ბს-1730-1684(კ-08) 11 მარტი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ზ. ბ.-ე, შ.Aგ.-ე, ქ. ა.-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (მოსარჩელე)
დავის საგანი – ცრუმაგიერი პირის დადგენა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) 2008 წლის მარტში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ზ. ბ.-ის, შ. გ.-ის, ქ. ა.-ის მიმართ და მოითხოვა დადგენა (აღიარება), რომ საქველმოქმედო ფონდი ,,...” და მოპასუხეები ზ. ბ.-ე, შ. გ.-ე, ქ. ა.-ე წარმოადგენდნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქველმოქმედო ფონდი ,,...”.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სარჩელი. დადგენილ იქნა, რომ საქველმოქმედო ფონდი «...» და მოპასუხეები _ ზ. ბ.-ე, შ. გ.-ე, ქ. ა.-ე წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ბ.-მ, შ.Aგ.-მ, ქ. ა.-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ზ. ბ.-ის, შ.Aგ.-ის, ქ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ. ბ.-მ, შ. გ.-მ, ქ. ა.-მ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, რომლითაც მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 91-ე მუხლი და უკანონოდ მიიჩნია დადგენილად, რომ კონკრეტულ ვითარებაში სახეზე იყო კანონით დადგენილი ის სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) უფლებამოსილი იყო სარჩელი აღეძრა ზ. ბ.-ის, შ.Aგ.-ის, ქ. ა.-ის წინაღმდეგ ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით.
კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიღო განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ზ. ბ.-ის, შ.Aგ.-ის, ქ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ. ბ.-ის, შ.Aგ.-ის, ქ. ა.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ზ. ბ.-ის, შ.Aგ.-ის, ქ. ა.-ის წარმომადგენელს, ლ. მ.-ს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი –300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70%_ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ზ. ბ.-ის, შ.Aგ.-ის, ქ. ა.-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე; ზ. ბ-ის, შ.Aგ.-ის და ქ. ა.-ის წარმომადგენელს ლ. მ.-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.