Facebook Twitter
ბს-329-326(კ-კს-11)

ბს-329-326(კ-კს-11) 18 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევანი მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ბ-ის’’ კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2010 წლის 12 ოქტომბერს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს ,,ბ-მა’’ მოპასუხის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (აქტის მიმღები ორგანო და თარიღი მითითებული არ არის) ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ იმავდროულად გასაჩივრებული აქტის იმ ნაწილის მოქმედების შეჩერება მოითხოვა, რომლითაც ეს აქტი დაუყოვნებლივ აღასრულებლად მიექცა. აქტის მიმღები ორგანო და თარიღი შუამდგომლობაშიც არ არის მითითებული.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,ბ-ის’’ შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ-ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე შპს ,,ბ-მა’’ სააპელაციო საჩივარი შეიტანა. სააპელაციო საჩივრის შუამდგომლობების ფორმაში გასაჩივრებული ბრძანების იმ ნაწილის მოქმედების შეჩერება მოითხოვა, რომლითაც მითითებული აქტი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით შპს ,,ბ-ის’’ შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ბ-მა» სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხედ დაასახელა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (აქტის მიმღები ორგანო და თარიღი მითითებული არ არის) ბათილად ცნობა მოითხოვა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე შპს ,,ბ-ის’’ მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარში მოწინააღმდეგე მხარედ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაა მითითებული. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 27 ივლისის ¹295 ბრძანებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა შპს «ბ-ის» შორის 2006 წლის 04 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების კანონიერი საფუძვლების დადგენის მიზნით, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 07 სექტემბრის ¹01-48/78 ბრძანებით შეწყვეტილ (მოშლილი) იქნა შპს «ბ-ის» შორის 2006 წლის 04 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 24 მარტის ¹34 დადგენილება. ეთხოვა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები და გააუქმოს შპს «ბ-ის» საკუთრების უფლება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ .......-ში მდებარე 1 100 კვმ და 850 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები მითითებული მიწის ნაკვეთების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის მიზნით. ბრძანება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სააპელაციო სასამართლომ აღმიშნა, რომ შპს «ბ-ის» ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოპასუხედ არ დაუსახელებია, მოპასუხედ მითუთითა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მოითხოვა გასაჩივრებული ბრძანების იმ ნაწილის მოქმედების შეჩერება, რომლითაც მითითებული აქტი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა. ასევე, შპს «ბ-ის» მიერ მოპასუხედ დასახელებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არ გამოუცია ბრძანება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არის მიქცეული.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თუკი შპს «ბ-ი» აპელირებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 07 სექტემბრის ¹01-48/78 ბრძანებაზე (ბრძანება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად), არ არსებობს ამ აქტის შეჩრების საფუძვლები, რამდენადაც ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობით დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 07 სექტემბრის ¹01-48/78 ბრძანება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა, რაც დასაბუთებულ იქნა იმ არგუმენტით, რომ სადავო ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას და განვითარდეს საკურორტო ინფრასტრუქტურა, რაც სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს. ამდენად, ბრძანების აღსრულების დაყოვნება გააჭიანურებდა მითითებული მიზნების განხორციელებას, რაც ზიანს მიაყენებდა მითითებულ ინტერესს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო 29.2. მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში დავის საგნიდან გამომდინარე, არ იყო დასაბუთებული, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაუდებელი აღსრულებით, არსებითი ზიანი მიადგებოდა მხარეს ან, რომ ირღვეოდა მისი კანონიერი უფლება და იზღუდებოდა ინტერესი, ასეთი მტკიცებულება შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე მხარეს არ წარმოუდგენია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «ბ-მა», რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შემდეგი საფუძვლით:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ გაითვალისწინა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების არცერთი საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში სადავო აქტის მიმართY მოქმედებადა ამავე ნორმის 1-ლი ნაწილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს «ბ-ის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად მისი გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაზეც კერძო საჩივრის ავტორს არ წამოუყენებია დასაბუთებული პრეტენზია, კერძოდ:

საქმის მასალების მიხედვით, შპს ,,ბ-მა’’ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხედ დაასახელა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (აქტის მიმღები ორგანო და თარიღი მითითებული არ არის) ბათილად ცნობა მოითხოვა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე შპს ,,ბ-მა’’ მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარში მოწინააღმდეგე მხარედ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაა მითითებული. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2010 წლის 27 ივლისის ¹295 ბრძანებით ხელვაჩაურის რაიონის გამგეობასა შპს «ბ-ს» შორის 2006 წლის 04 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების კანონიერი საფუძვლების დადგენის მიზნით, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 07 სექტემბრის ¹01-48/78 ბრძანებით შეწყვეტილ (მოშლილი) იქნა შპს «ბ-ს» შორის 2006 წლის 04 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 24 მარტის ¹34 დადგენილება. ეთხოვა ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები და გააუქმოს შპს «ბ-ის» საკუთრების უფლება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ .......-ში მდებარე 1 100 კვმ და 850 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები მითითებული მიწის ნაკვეთების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის მიზნით. ბრძანება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შპს «ბ-ის» ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოპასუხედ არ დაუსახელებია, მოპასუხედ მიუთითა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მოითხოვა გასაჩივრებული ბრძანების იმ ნაწილის მოქმედების შეჩერება, რომლითაც სადავო აქტი დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა. ასევე, შპს «ბ-ის» მიერ მოპასუხედ დასახელებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არ გამოუცია ბრძანება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არის მიქცეული.

საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი ავტომატურად არ ჩერდება, ანუ სარჩელის სასამართლოში შეტანა არ ატარებს სუსპენზიურ ეფექტს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე, კერძოდ, შპს «ბ-ი» ითხოვს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 07 სექტემბრის ¹01-48/78 ბრძანების (ბრძანება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად), შეჩერებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სარჩელის მიღება სასამართლიში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ ჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რომ ზემოაღნიშნული აკრძალვა სასამართლოს, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, არ ართმევს შესაძლებლობას, მხარის მოთხოვნით შეაჩეროს ზემომითითებული სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.

მიუხედავად სასამართლოსათვის მინიჭებული უფლებისა, შეაჩეროს აქტის მოქმედება, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული უფლების გამოყენებისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს როგორც მხარის ინტერესი, ისე ის თანმდევი შედეგი, რაც, შესაძლოა, მოჰყვეს აქტის შეჩერებას, ვინაიდან აქტის შეჩერება ნიშნავს მისი მოქმედებისა და ყველა სამართლებრივი შედეგის გადადებას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

განსახილველ კერძო საჩივართან მიმართებაში საკასაციო სასამართლო გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა დასაბუთებულია, კერძოდ, სადავო აქტის თანახმად, აქტით განსაზღვრულ სადავო ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას და განვითარდეს საკურორტო ინფრასტრუქტურა, რაც მაღალ საჯარო და საზოგადო ინტერესს წარმოადგენს, ბრძანების აღსრულების დაყოვნება კი გააჭიანურებს მითითებული მიზნების განხორციელებას, რაც ზიანს მიაყენებს, რგორც საზოგადო ასევე საჯარო ინტერესებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დავის საგნიდან გამომდინარე, არ არის დასაბუთებული, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაუდებელი აღსრულებით, არსებითი ზიანი ადგება მხარეს ან, ირღვევა მისი კანონიერი უფლება და იზღუდებოდა ინტერესი, შესაბამისად სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და სადავო აქტის შეჩერების პროცესუალური და მატერიალური წინამძღვრები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს «ბ-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.