Facebook Twitter

¹ბს-183-180(2კ-11) 14 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა დ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

2010 წლის 5 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – დ. მ-ის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დ. მ-თვის ჯარიმის სახით – 11574.16 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 3472.25 ლარის და ზიანის საკომპენსაციო თანხის სახით – 6574.16 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება მოითხოვა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე – დ. მ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დ. მ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით – 5501.60 ლარის და პირგასამტეხლოს სახით – 1650.48 ლარის გადახდა დაეკისრა; სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აპელანტ დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე _ დ. მ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის სახით _ 5000 ლარის გადახდა დაეკისრა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ზიანის საკომპენსაციო თანხის სახით _ 6574.16 ლარის და პირგასამტეხლოს სახით _ 3472.25 ლარის მოპასუხე დ. მ-თვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება ჯარიმის სახით – 5000 ლარის დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებით მიიჩნია, რომ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის «ე” და «ვ” ქვეპუნქტების მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა კასაციის საფუძვლებს (კასაციის მიზნები) და მასში პროცესუალური დარღვევების თაობაზე სწულყოფილად არ იყო მითითებული.

ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებით დ. მ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სრულყოფილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც არის საქმეში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინების შემცველი გზავნილი დ. მ-ეს ჩაბარდა 2011 წლის 27 თებერვალს. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2011 წლის 9 მარტს 24 საათზე, რომელიც იყო სამუშაო დღე ოთხშაბათი. დ. მ-ემ მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს დ. მ-ის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.