ბს-1732-1686(კ-08) 12 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ხ.-ის, ლ. ა.-ს, მ. ჩ.-ს, დ. დ.-ისა და ნ. ა.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 16 მაისს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა «...»-ის წევრებმა _ ნ. ხ.-მა, ლ. ა.-მ, მ. ჩ.-მ, დ. დ.-მ და ა. ა.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და გ. ვ.-ის მინდობილ პირს, ჯ. მ.-ს შორის 2006 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით _ გ. ვ.-მ შეიძინა შპს «ე.-ის» საწესდებო კაპიტალიდან გამოტანილი ქ. ქობულეთში, ...-ის ქ. ¹112-ში მდებარე სალაპარაკო პუნქტის 145 კვ.მ ფართის შენობა და მასზე წილობრივად დამაგრებული 153,8 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
მოსარჩელეთა განმარტებით, ზემოაღნიშნულ მისამართზე ამხანაგობა «...»-ის საერთო საკუთრების ეზოში, გ. ვ.-ის მიერ უკანონოდ იქნა დაწყებული უნებართვო მშენებლობა. 2008 წლის 5 მარტს გ. ვ.-ს ჩაჰბარდა შეტყობინება მშენებლობის შეჩერებისა და დემონატაჟის შესახებ, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2008 წლის 5 მარტის ¹1 ბრძანების საფუძველზე უკანონოდ მიშენებული ფართი ლეგალიზებულ იქნა.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ «ობიექტის ნაწილის ლეგალიზების შესახებ» ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2008 წლის 5 მარტის ¹1 ბრძანება გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული წესით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2008 წლის 14 აპრილს, რაც არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ გ. ვ.-ის მიერ განხორციელებული ქმედება აკმაყოფილებდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ¹660 ბრძანებულებით დამტკიცებული «პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის» მე-3 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული ბრძანება მიღებული იყო «პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ¹660 ბრძანებულების დარღვევით, კერძოდ, დარღვეული იყო ხსენებული ბრძანებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, სადაც მითითებული იყო, რომ წესის მოქმედება ვრცელდებოდა 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების მიმართ. ხსენებული უნებართვო მშენებლობა კი დაიწყო 2008 წლის მარტში. ამასთან, ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოში არ იქნა წარდგენილი ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო სიტუაციური გეგმა, საკადასტრო რუკა, სამშენებლო მოცულობის აზომვითი ნახაზი და დასკვნა კონსტრუქციული მდგომარეობის შესახებ.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ დარღვეული იყო ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ¹660 ბრძანებულების მე-7 მუხლის მოთხოვნები, სადაც მითითებული იყო, რომ შესაბამისი ორგანო ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში კი, ლეგალიზების შესახებ ბრძანება გამოცემულ იქნა ერთი თვის ვადაში, განცხადების წარდგენის დღიდან.
მოსარჩელეებმა ასევე მიუთითეს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 96-ე, 97-ე და 99-ე მუხლების დარღვევით, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული ის გარემოებები და ფაქტები, რომლებიც უნდა დაედოს საფუძვლად ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, არ მიეცათ დაინტერესებულ პირებს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, ხოლო თავად ადმინისტრაციულ აქტში არ იყო მითითებული გასაჩივრების წესი, მისამართი და ვადები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა «ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ» ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული აქტისა და «ობიექტის ნაწილის ლეგალიზების შესახებ» ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2008 წლის 5 მარტის ¹1 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა «...»-ის წევრთა _ ნ. ხ.-ის, ლ. ა.-ს, მ. ჩ.-ს, დ. დ.-ისა და ა. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა «....»-ის წევრებმა _ ნ. ხ.-მ, ლ. ა.-მ, მ. ჩ.-მ, დ. დ.-მ და ა. ა.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად გ. ვ.-ე ჩაება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა «...»-ის წევრთა _ ნ. ხ.-ის, ლ. ა.-ს, მ. ჩ.-ს, დ. დ.-ისა და ა. ა.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. ვ.-ის საკუთრებაში არსებული ბინის მიმდებარედ ლოჯიების საყრდენებით შექმნილი ფართი აშენებული იყო შენობის უკანა მხარეს 2007 წლის 1 იანვრამდე, ამიტომ სამართლებრივად საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ¹660 ბრძანებულებით მოთხოვნილი ლეგალიზაცია არ ეწინააღმდეგებოდა ხსენებულ წესს, მით უმეტეს, როდესაც ხსენებული წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდებოდა იმ მიშენებასა და დაშენებაზე, რომელიც არ გამოდიოდა შენობის ძირითად ფასადზე დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ აღნიშნული მიშენება და დაშენება დამატებით კვლევის გარეშე ექვემდებარებოდა ლეგალიზაციას. იმავე წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, იმ მიშენებასა და დაშენებაზე, რომელიც არ გამოდიოდა შენობის ძირითად ფასადზე, გადაწყვეტილებას მიიღებდა ავტომატურად ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლეგალიზების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების შეტანიდან მეორე დღეს არ არღვევდა ზემოხსენებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რადგან გადაწყვეტილების მიღება განცხადების შეტანიდან 30 დღის ვადაში არ გულისხმობდა გადაწყვეტილების აუცილებლად 30 დღის მიწურულს მიღებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინება ნ. ხ.-მ, ლ. ა.-მ, მ. ჩ.-მ, დ. დ.-მ და ა. ა.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრეს. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ხ.-ის, ლ. ა.-ას, მ. ჩ.-ას, დ. დ.-ისა და ა. ა.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 4 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 12 მარტამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ.-ის, ლ. ა.-ას, მ. ჩ.-ას, დ. დ.-ისა და ა. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან ნ. ხ.-ის, ლ. ა.-ას, მ. ჩ.-ას, დ. დ.-სა და ა. ა.-ს (ნ. ხ.-ის მეშვეობით) საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მათ უნდა დაუბრუნდეთ აღნიშნული თანხის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ ხ.-ის, ლ. ა.-ას, მ. ჩ.-ას, დ. დ.-ისა და ა. ა.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;
3. ნ. ხ.-ის, ლ. ა.-ას, მ. ჩ.-ას, დ. დ.-სა და ა. ა.-ს დაუბრუნდეთ მათ მიერ (ნ. ხ.-ის მეშვეობით) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.