმე საჯარო სამართლებრივი აქტებით საჯარო სამართლებრივი მიზნებისათვის. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი სადავოდ გამხდარი ხელშეკრულებით ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც კერძო სამართლის სუბიექტმა, განახორციელა შეკვეთა გარკვეული სამუშაოების შესრულებისათვის, მისი ნება არ გამომდინარეობს საჯარო სამართლებრივი მიზნებიდან, რადგან ასეთი საქმიანობის განხორციელება, კერძოდ, გარკვეული მომსახურების მიღების მიზნით სხვა პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობებში შესვლა შესაბამისი საჯარო სამართლებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მის ფუნქციურ საქმიანობას არ წარმოადგენდა. ამასთანავე, კოლეგიის აზრით, გარიგებაში შესვლის სამართლებრივი შედეგი გამიზნული არ არის მმართველობითი ღონისძიების განხორციელების რეალიზებისაკენ, სადავო ხელშეკრულებით არ დადგენილა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებები და ვალდებულებები.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.10.06წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საკასაციო სასამართლოს გადაეცა. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 31.05.02წ. განჩინებით საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას დაექვემდებარა, საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. სასამრათლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომლითაც გადაწყვეტილია განსახილველი საქმის განსჯადობა, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გადაესინჯა აღნიშნული საკითხი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის და შპს “თ...ის” სასარჩელო განცხადების განსჯადობის თ...ზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების მოსაზრებების შესწავლის შედეგად თვლის, რომ შპს “თ...ის” სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო საკითხი განხილული და გადაწყვეტილია საკასაციო სასამართლოს 31.05.02წ. განჩინებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის წარმოიშვა დავა შპს “თ...ის” სასარჩელო განცხადების ინსტანციურ განსჯადობასთან დაკავშირებით. იმ მოტივით, რომ განსახილველი დავის საგნის ღირებულება აღემატებოდა 50 000 ლარს, საკასაციო პალატის 31.05.02წ. განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის იმჟამად მოქმედი მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმე ინსტანციური განსჯადობით დაექვემდებარა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას. ამდენად, საკასაციო პალატას განსახილველი საქმის საგნობრივი განსჯადობის საკითხი არ განუხილავს და არ გადაუწყვეტია.
ამასთანავე, საკასაციო პალატა არ იზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას განსახილველი საქმის სამოქალაქო კოლეგიისათვის იმ მოტივით გადაცემის შესახებ, რომ დავის საგანს წარმოადგენს არა ადმინისტრაციული ხელშეკრულება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის სუბიექტს შორის დადებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის განახლებული რედაქცია, რომლის თანახმად, სასამართლოში დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, ამოქმედდა 2005წ. 15 ივლისიდან. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, “საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 24.06.05წ. კანონის ძალაში შესვლამდე საერთო სასამართლოების წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ განსახილველი საქმე საერთო სასამართლოების წარმოებაში იმყოფება 1997 წლიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “თ...ის” სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.