საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1321-1280კ-08) 16 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ბ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.09.08წ. გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 17.11.08წ. განჩინებით ბ. გ-ს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე. აღნიშნული განჩინების კასატორისათვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვეოდა, რომ კასატორს ხსენებული განჩინება ჩაჰბარდა 20.12.08წ., ხოლო კასატორმა 29.12.08წ. შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდისაგან გათავისუფლება, ვინაიდან არის 77 წლის, დაუძლურებული ავადმყოფი და პენსიის გარდა, არავითარი შემოსავალი არ გააჩნია, ჰყავს 6 სულიანი ოჯახი და არავინ არ მუშაობს, რის გამოც მისთვის შეუძლებელია სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 08.01.09წ. განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 17.11.08წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. ბ. გ-ს მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ, უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის გადახდის ქვითარი ან უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა მის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულია იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, ხოლო 47-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებას სასამართლოს მიერ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლოს ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. მოცემულ შემთხვევაში ბ. გ-ის მიერ არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, გაეთავისუფლებინა იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ბ. გ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ 08.01.09წ. განჩინება 03.02.09წ. ჩაჰბარდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. კასატორ ბ. გ-ის მიერ 06.02.09წ. წარმოდგენილ იქნა ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ...... ტერიტორიული ორგანოდან, რომლითაც დასტურდება, რომ ბ. გ-ი ცხოვრობს ბორჯომის რაიონის სოფელ .... და მისი ოჯახი შედგება 6 სულისაგან, აგრეთვე მისი და მისი მეუღლის საპენსიო მოწმობები. აღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნიან სსსკ-ის 46-ე და 47-ე მუხლების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებს, რის გამოც ბ. გ-ის შუამდგომლობა ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.