Facebook Twitter

ბს-1722-1676(2კ-08) 11 მარტი, 2009 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ. მ.-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

27.11.07წ. დ. მ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელემ მოპასუხე თავდაცვის სამინისტროსათვის 1985 ლარისა და 19 თეთრის გადახდის დაკისრება მოითხოვა. გარდა ამისა, დ. მაჩიტაძემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ ითხოვდა თავდაცვის სამინისტროსათვის დავალიანეის დროულად აუნაზღაურებლობის შედეგად მიყენებული ზიანის, 3000 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯების 500 ლარის დაკისრებას.

22.01.07წ. დ. მაჩიტაძემ სასამართლო სხდომაზე, თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2007 წლის 28 დეკემბრის ¹3-11/10395 ცნობის საფუძველზე, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და სახელფასო დავალიანების, 1035 ლარისა და 15 თეთრის ნაცვლად მოითხოვა მოპასუხისათთვის 2043 ლარისა და 39 თეთრის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.01.08წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სახელფასო დავალიანების სახით 1035 ლარისა და 15 თეთრის გადახდა, დ. მ.-ს უარი ეთქვა დავალიანების დროულად აუნაზღაურებლობის შედეგად მიყენებული ზიანის, 3000 ლარსა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯის, 500 ლარის ანაზღაურებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ. მ.-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ. მ.-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და დ. მ.-მ. კასატორმა დ. მ.-მ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 08 აპრილის განჩინების გაუქმება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის დაკისრებაზე მოსარჩელისათვის უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის ანაზღაურების დაკმაყოფილების ნაწილში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად, ხოლო დ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის ანაზღაურების დაკმაყოფილების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და განხილული იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის, 572 ლარისა და 89 თეთრის, ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე;

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დ. მ.-ის სასარგებლოდ ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. დ. მ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.