ბს-1028-986(2კ-კს-09) 11 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ თ. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ დამატებითი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ბ-ძემ 2008 წლის 1 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დავალებოდა სამუშაოდან დათხოვნისას მიუღებელი თანხების ანაზღაურება, კერძოდ, ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების _ 7 440 ლარის, 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 3500 ლარის, 2005 წლის კადრების განკარგულებაში და კუთვნილ შვებულებაში ყოფნის პერიოდში დაკლებული თანხის _ 1727,5 ლარის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მივლინების თანხის _ 5390 ევროსა და ფორმის ტანსაცმლის კომპენსაციის _ 1010 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვისას, მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელის მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების (თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს თორმეტმაგი ოდენობის) _ 4320 ლარის, 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 3769 ლარის, 2005 წლის კადრების განკარგულებაში და კუთვნილ შვებულებაში ყოფნის პერიოდში დაკლებული თანხის _ 1727,5 ლარის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მივლინების თანხის _ 5390 ევროსა და ფორმის ტანსაცმლის კომპენსაციის _ 1010 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის - თ. ბ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა თ. ბ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების, თანხით - 4320 ლარის ოდენობით, ასევე სახელფასო დავალიანების - 2007,18 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელე თ. ბ-ძეს უარი ეთქვა 2005 წლის კადრების განკარგულებაში და კუთვნილ შვებულებაში ყოფნის პერიოდში დაკლებული თანხის მიკუთვნების ნაწილში უსაფუძვლობის გამო; ასევე _ კვების, ფორმის ტანსაცმლის კომპენსაციისა და სამივლინებო თანხის მიკუთვნების ნაწილში უარი ეთქვა ხანდაზმულობის გამო.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და თ. ბ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. ბ-ძის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა თ. ბ-ძის სასარგებლოდ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) თორმეტმაგი ოდენობისა და 1998-2000 წლების დარიცხული სახელფასო დავალიანების _ 2943,18 ლარის ანაზღაურება; თ. ბ-ძის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2009 წლის 27 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა თ. ბ-ძემ, რომელმაც მოითხოვა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანით ერთჯერადი (გამოსასვლელი) დაზუსტების ან დამატებითი გადაწყვეტილების მიღება ერთჯერადი (გამოსასვლელი) თანხის კონკრეტული ოდენობის _ 4320 ლარის მითითებით. განცხადების ავტორი თვლიდა, რომ გადაწყვეტილებაში თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრებული თანხის კონკრეტულად მიუთითებლობა შემდგომში გააძნელებდა გადაწყვეტილების აღსრულებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივნისის განჩინებით თ. ბ-ძეს უარი ეთქვა განცხადების მოთხოვნაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით წარდგენილი იყო კანონით დადგენილი _ გადაწყვეტილების გამოტანიდან 7-დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო განცხადების მოთხოვნა _ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იყო უსაფუძვლო, ვინაიდან არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარება ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) თორმეტმაგი ოდენობით, ხოლო გადაწყვეტილებით ასევე დგინდებოდა, რომ თ. ბ-ძის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა შეადგენდა 300 ლარს, ხოლო წოდებრივი _ 60 ლარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ბ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მიუხედავად მისი არაერთგზის მოთხოვნისა, სასამართლოს სხდომის ოქმი და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ ჩაბარებია. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ხელზე ჩაბარდა 2009 წლის 25 მაისს. ვინაიდან 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებაში არ იყო დაფიქსირებული კონკრეტული თანხა, მან 2009 წლის 27 მაისს მიმართა ამავე პალატას განცხადებით, გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანით დაზუსტებულიყო ან დამატებითი გადაწყვეტილების მიღებით მითითებულიყო ერთჯერადი (გამოსასვლელი) თანხის კონკრეტული ოდენობა _ 4320 ლარი.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნის ხანდაზმულობას და აღნიშნავს, რომ მის მიერ მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების ან გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების მოთხოვნით წარდგენილ იქნა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განჩინებით თ. ბ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თ. ბ-ძის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივნისის განჩინებით არსებითად სწორად გაეცა პასუხი თ. ბ-ძის 2009 წლის 27 მაისის განცხადებაში დაყენებულ მოთხოვნას და მიჩნეულ იქნა, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით წარდგენილი იყო კანონით დადგენილი _ გადაწყვეტილების გამოტანიდან 7-დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანისათვის არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე. ამავე კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი ადგენს სასამართლოს ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას თუ სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან (2009 წლის 25 მაისიდან) 2 დღის ვადაში წარდგენილ იქნა განცხადება გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით, რითაც მისი მხრიდან დაცული იყო კანონით დადგენილი 7 დღიანი ვადა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7-დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 6 მარტის სხდომის ოქმით (ტ. II, ს.ფ. 158-159), დგინდება, რომ თ. ბ-ძე ესწრებოდა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას მოსამართლემ დაასახელა კონკრეტული თანხა, რაც შემდეგ არ იქნა დაფიქსირებული გადაწყვეტილებაში. აღნიშნული მოსაზრების საწინააღმდეგოდ საქმეში არსებობს 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც საქმეზე მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იდენტურია და მასში ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების თანხის კონკრეტული ოდენობა დაფიქსირებული არ არის (ტ. II, ს.ფ. 160-161, 162-172). ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნის ვადის ათვლა ვერ დაუკავშირდება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების თ. ბ-ძისავის ჩაბარების ფაქტს და სააპელაციო პალატის მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების ხანდაზმულობაზე, მართებულია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 11 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ასეთ პირობებში, თუ სააპელაციო სასამართლო დააკმაყოფილებს მოთხოვნას _ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, მოსარჩელის მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო პალატას შეუძლია განსაზღვროს მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობა და მიუთითოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ბ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.