კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1726-1680(კს-08) 16 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა რ. ს-ის, ო. ს-ის, ნ. ნ-ისა და ვ. ზ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე მოწინააღმდეგე მხარე ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ.
2008 წლის 10 მარტს რ. ს-ემ, ო. ს-ემ, ნ. ნ-ემ და ვ. ზ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ და მოპასუხის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლებით მოსარჩელეებისათვის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ს-ის, ო. ს-ის, ნ. ნ-ისა და ვ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება რ. ს-ემ, ო. ს-ემ, ნ. ნ-ემ და ვ. ზ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით რ. ს-ის, ო. ს-ის, ნ. ნ-ისა და ვ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს რ. ს-ემ, ო. ს-ემ, ნ. ნ-ემ და ვ. ზ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვეს.
საკასაციო სასამართლო გაეცნო რ. ს-ის, ო. ს-ის, ნ. ნ-ისა და ვ. ზ-ის კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ხსენებული კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლები კერძო საჩივრის საკითხებს ეხება. ხსენებული კოდექსის 417-ე და 420-ე მუხლების თანახმად, კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, რომელიც მის განხილვას აწარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესით (420-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მის მიერ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინებაში მიუთითა, რომ რ. ს-ის, ო. ს-ის, ნ. ნ-ისა და ვ. ზ-ის კერძო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის ქვითარი. ამასთან, საქმეში არ იყო რ. ს-ის მიერ რ. ბ-ისა და თ. ჭ-ის სახელზე გაცემული სპეციალური უფლებამოისლების დამადასტურებელი მინდობილობა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებები მიიჩნია ხარვეზად და კერძო საჩივრის ავტორებს დაევალა ხარვეზის შესახებ 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის ქვითარი და რ. ს-ეს წარმოედგინა რ. ბ-ისა და თ. ჭ-ის სახელზე გაცემული სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. კერძო საჩივრის ავტორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი რ. ს-ეს, ო. ს-ეს, ნ. ნ-ეს, ვ. ზ-ს, ასევე მათ წარმომადგენელს _ თ. ჭ-ეს ჩაჰბარდათ 2009 წლის 13 იანვარს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურათ 2009 წლის 23 იანვარს. რ. ს-ემ, ო. ს-ემ, ნ. ნ-ემ და ვ. ზ-მა მათთვის მიცემულ ვადაში არ შეავსეს 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მათ არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება რ. ს-ის, ო. ს-ის, ნ. ნ-ისა და ვ. ზ-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 416-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს რ. ს-ის, ო. ს-ის, ნ. ნ-ისა და ვ. ზ-ის კერძო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.